ბლინკენი: ირანი ვერასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს

შეერთებული შტატები არ გამორიცხავს არცერთ ზომას, რაც უზრუნველყოფს, რომ ირანმა ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება და რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია.

ამის შესახებ ამერიკის ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის (AIPAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ვალდებულება ისრაელის დასაცავად არის "ურყევი" და განხილვასაც არ ექვემდებარება.

მისი თქმით, ირანის რეჟიმი "რეგულარულად ემუქრება ისრაელელებს განადგურებით" და საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ უსაფრთხოებას.

"[ირანი] ახორციელებს აგრესიას მთელს რეგიონში და მის საზღვრებს მიღმაც კი. კერძოდ, რუსეთის არმიას უპილოტო საფრენი აპარატებით უზრუნველყოფს, რომლებსაც ის იყენებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად." - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ "ირანმა არ შეიძლება მიიღოს და ვერ მიიღებს ბირთვულ იარაღს" და ამისთვის ვაშინგტონი მზადაა გამოიყენოს დიპლომატიური გზა, ეკონომიკურ ზეწოლასთან და შეკავებასთან ერთად.

"თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, განიხილება ყველა ვარიანტი, რათა ირანმა არ მიიღოს ბირთვული იარაღი", - თქვა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები