ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ უერთდებიან
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის ახალი წევრები 31 მარტს გახდებიან, მაგრამ ევროპულ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმების თარიღი.
31 მარტიდან ბულგარეთში და რუმინეთში შენგენის წესები ამოქმედდება, მათ შორის შენგენის ვიზების გაცემა, ხოლო შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაუქმდება. თუმცა, ევროკავშირის საბჭოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის სხვა ქვეყნებს შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმების თარიღის დანიშვნაზე.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს შენგენის ზონაში გაწევრიანება საერთო სივრცეს უფრო მიმზიდველს გახდის, მსოფლიოში უდიდესი საერთო სივრცის მნიშვნელოვნად გაფართოებით შიდა საზღვრის კონტროლის გარეშე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: "ხვალ მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი უერთდებიან შენგენის ოჯახს. მივესალმები შიდა შემოწმების გაუქმებას საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე. ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა და ისტორიული მომენტი შენგენის ზონისთვის - ყველაზე დიდი თავისუფალი მიმოსვლის ზონისთვის მსოფლიოში. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას ყველა ჩვენი მოქალაქისთვის."
გასული წლის დეკემბრიდან ბულგარეთმა და რუმინეთმა მიიღეს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ შენგენის წესების შეუფერხებელი აღსრულება 2024 წლის 31 მარტიდან.
გარდა ამისა, დაიწყო პოლიციების რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა წევრ სახელმწიფოებს შორის დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მარშრუტების გასწვრივ, მათ შორის არის ბულგარეთი, რუმინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს შესაძლებელს გახდის ერთობლივად გადაიჭრას პრობლემები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ შეუერთდეს ქვეყანა სრულად შენგენის ზონას 2024 წლის ბოლომდე.