დასავლეთ სანაპიროზე ოსკარის მფლობელ პალესტინელ რეჟისორზე ფიზიკურად იძალადეს

ოსკარის მფლობელი დოკუმენტური ფილმის No Other Land-ის თანაავტორი, პალესტინელი რეჟისორი ჰამდან ბალალი, ებრაელი ახალმოსახლეების ჯგუფის თავდასხმის შედეგად დაშავდა.

ამ ინფორმაციას The Times of Israel სამშაბათს, თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, სოფელ სუსიაში, ათობით ებრაელი ახალმოსახლე ჩავიდა და მოსახლეობას, მანქანებსა და სახლებს ქვები ესროლა. მედიის ცნობით, პალესტინელებმა ასევე ქვების სროლით უპასუხეს.

შეტაკების შედეგად ოთხი პალესტინელი დაშავდა, სამი კი დააკავეს. დაკავებულთა და დაშავებულთა შორის იყო ჰამდან ბალალი, რომელსაც თავის არეში ქვა მოხვდა და დაზიანება ჰქონდა. 

ჰამდან ბალალი ჰებრონის საავადმყოფოში

ხუთი ამერიკელი აქტივისტის თქმით, რომლებიც ინციდენტის თვითმხილველები არიან, ბალალი ალყაში მოაქციეს და მას თავს დაახლოებით 15 შეიარაღებული ებრაელი ახალმოსახლე დაესხა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ისრაელელი სამხედოების ჯგუფი, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ სხვა ახალმოსახლეებთან ერთად მივიდა, რომლებიც ჰამდანს სახლამდე მიჰყვნენ.

"მოსახლეებმა მისი მანქანა ქვებით დალეწეს და ერთი საბურავი დაჭრეს. ყველა მინა ჩამტვრეულია," - თქვა მეორე მოწმემ.

ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტერორისტებმა" ისრაელის მოქალაქეებს ქვები დაუშინეს.

"თავდაცვის ძალების და ისრაელის პოლიციის ძალები შეტაკების დასაშლელად მივიდნენ, რა დროსაც რამდენიმე ტერორისტმა უსაფრთხოების ძალების მიმართ ქვების სროლა დაიწყო," - ნათქვამია განცხადებაში.

No Other Land-ის ერთ-ერთი რეჟისორი ბაზელ ადრა ვარაუდობს, რომ ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობა შეიძლება იყოს პასუხი პალესტინური კინოს საერთაშორისო აღიარებაზე.

"სოფელში მცხოვრებ პალესტინელებს ებრაელი ახალმოსახლეები ფიზიკურად თავს თითქმის ყოველდღიურად ეხმიან. ძალადობა იზრდება. შესაძლოა, ეს არის შურისძიება ფილმისა და ოსკარისთვის," - ივარაუდა მან.

No Other Land

No Other Land (სხვა მიწა არ არის - რედ.) არის 2024 წლის გამოსული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორებიც არიან პალესტინელი და ებრაელი აქტივისტები ბაზელ ადრა, ჰამდან ბალალი, იუვალ აბრაამი და რეიჩელ სორი, რომლებიც პალესტინურ დასავლეთ სანაპიროზე ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობას აღწერენ.

ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

პალესტინისა და ნორვეგიის ერთობლივი ფილმი შეირჩა პანორამის განყოფილებაში ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 16 თებერვალს შედგა, მოიგო პანორამა აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ბერლინალეს დოკუმენტური ფილმის ჯილდო.

2025 წლის მარტში, ოსკარის 97-ე დაჯილდოებაზე ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი მოიგო.

მსგავსი სიახლეები