ევროკავშირი უკრაინაში დიპლომატიურ მისიას არ ხურავს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი დიპლომატიური მისიები არ დაიხურება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის მზარდი საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სახელმწიფომ კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს.
"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ერთობლივად გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს უკრაინაში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე," - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. "ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება. ისინი კიევში დარჩებიან და გააგრძელებენ ევროკავშირის მოქალაქეების მხარდაჭერასა და უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას."
12 თებერვალს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის "დაუყოვნებლივ" დატოვებისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.
იმავე დღეს ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და მუშაობას აგრძელებს.