გაზრდილი ფასების გამო წელს გაზპრომმა რეკორდული მოგება მიიღო
ევროპაში ენერგომატარებლებზე რეკორდულად გაზრდილი ფასის გამო, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში რუსული სახელმწიფო კომპანიის, გაზპრომის მოგებამ რეკორდული 1.5 ტრილიონი რუბლი [$1.9 მილიარდი] შეადგინა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წლის მეოთხე კვარტალი უფრო მომგებიანი იქნება.
მიმდინარე 9 თვის მოგება უფრო მეტია, ვიდრე კომპანიის წლიური მოგება მისი არსებობის ისტორიაში. მაგალითად, გასულ წელს გაზპრომის ზარალმა დაახლოებით 200 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის ექსპორტის საშუალო ფასი 100 კუბურ მეტრზე 304 დოლარს გაუტოლდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
საინტერესოა, რომ ევროპაში გაზის გაყიდვით მიღებული სუფთა მოგება წლიურად 117%-ით არის გაზრდილი. გაზპრომში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ევროპული გაზის მოთხოვნის 53%-ს აკონტროლებენ.
შემოდგომაზე ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა - 30 აგვისტოს ფასი 600 დოლარი იყო, უკვე 15 სექტემბერს მაჩვენებელმა 970 დოლარს მიაღწია, თუმცა 6 ოქტომბერს ფასი კიდევ უფრო მეტად, რეკორდულ 1969 დოლარამდე გაიზარდა.
ევროპარლამენტარების ჯგუფმა გაზის ფასების ზრდაში გაზპრომი დაადანაშაულა. დეპუტატების თქმით, გაზპრომმა იყენებს შექმნილ ვითარებას, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს Nord Stream 2-ის საექსპლუატაციო ლიცენზია.