ჰონგ-კონგში ტიანანმენის მემორიალური ძეგლი მოხსნეს

 

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტმა მემორიალური ძეგლი მოხსნა, რომელიც ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის მსხვერპლებს ეძღვნებოდა.

„სირცხვილის სვეტი“ - ორტონიანი, რვა მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც 50 დასახიჩრებულ სხეულს გამოხატავს -  1989 წელს ჩინეთის ხელისუფლების მიერ მოკლულ სტუდენტ დემონსტრანტებს განასახიერებს.

ძეგლი ჰონგ-კონგში, რომელიც აქამდე პეკინისგან მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობდა, ტიანანმენის მოვლენებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ბოლო მემორიალს წარმოადგენდა.

ჰონგ-კონგური მედიის თანახმად, ძეგლის დემონტაჟი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოზე კენჭისყრით გადაწყდა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ტიანანმენის მემორიალური სკულპტურის აღება პეკინის მიერ ისტორიის გადაწერის კიდევ ერთი მცდელობაა. ჩინეთში 1989 წლის პრო-დემოკრატიული გამოსვლების შესახებ მეხსიერება ტაბუდადებულად ითვლება.

გასულ წელს ჩინელმა სამართალდამცავებმა 24 აქტივისტი დააკავეს ჰონგ-კონგის პარკში ტიანანმენის მოვლენების შესახებ ღონისძიების ჩატარების გამო.

 


2020 წელს პეკინმა ჰონგ-კონგში მასობრივი რეპრესიის კამპანია წამოიწყო. ახალი, ე. წ. „ეროვნული უსაფრთხოების“ კანონით ჰონგ-კონგში მნიშვნელოვნად შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები - მათ შორის შეკრების თავისუფლება.

თვითმმართველ ქალაქში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებში პრო-პეკინურმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მანამდე ჰონგ-კონგში საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რითაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქის საკანონმდებლო საბჭოში (LegCo) პოზიციები გაიმყარა.

მსგავსი სიახლეები