ჯონსონი: დარწმუნებული ვარ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს შობამდე მივიღებთ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კონგრესის ახალი სპიკერის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინისა და ისრაელის დახმარების ახალი პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ მაიკ ჯონსონმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კონგრესის სპიკერის თქმით, დარწმუნებულია, რომ კონგრესი შეძლებს უკრაინისა და ისრაელის დახმარების აქტების მიღებას საშობაო არდადეგებამდე. ჯონსონის თქმით, ამისთვის აუცილებელი იქნება რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილებებზე შეთანხმება. 

"ვფიქრობ მომდევნო დღეებში ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას",- განაცხადა ჯონსონმა. 

კონგრესის სპიკერის თქმით, არის დროის უკმარისობის განცდა და სწორედ ამიტომ კონგრესში უკვე მიმდინარეობს ორპარტიული მოლაპარაკებები - ჯონსონის ამბობს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა საკითხზე მომუშავე სენატორებთან. 

ჯონსონმა ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას პალატის ტოპ პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინისთვის კი კიდევ ერთი პრიორიტეტი. 

"ცხადია, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას მარშით გაიაროს ევროპაში, ჩვენ ვხვდებით უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკრაინა მიიღებს დახმარების ახალ პაკეტს, კონგრესის უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე, უნდა ვიმუშაოთ ჩვენი სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებაზე",- ამბობს ჯონსონი. 

კონტექსტი

27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი უკრაინისა და ისრაელის დახმარების ერთობლივი პაკეტის კენჭისყრაზე გამოტანას 4 დეკემბერს განიხილავს. 

წყაროს ცნობით, ამგვარად შუმერი ცდილობს კანონმდებლების დაჩქარებას, რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ კომპრომისს სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების საკითხზე, რომლის გამკაცრებას რესპუბლიკელების მიერ წაყენებული მთავარი წინაპირობაა. 

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, მისი ფრაქცია მზად არის კომპრომისებისთვის, თუმცა დასძინა, რომ რესპუბლიკელთა ზედმეტად ხისტმა პოზიციამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მთლიანი საკანონმდებლო პაკეტი. შუმერმა თანაპარტიელებს რესპუბლიკელეთან მეტი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები