კალამოისკი: ზელენსკი პრეზიდენტი მეორე ვადით უნდა გახდეს
უკრაინელი ოლიგარქი იგორ კალამოისკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ უნდა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ მან Украинская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ახლა ამ კითხვას მის გარდა ვერავინ უპასუხებს. ახლა არ ამბობს, რომ 100%-ით აპირებს. ახლა თუ იტყვის, რომ არ მიდის მეორე ვადაზე, ყველა დღესვე გაიფანტება. ქვეყანა ორი წელი როგორ უნდა მართოს? ხომ იცით მისი გარემოცვა, თუ იტყვის, რომ ყველაფრით დაიღალა... როგორ უნდა მართოს ქვეყანა? ახლა როგორ უნდა თქვას? პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია, მას ჯერ ყველაფერი არ გაუკეთებია. უკეთესი იქნება, თუ კენჭს იყრის", - თქვა ბიზნესმენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რა თქმა უნდა" მხარს უჭერს ზელენსკის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას.
"და ვინ მის ნაცვლად? ვინ, თუ არა ის? პეტკა (პეტრო პოროშენკო) დავაბრუნოთ?" - აღნიშნა კალამოისკიმ.
ჟურნალისტმა მას საპასუხოდ ზელენსკის პარტიის ყოფილი ლიდერის და უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერის, დიმიტრი რაზუმკოვის შანსებზე ჰკითხა.
"ეს რაზუმკოვი გინახავთ? უკრაინელებს არ უყვართ მოღალატეები. [ის] გააძევეს იმიტომ, რომ მოღალატეა", - თქვა უკრაინელმა ოლიგარქმა.
დიმიტრი რაზუმკოვი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეობიდან საპარლამენტო უმრავლესობასთან ანტი-ოლიგარქიულ საკანონმდებლო პაკეთან დაკავშირებული უთანხოების გამო გადადგა.