კამალა ჰარისმა 55 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ 55 მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა ActBlue-ს პლატფორმაზე. ამ ინფორმაციას Politico 22 ივლისს ავრცელებს.

განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ მან ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც ყოველდღიური რეკორდია 2024 წლისთვის.

თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის კამპანიას, ასევე სხვა დემოკრატ კანდიდატებს კონგრესის არჩევნებში.

"თანხის შემოდინება ასახავს ენთუზიაზმს დემოკრატიულ პარტიაში, რაც აქამდე ამ ციკლში არ გვინახავს," - აღნიშნავს Politico.

პლატფორმის მიხედვით, შეგროვებული თანხა 2020 წლის რეკორდზე დაბალია. მაშინ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ ბადერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ, ერთ დღეში 70.6 მილიონი დოლარი შეგროვდა.

ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ ის მოხსნის თავის კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებიდან.

სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ბაიდენმა პირობა დადო, რომ მალე მიმართავს ერს და დეტალებზე ისაუბრებს. მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ბაიდენმა მის შემცვლელად აშშ-ის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

"დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით გავაკეთოთ ეს!" - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

მოგვიანებით კამალა ჰარისმა გამოაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს პრეზიდენტად.

"ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ვაპირებ მოვიპოვო და მოვიგო ნომინაცია," - თქვა მან და აღნიშნა, რომ "ყველაფერს გააკეთებს, რათა გააერთიანოს დემოკრატიული პარტია და ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად."

მსგავსი სიახლეები