მასკი AFD-ს წევრებს: წარსულის დანაშაულები ზედმეტად დიდ ფოკუსს იმსახურებს
ელონ მასკის თქმით, გერმანიის წარსული დანაშაულები დღეს ზედმეტად დიდ ფოკუსს იმსახურებს და საჭიროა წინ მოძრაობა.
ამის შესახებ პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ულტრა-მემარჯვენე გერმანული პოლიტიკური პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) წევრებთან საუბარში განაცხადა.
უნდა ითქვას, რომ მასკს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დანაშაულებზე საუბრობდა, თუმცა მისი სიტყვები გაგებული იქნა იმგვარად, რომ ფრაზა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობდა.
"წარსულის დანაშაულებზე ზედმეტი ფოკუსირება ხდება, ჩვენ ამის მიღმა უნდა წავიდეთ. ბავშვები არ არიან პასუხისმგებლები მათ მშობლების, ან მათი დიდი ბებია-ბაბუების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. გერმანული კულტურით სიამაყე კარგია, გერმანული ფასეულობები კარგია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები არ დაიკარგოს გაურკვეველ მულტიკულტურალიზმში, რომელიც ყველაფერს რეცხავს"- განაცხადა მასკმა.
მასკის სიტყვებს ამერიკაში ებრაეული ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომენტარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღემდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა.
ელონ მასკი ბოლო თვეებში AFD-ის ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი გახდა და ღიად დაუჭირა პარტიის მხარი მარტში გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
ალტერნატივა გერმანიისთვის გახდა პირველი ულტრამემარჯვენე პარტია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომელმაც რეგიონალური არჩევნები მოიგო.
პარტია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გერმანიაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა გერმანიის პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტია მმართველი კოალიციის წევრი გახდება.