დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:54 | 29 ოქტომბერი, 2026 — ლიეტუვა

ლიეტუვა 2032 წლიდან მამაკაცების სავალდებულო სამხედრო გაწვევას დაიწყებს

ლიეტუვის თავდაცვის სახელმწიფო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფოსა და ეროვნული თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელები, ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება 2032 წლიდან შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის შემოღების შესახებ. ამ ინფორმაციას LRT ავრცელებს.

ვითარების არსი: პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ცვლილებების დასანერგად 2032 წელი იმისთვის შერჩა, რომ იმ დროისთვის მოესწროს ინვესტიციების ჩადება წვევამდელთა მეტი რაოდენობის ჯეროვან განთავსებასა და ინსტრუქტორების მომზადებაში.

  • "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საყოველთაო გაწვევა 2032 წლიდან შემოვიღოთ," - განაცხადა ნაუსედამ საბჭოს სხდომის შემდეგ.
  • მისი თქმით, გოგონებს კვლავ შეეძლებათ სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობით საფუძველზე გავლა.
  • ამჟამად შეიარაღებული ძალების რიგებში ყოველწლიურად 5 ათასზე მეტ ახალგაზრდა მამაკაცს იწვევენ.

სტრიქონებს შორის: ნაუსედას თქმით, საყოველთაო გაწვევის შემოღების შემთხვევაში, დემოგრაფიული სიტუაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოდგება სამსახურისთვის, ყოველწლიურად დაახლოებით 7.5 ათას ახალგაზრდას გაწვევენ.

  • მან ხაზი გაუსვა, რომ ასევე აუცილებელია წვევამდელთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლისა და რეზერვისტთა უნარების განახლების ბალანსირება, რათა ორივე ეს პროცესი მაღალ დონეზე მიმდინარეობდეს.
  • "ვფიქრობ, რომ ეს (გაწვევის შემოღება 2032 წლიდან - რედ.) ოპტიმალურია," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
  • მისი თქმით, ეროვნული თავდაცვის საბჭო დათანხმდა სამსახურის ვარიანტების სპექტრის გაფართოებას - მაგალითად, წვევამდელებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებად მომზადების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დახმარების ან მეხანძრეებად მუშაობის ნებართვის მიცემით.

დიდი სურათი: ნაწილობრივი გაწვევა ლიეტუვაში 2015 წელს აღდგა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

  • ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა იმავე დღეს დაუშვა მისი ქვეყნის მიერ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის საყოველთაო სამხედრო ვალდებულებაზე გადასვლის შესაძლებლობა 2030 წლიდან.
  • ცოტა ხნის წინ ლიეტუვაში ოპოზიციური პარტიის, "სამშობლოს კავშირი - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებმა წამოაყენეს წინადადება, რომ 2030 წლის 1 იანვრიდან შემოიღონ საყოველთაო გაწვევა.
  • ლიეტივის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მანამდე მხარი დაუჭირა საყოველთაო სამხედრო სამსახურის შემოღების იდეას, თუმცა მიაჩნია, რომ ამისთვის საჭიროა ჯეროვანი მომზადება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე