დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:08 | 29 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

ტრამპის შვილი მონღოლეთში პუტინთან დაკავშირებულ ბიზნესმენთან ერთად ნადირობდა - FT

დონალდ ტრამპ უმცროსმა ზაფხულს ორი დღე გაატარა მონღოლეთის შორეულ სანადირო ბანაკში უმარ კრემლიოვთან, კრემლთან ახლო კავშირების მქონე რუს ბიზნესმენთან ერთად. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ვითარების არსი: მანამდე ცნობილი გახდა, რომ კრემლიოვმა ნაწილობრივ დააფინანსა ტრამპ უმცროსის ქორწილი კარიბის ზღვის კერძო კუნძულზე.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისმა შვილმა კრემლიოვს ეს ხარჯები აუნაზღაურა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ProPublica-მ ამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
  • მათი ბოლო ცნობილი შეხვედრა დასავლეთ მონღოლეთში შედგა FT-ის მიერ ციტირებული ფრენების ჩანაწერებისა და ადგილობრივი გიდების ცნობით, სადაც ტრამპ უმცროსი ნადირობდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დაცვის თანხლებით.
  • კრემლიოვი ყაზახეთში გამართული კრივის პრესკონფერენციიდან მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, საიდანაც პირდაპირ ტრამპ უმცროსის ბანაკში გაემგზავრა.

სტროქონებს შორის: ამ მოგზაურობის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მონაწილემ FT-ს განუცხადა, რომ ტრამპ უმცროსი და კრემლიოვი სიფრთხილეს იჩენდნენ, რათა ერთად არ გადაეღოთ ფოტოები.

  • ტრამპ უმცროსის მონღოლური ექსპედიცია ნაწილობრივ დაფინანსდა საქველმოქმედო აუქციონით, სადაც გამარჯვებულმა მონაწილეებმა პრეზიდენტის შვილთან შეხვედრისთვის 140 ათას დოლარამდე გადაიხადეს.
  • ექსპერტებმა, მათ შორის აშშ-ის კონტრდაზვერვის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, FT-ს განუცხადეს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ოჯახისა და კრემლთან დაკავშირებულ პირებს შორის პირადი კონტაქტები უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს შეიცავს.

დიდი სურათი: კრემლიოვი უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო ალექსეი რუბეჟნის მეშვეობით, რომელიც პუტინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია.

  • ტრამპ უმცროსის წარმომადგენელმა FT-ს განუცხადა, რომ მისი მეგობრობა კრემლიოვთან "დიდწილად ეფუძნება ნადირობის, თევზაობისა და ბუნებაში დროის გატარების საერთო სიყვარულს."
  • "დონმა ნათლად განაცხადა, რომ მას უმართან პირადი მეგობრობა აკავშირებს და არა ბიზნესურთიერთობა... არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ისინი ამ წლის დასაწყისში ერთად წავიდნენ სანადიროდ," - ციტირებს გამოცემა ტრამპის წარმომადგენლის სიტყვებს.
  • კრემლიოვს, რომელიც კრივის საერთაშორისო ასოციაციას (IBA) ხელმძღვანელობს, FT-ის შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე