მელონის "ევროპელი კონსერვატორები" ევროპარლამენტის მესამე პოლიტიკური ჯგუფი გახდა
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა, "ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა" (ECR) 19 ივნისს 11 ახალი წევრის დამატება გამოაცხადეს და პარლამენტში სიდიდით მესამე ჯგუფი გახდნენ.
ამის შესახებ ECR წერს.
"ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს" მემარჯვენე პოპულისტური "ალიანსი რუმინელთა კავშირისთვის" ხუთი წარმომადგენელი შეუერთდა, ასევე სამი ფრანგი დეპუტატი, რომლებიც ერიკ ზემურის ულტრამემარჯვენე პარტიიდან წამოვიდნენ და თითო წარმომადგენელი ბულგარეთიდან, დანიიდან და ლიეტუვადან.
როგორც მანამდე მედია წერდა, ევროპარლამენტში არჩეული ვიქტორ ორბანის პარტიის, Fidesz-ის წარმომადგენლები ევროჯგუფს არ შეუერთდნენ.
ECR ჯგუფს ახლა სულ 83 ევროპარლამენტარი ჰყავს, რაც მას სიდიდით მესამე პოლიტიკურ ჯგუფად აქცევს მემარჯვენე ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიისა" და ევროპელი სოციალისტების შემდეგ. ლიბერალური ჯგუფი Renew-ს ამჟამად 80 მანდატი აქვს და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.
"ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" ლიდერი იტალიის პრემიერის, ჯორჯა მელონის პარტია "იტალიის ძმებია."
2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე პირველი ადგილი "ევროპის სახალხო პარტიამ" დაიკავა (190 მანდატით), ხოლო მეორეზე "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ - 136 დეპუტატით, ლიბერალურ "განახლებულ ევროპა" 80 დეპუტატი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია ევროპარლამენტში უმრავლესობა დააკომპლექტოს.