მოსკოვში ალიევმა და ფაშინიანმა იკამათეს
ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებული სხდომა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის პოლემიკით დასრულდა. ამის შესახებ Эхо Кавказа წერს.
კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს დასკვნითი გამოსვლა შეაწყვეტინა და გადაწყვიტა ეპასუხა ილჰამ ალიევის სიტყვებისთვის - "ზანგეზურის დერეფანი" და აღნიშნა, რომ ამით აზერბაიჯანი სომხეთს ტერიტორიულ პრეტენზიას უყენებს.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს [სამმხრივი] განცხადება ეხება მხოლოდ ერთ დერეფანს და ეს არის ლაჩინის დერეფანი, რომელიც რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უკანონოდ არის ბლოკირებული აზერბაიჯანის მიერ. მეორე მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი მზადაა განბლოკოს ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანი, რომელიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე, ჩვენ მას სომხურ გზაჯვარედინს ვუწოდებთ და ჩვენ მზად ვართ გავხსნათ რეგიონალური კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტისა და კანონების შესაბამისად", - თქვა ფაშინიანმა.
ალიევმა უპასუხოდ არ დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება: "რა თქმა უნდა, არ მსურს დებატების დაწყება, მაგრამ რადგან ჩვენ დაგვადანაშაულეს, რომ სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პრეტენზია არ გვაქვს. ძალიან უნდა ეცადო ან ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ჩემს სიტყვებში ტერიტორიული პრეტენზიები დაინახო. რაც შეეხება სიტყვა "დერეფანს", რომელიც მე გამოვიყენე, იგივე სიტყვა გამოვიყენე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმართ. დერეფნის დასახელება არანაირად არ არის ვიღაცის ტერიტორიის ხელყოფა."
პაშინიანსა და ალიევს შორის დაპირისპირება დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაქოს არ გადაუკეტავს ლაჩინის დერეფანი, არამედ იქ საგუშაგო შექმნა, ნიკოლ ფაშინიანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი და ბაქო ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.
"დერეფანი, გზა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაზეც ცოტა ხნის წინ ისაუბრეს როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომ არსებობს შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხზე - ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.