NYT: რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა
რუსეთის ფედერაცია ამჟამად არ არის მზად უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის, მაგრამ სამხედრო ოპერაციისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ The New York Times-მა 4 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
გამოცემის რამდენიმე წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაახლოებით 10 ათასი რუსი ჯარისკაცი გადაისროლა და ნახევარკუნძულზე დისლოცირებული ზოგიერთი სამხედრო ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წყაროები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ყირიმში რუსეთის გვარდიის ქვედანაყოფია გაგზავნილი, რომელიც შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად გამოიყენონ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ოპერაციისთვის მზადება შეინიშნება - სამხედრო ჰოსპიტლებისა და საკომუნიკაციო სისტემების განლაგება, თვითმფრინავების და დამატებითი სამხედრო შენაერთების გადაყვანა.
ექსპერტების აზრით, რუსეთს შეუძლია სამხედრო ოპერაციისთვის მზადება რამდენიმე კვირაში დაასრულოს. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან საკმარისი რაოდენობის სამხედრო პერსონალი ჰყავს, მაგრამ მიწოდების ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის.