პენტაგონი არ ადასტურებს, რომ რუსეთმა სოლედარი აიღო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი არ ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის სოლედარი რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს. Укринформ წერს, რომ ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
"ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლებს სოლედარის გარშემო, ისევე როგორც ბახმუტთან. ჩვენ ვერ დავადასტურებთ რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსეთის ძალებმა აიღეს." - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ქალაქის აღების შესახებ მედიაში გავრცელდა, თითქოს სოლედარს "ვაგნერი" აკონტროლებდა.
"მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ ოპერაციებს სოლედარის მიდამოებში და აგრძელებენ ბრძოლას", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
"ვაგნერის" მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ფოტო, სავარაუდოდ, სოლედარის მარილის მაღაროდან და წერდა, რომ ქალაქის მთელი ტერიტორია ბოევიკების კონტროლის ქვეშ იყო.
ამავდროულად, 11 იანვრის საღამოს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლედარში ბრძოლები გრძელდება, ხოლო ბახმუტის მიმართულებით, ოკუპანტები ცდილობდნენ კონტროლი დაემყარებინათ უკრაინელი სამხედროების მომარაგების მარშრუტებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოლედარს უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ.