პენტაგონი: დონბასში რუსეთის ძალები დასახულ გრაფიკს 2 კვირით ჩამორჩებიან
უკრაინაში შეჭრის მომენტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს და ამ დროისთვის დონბასის ფრონტზე დასახულ გრაფიკს 2 კვირით ჩამორჩებიან. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის უწყებაში გამართულ ანონიმურ ბრიფინგზე განაცხადეს. პენტაგონის მაღალჩინოსნის შეფასებას უკრაინული რადიო თავისუფლება ავრცელებს.
"რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხედავს, რომ ძალების ზრდის მიუხედავად, ისინი განიცდიან დანაკარგებს და მათი შესაძლებლობები მუდმივად მცირდება", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ძირითადად საუბარია რუსეთის საარტილერიო შესაძლებლობებზე. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში დასახულ ვერცერთ ძირითად მიზანს ვერ მიაღწია:
"ჩვენი შეფასებით რუსეთის არმია დასახულ გეგმებს დაახლოებით 2 კვირით ჩამორჩება როგორც დონბასში, ასევე სამხრეთში. ჯერჯერობით რთული სათქმელია როგორ განვითარდება ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია".
წარუმატებლობების მიუხედავად, პენტაგონში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ პუტინმა სტრატეგიული მიზნები შეცვალა.
„ჩვენი შეფასებით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, რომელშიც მას დონბას[ის დაკავებაზე] მეტის მიღწევა სურს“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ევრილ ჰეინსმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.