პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ორბანი საჯაროდ პირველად გამოჩნდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადადგომა უნგრეთისთვის „კოშმარი“ იყო და 2024 წელი „ამაზე უარესად ვერ დაიწყებოდა“.
„კატალინ ნოვაკის გადადგომა სწორი იყო, თუმცა უნგრეთისთვის დიდ დანაკლის წარმოადგენს. რაც მოხდა არის ის, რაც ამ ვითარებაში უნდა მომხდარიყო. კარგი ადამიანები ცუდ გასაწყვეტილებებს იღებენ“, - ვიქტორ ორბანი.
10 თებერვალს კატალინ ნოვაკმა, მოზარდებზე სექსუალურ ძალდობაში მსჯავრდებული ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მოადგილის შეწყალების გამო, პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
მან პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის მაისში დაიკავა. 2020-2021 წლებში ნოვაკი საოჯახო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ 2004-2016 წლებში მინიმუმ 10 მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვის გამო, დირექტორის მოადგილეს 2018 წელს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კატალინ ნოვაკმა სექსუალურ ძალადობაში თანამონაწილეობისთვის მსჯავრდებული 2023 წლის აპრილში შეიწყალა.
კრიტიკის ქარცეცხლში ნოვაკის გარდა, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგაც მოექცა, რომელიც შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
აღსანიშნავია, რომ იუდით ვარგამ საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კატალინ ნოვაკისა და იუდით ვარგას გადადგომის შემდეგ, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათმა გადადგომამ პრემიერ-მინისტრი შესაძლო სკანდალისგან და პოლიტიკური ძალაუფლების შერყევისგან იხსნა.
„დემოკრატიულმა კოალიციამ“, უნგრეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, კატალინ ნოვაკის მემკვიდრის მმართველი პარტიის მიერ დანიშვნის ნაცვლად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
ფერენც გიურჩანმა, 2004-2009 წლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორბანის ორი უახლოესი მოკავშირის თანამდებობიდან გადადგომა, საქმის დასახურად საკმარისი არ არის.