რუსებმა კიევი დაბომბეს: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა - 4
კიევზე 26 ივნისს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური Telegram-ზე იტყობინება.
"26 ივნისს, დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს კიევის ცენტრალური უბანი. სარაკეტო დარტყმამ დააზიანა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ხანძარი გაჩნდა სახლში, რომელმაც ნაწილობრივ გაანადგურა მეშვიდე, მერვე და მეცხრე სართულები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ოთხი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ქალი და ბავშვი ნანგრევებიდან გამოიყვანეს." - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ აღნიშნა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ რაკეტის მოხვედრის შემდეგ სახლიდან 25 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, ოთხი დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ბავშვი და დედა.
მერმა დასძინა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მანამდე ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.
დილით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში აფეთქებების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაკეტა კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მას ცეცხლი გაუჩნდა. ნაწილობრივ დანგრეულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე სართულები.