რუსეთის არმიამ ავდიივკის სამხრეთით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა

რუსეთის არმიამ ავდიივკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლის დაკავება შეძლო, რომელზეც ე.წ. ინდუსტრიული ზონაა განთავსებული. 

საომარი მოქმედებების ადგილიდან გავრცელებული კადრები შესაძლოა უკრაინის მხარეს საბრძოლო მასალების დეფიციტზე მეტყველებდეს. 

რუსეთის არმიის წინსვლას ავდიივკის სამხრეთში ადასტურებს უკრაინული ანალიტიკური პროექტი Deep State - პროექტის განახლებული რუკის მიხედვით, 23 ნოემბრიდან საოკუპაციო არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ამ მიდამოებში 0.8 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. 

მაღალი ალბათობით უკრაინელი მებრძოლები წინასწარ გამზადებულ საფორტიფიკაციო ნაგებობში გამაგრდებიან, რომელიც ასევე მნიშვნელოვან სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა ინდუსტრიული ზონის დაკავება უკრაინული წყროებისვე ცნობით, მნიშვნელოვნად დაასუსტებს ЗСУ-ს თავდაცვით პოტენციალს. 

კონტექსტი 

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას გულისხმობს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

მსგავსი სიახლეები