საფრანგეთის შს მინისტრი: ევროპაში ისლამისტური ტერორიზმის განახლების რისკი არსებობს
ევროპაში "ისლამისტური ტერორისტული" საფრთხის "განახლების" რისკი არსებობს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.
Agence France-Presse-თან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მისი თქმით, "ევროპელებისთვის და საფრანგეთისთვის უპირველესი რისკი სუნიტური ისლამისტური ტერორიზმია."
დარმანინმა შეერთებული შტატებში რასისტული მოტივებით თეთრკანიანთა მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებზეც ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამერიკელებმა არ უნდა დაივიწყონ "ის, რაც ჩვენთვის უმთავრეს საფრთხედ გვეჩვენება ევროპაში", რაც მინისტრის თქმით, სუნიტური ტერორიზმია.
მან ასევე ხაზი გაუსვა "ბატაკლანის ტიპის თავდასხმების" რისკს, რაშიც ის 2015 წელს პარიზის თავდასხმებს გულისხმობს, როდესაც 130 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 90 ბატაკლანის თეატრში.
საფრანგეთში ბოლო წლებში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, მათ შორის, 2021 წელს პოლიციელის დანით დაჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს დანებდება ისლამისტურ ტერორიზმს.
AFP-სთან ინტერვიუში ფრანგმა მინისტრმა ასევე აშშ-ის ავღანეთიდან გასვლა გააკრიტიკა და ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის რისკზე გაამახვილა ყურადღება.