სტოლტენბერგი: ნატოს მთავარი პრიორიტეტია მეტი ანტი-საჰაერო სისტემები უკრაინას
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 15 ნოემბერს უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
"ნატო და ნატო-ს მოკავშირები ეხმარებიან უკრაინას. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავდაცვის უფლების რეალიზებაში, რომელიც გაერთიანებული ერების წესდებაშია გაწერილი. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და რუსეთის უკანონო და აგრესიული ომის წინააღმდეგ. ამ დროისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მივაწოდოთ უკრაინას მეტი ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემა",- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსში გავრცელებულ შეხედულებას, რომ რუსეთის მოკავშირეებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
კონტექსტი
15 ნოემბერს რუსეთის არმიამ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო შეტევების უდიდესი ნაწილი კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებზე მოდის, თუმცა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის დასავლეთ ნაწილსა და უმსხვილეს ქალაქებში.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, უკრაინის მიმართულებით ჯამურად 100-მდე რაკეტა გაისროლეს, მათი ნაწილი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გააუნებელყვეს, თუმცა მიყენებული ზიანი რიგ შემთხვევებში კრიტიკულია.
საჰაერო განგაში მუშაობდა უკრაინის ყველა რაიონში - აქამდე ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშად 10 ოქტომბერი მიიჩნეოდა, როდესაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე 84 რაკეტა ჩამოვარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 75 რაკეტის განეიტრალება შეძლეს.