სტოლტენბერგმა რომის პაპს უპასუხა: უკრაინას იარაღი სჭირდება და არა თეთრი დროშები
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რომის პაპ ფრანცისკეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობა" უნდა ჰქონდეს და მზად იყოს მოლაპარაკებისთვის.
სტოლტენბერგის თქმით, "თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მშვიდობიანი, გრძელვადიანი გადაწყვეტის მიღწევას (უკრაინის ომის - რედ.) მოლაპარაკებების გზით, მაშინ მისკენ გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის."
მან აღნიშნა, რომ "რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან."
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი სიტყვები, რომ ახლა არ არის უკრაინის "თეთრ დროშებზე" ლაპარაკის დრო, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა: "ახლა არ არის დრო ვისაუბროთ უკრაინელების კაპიტულაციაზე. ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის."
რომის პაპმა ფრანცისკემ ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს "თეთრი დროშის გამბედაობა" და მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. შემდგომ კომენტარში ვატიკანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პონტიფიკოსის განცხადება არ იყო უკრაინის კაპიტულაციის მოწოდება.
პაპის სიტყვებმა ფართო რეზონანსი და მრავალი კრიტიკული კომენტარი გამოიწვია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რომის პაპმა უნდა მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის თხოვნით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რომის პაპს უპასუხა, რომ უკრაინის დროშა თეთრი კი არა, ლურჯი და ყვითელია.