სუნაკი: ბრიტანეთი რუსეთიდან ბრილიანტის, სპილენძის და ნიკელის იმპორტს აკრძალავს
დიდი ბრიტანეთი სანქციების ახალი ტალღის ფარგლებში აკრძალავს რუსული ბრილიანტებისა და რიგი ლითონის მიწოდებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 19 მაისს განაცხადა.
სუნაკმა დააზუსტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოიცავს რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინის და ნიკელის იმპორტის აკრძალვას.
დიდი ბრიტანეთი ასევე ახალ ინდივიდუალურ სანქციებს ამზადებს 86 ადამიანისა და კომპანიის წინააღმდეგ, რათა შემდგომი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და მის მხარდამჭერებზე.
კონკრეტულად როდის დაწესდება ახალი სანქციები, ბრიტანეთის პრემიერმა არ დააკონკრეტა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოელის, რომ დიდი შვიდეულის (G7) წევრები, ისევე როგორც ევროკავშირი, მსგავს სანქციებს დააწესებენ.