"თავისუფლება უფასო არაა" - ესტონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

24 თებერვალს ესტონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

ამ დღის აღსანიშნავად, ტალინს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვივნენ.

მათ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კაია კალასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაში.

რამდენადაც წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავს დაემთხვა, სამივე ლიდერმა ისაუბრა უკრაინის შესახებ.

"თავისუფლება უფასო არაა. ჩვენ მისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ," - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანახმად, "ურისკო ვარიანტი არ არსებობს და ყველაზე დიდი რისკი ის იქნება, თუ პუტინი მოიგებს."

"რადგან ამ შემთხვევაში ავტორიტარი ლიდერები მიიღებენ გზავნილს, რომ ძალის გამოყენებით რასაც უნდათ, ყველაფერს მიაღწევენ," - განაცხადა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.

კაია კალასის თქმით, "დღეს უკრაინელები უპრეცედენტო სიმტკიცესა და გამბედაობას აჩვენებენ".

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ტყვიებისა და უკრაინისთვის სხვა სახის სამხედრო დახმარების ერთობლივად შეძენისკენ მოუწოდა.

"თუ რუსეთის მუქარებს დავყვებით, ბევრად სახიფათო სამყაროში გავიღვიძებთ," - თქვა კაია კალასმა.

ევროკავშირის მიერ ერთობლივი სამხედრო დახმარების შეძენაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა.

"დავუბრუნდებით ერთობლივ შესყიდვას, რათა უკრაინას დაუყოვნებლივ მივაწოდოთ სამხედრო დახმარება", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი სიახლეები