თებერვალში ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
თებერვალში ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია მანევრების დაწყების ზუსტი თარიღი.
"ილაპარაკეთ და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ მერე არ დაგვადანაშაულონ, რომ თითქოს არსაიდან ჯარები შევკრიბეთ და ომის დაწყებას ვაპირებთ",- თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს განმარტებით, დღეს უკვე ნათელია, რომ დასავლეთ ბელარუსში, ე.წ. ბელარუსული აივნის ტერიტორიაზე აუცილებელია სამხედრო წვრთნების ჩატარება.
ლუკაშენკოს თქმით, წვრთნების აუცილებლობისა და მისი ჩატარების პირობების შესახებ ის უკვე დეკემბერში შეუთანხმდა ვლადიმირ პუტინს. ბელარუსის დიქტატორი ამბობს, რომ ამ სწავლებებზე წარმოსახვითი მოწინააღმდეგეები ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინაა.
ბელარუსის გენშტაბით უფროსის მოადგილის, პაველ მურავეიკოს თქმით, წვრთნები "მოკავშირეთა სიმტკიცის" სახელწოდებით ჩატარდება:
"წვრთნები წარმოადგენს პასუხს ევროპის სახელმწიფოების დაჩქარებულ მილიტარიზაციაზე."
სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით - ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მკვეთრადაა გაზრდილი სამხედროების რიცხვი.
სხვადასხვა მონაცემებით უკრაინის საზღვრის მახლობლად, 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა დისლოცირებული. დასავლურ მედიაში გავრცელებეული რუსეთის საიდუმლო გეგმების მიხედვით, უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთ ვერსიად ბელარუსიდან შეტევაც განიხილება.