ტრამპთან შეხვედრის ადგილად კრემლი საუდის არაბეთსა და საამიროებს განიხილავს
ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის ადგილად კრემლი საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს - გასულ კვირებში რუსმა მაღალჩინოსნებმა ეს ქვეყნები მოინახულეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
მასალაში აღნიშნულია, რომ კრემლის წარმომადგენელები თანმიმდევრულად უარყოფენ ნებისმიერ კონტაქტებს თეთრ სახლთან, მათ შორის ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ორგანიზების შესახებ, თუმცა სავარაუდო შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპი მათი წყაროების ცნობით აქტიურად მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სადაზვერვო უწყების ზოგი წარმომადგენელი ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინისა და ტრამპის შეხვედრას არაბულ მონარქიებში და ამის მიზეზად აშშ-სა და ამ სამეფოებს შორის მჭიდრო სამხედრო კავშირებს მიუთითებენ.
Reuters-ის მასალას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კომენტარი სენტ-ენდრიუსის საავიაციო ბაზაზე - აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა მოლაპარაკებები და სატელეფონო ზარები უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან.
დღეს, 3 იანვარს ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები უკვე დაგეგმილია.
საინფორმაციო სააგენტოსთან კომენტარისგან თავი შეიკავეს საუდის არაბეთისა და საამიროების საგარეო უწყებებმა.
კონტექსტი
საუდის არაბეთის კრონ-პრინცი, მოჰამად ბინ-სალმანი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელსაც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ დაურეკა. ბინ-სალმანი ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროსაც ახსენა და მას "ფანტასტიური ადამიანი" უწოდა.
ბინ სალმანთან კარგი ურთიერთობები აქვს ვლადიმირ პუტინსაც - რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წელს ვიზიტით იმყოფება ორივე მონარქიაში. გასულ წელს ვლადიმირ პუტინმა საუდის არაბეთს პრინცს მადლობა გადაუხადა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მრავალმხრივი გაცვლის ორგანიზებისთვის.
ბინ სალმანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობები გაღრმავდა OPEC+-ის ფორმატში, რამაც მსოფლიოში ნავთობის 2 უმსხვილეს ექსპორტიორის ენერგომატარებლებზე მათთვის ხელსაყრელი ფასების შენარჩუნების საშუალება მისცა.
იმავე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს მოუწოდა გაზარდონ ნავთობის მოპოვება, რაც შეამცირებდა ფასებს და დააჩქარებდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასრულებას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, არაბული მონარქიების ლიდერები არ მიემხრნენ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნეს კონტაქტები ვლადიმირ პუტინთან.
მათ ასევე, რეგულარული კონტაქტი აქვთ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.
ომის განმავლობაში რუსეთს რამდენიმეჯერ ეწვია გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, ზაიედ ალ-ნაჰაიანი, მათ შორის ბოლო გასული წლის ოქტომბერშიც, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ სამეფო მზად იყო მხარი დაეჭირა სამშვიდობო ინიციატივებისთვის.