უკრაინა მსოფლიო ბანკისგან $4.5 მილიარდს მიიღებს
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 4.5 მილიარდი დოლარის გრანტის გამოყოფის შესახებ. ამ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი 24 ნოემბერს ავრცელებს.
გრანტი აშშ-მ "უკრაინის მდგრადი საჯარო ადმინისტრაციისთვის საჯარო ხარჯების მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში გამოყო.
"ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის გუნდს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის და უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის. ეს საგრანტო თანხები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად. ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ხელფასების, სოციალური და საპენსიო ხარჯების დაფარვა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შეღავათების მიცემა აგრესორთან ბრძოლის კონტექსტში", - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.
25 ოქტომბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკმა დამატებით 500 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შემოჭრით გამოწვეული საგანგებო ხარჯების გადახდაში.