უკრაინამ კონტრიერიშისთვის 40-ათასიანი შენაერთი მოამზადა
უკრაინამ მოახლოებული კონტრიერიშისთვის 6 ქვედანაყოფისგან შემდგარი შენაერთი მოამზადა, რომელთა პირადი შემადგენლობა 40 ათასს აღემატება.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დანაყოფები მაღალი მოტივაციის მქონე მოხალისეებისგანაა დაკომპლექტებული, რომელთა რეკრუტირებაც უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ აქტიური სოციალური კამპანიის შედეგად გახდა შესაძლებელი.
აღნიშნული დანაყოფები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, მოხალისეებს შორის არიან ყოფილი პოლიციელებიც, ასევე ადამიანები სამხედრო გამოცდილების გარეშე.
კლიმენკო ამბობს, რომ გამოცდილების მქონე მოხალისეებისთვის წვრთნისთვის 2 თვეა საჭირო, მაშინ როდესაც გამოუცდელი მოხალისეებისთვის გასაწვრთნელად 4 თვეა საჭირო.
სულ 6 ქვედანაყოფია: "აზოვი", "ფოლადის საზღვარი", "ქარიშხალი", "სპარტელი" "რისხვა", "ზღვარი", "ჩერვონა კალინა" და "კარა დაგი" (საკრალური მნიშვნელობის მთა ოკუპირებულ ყირიმში).
"ფოლადის საზღვრის" მეთაური, ვალერი პადიტელია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლში გამაგრებული უკრაინელი მესაზღვრეების დანაყოფს მეთაურობდა. ქალაქისთვის მიმდინარე ბრძოლების დროს პადიტელი ტყვედ ჩავარდა და სამშობლოში ტყვეთა მორიგი გაცვლის ფარგლებში დაბრუნდა. პადიტელის თქმით, მისთვის უცნობია, თუ როდის და სად დაიწყება უკრაინის კონტრიერიში.
კონტექსტი
უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში მოსალოდნელ კონტრიერიშზე საუბრობენ. სწორედ ამ მიზნით გაიზარდა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობაც.
ბოლო თვეებში უკრაინამ მიიღო თანამედროვე ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და ბომბები, ასევე საარტილერიო ჭურვების გაზრდილი მარაგი. გარდა ამისა პოლონეთისა და სლოვაკეთისგან უკრაინამ მიიღო საბჭოთა წარმოების МиГ-ის ტიპის გამანადგურებლებიც.
უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათი მიზანი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა - ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. მოსალოდნელია, რომ სწორედ დონბასსა და ყირიმს შორის, რუსეთის სახმელეთო კორიდორის მიმართულებით განვითარდება უკრაინის ახალი კონტრიერიშიც.