გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 2012 წელს დაწყებული არაფორმალური დიალოგის გაგრძელებაა, თუმცა შეიცვალა მისი გეოგრაფია, საქართველოს წარმომადგენლის ინსტიტუციური სტატუსი და მოლაპარაკებების პოლიტიკური კონტექსტი.
19 ნოემბერს, მინსკში, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილმა, მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები ორივე ქვეყნის ოფიციალურმა უწყებებმა გაავრცელეს:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და რეგიონში უსაფრთხოების გარემო;
- ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მის როლს რუსეთთან არსებული გადაუჭრელი საკითხების განხილვაში;
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე „აზრთა საფუძვლიანი გაცვლა“ შედგა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე;
- რუსული უწყების ცნობით, მხარეებმა რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს;
ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის. მხარეები შემდგომი კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.
ძველი ფორმატი, ახალი წარმომადგენლები
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ეს არხი 2012 წელს შეიქმნა. ე.წ. აბაშიძე–კარასინის ფორმატის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.
ფორმატის მიზანი იყო იმ საკითხების განხილვა, რომელთა მოგვარებაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე შეიძლებოდა. დღის წესრიგში შედიოდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები.
ამ მექანიზმის ფარგლებში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და ცალკეული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება.
ფორმატი თავიდანვე შეზღუდული იყო თავისი მანდატით: ის არ წარმოადგენდა 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ალტერნატივას და არ გულისხმობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების სტატუსის საკითხების გადაწყვეტას.
2026 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. ეს თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო. ზურაბაშვილს, რომელიც 2025 წლის ივლისიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს, ახალი ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობა საკანონმდებლო ცვლილებებით მიეცა.
აქ არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური განსხვავება წინა ფორმატთან შედარებით: ზურაბაშვილი ერთდროულად არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილე. შესაბამისად, რუსეთთან დიალოგში საქართველოს საგარეო უწყების მაღალი რანგის მოქმედი თანამდებობის პირი მონაწილეობს.
ეს ცვლილება თავისთავად არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, თუმცა დიალოგს უფრო მკაფიო ინსტიტუციურ სახეს აძლევს.
რატომ მინსკი და არა პრაღა?
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება მისი ადგილია.
2012 წლიდან აბაშიძე–კარასინის შეხვედრები პრაღაში იმართებოდა. 19 ნოემბრის შეხვედრა კი მინსკში შედგა. 2008 წლის ომის შემდეგ ეს ორი ქვეყნის წარმომადგენლების პირველი ორმხრივი შეხვედრა იყო ბელარუსის დედაქალაქში.
მინსკის არჩევანი განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების გათვალისწინებით. ბელარუსი მოსკოვის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ამიტომ შეხვედრის ადგილის ცვლილება მხოლოდ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებად არ უნდა განვიხილოთ. ის ცვლის იმ პოლიტიკურ გარემოსაც, რომელშიც თბილისსა და მოსკოვს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბელარუსი შეხვედრის მხოლოდ მასპინძელი არ ყოფილა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის.
მინსკის არჩევანს დამატებითი კონტექსტი აქვს. რუსეთი 2022 წლიდან ცდილობს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილიც შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში გადაიტანოს. მოსკოვი შვეიცარიას უკრაინის ომის კონტექსტში ნეიტრალიტეტის დაკარგვაში ადანაშაულებს და ალტერნატიულ ადგილად, მათ შორის, მინსკსაც განიხილავს.
ამ ინიციატივას თბილისი მანამდე ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, ორმხრივი დიალოგის მინსკში გადატანა იმავე პერიოდში ხდება, როდესაც მოსკოვი მრავალმხრივი მოლაპარაკებების გეოგრაფიის შეცვლასაც ცდილობს.
რა იცვლება მოლაპარაკებების დღის წესრიგში?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნისას რუსეთთან ურთიერთობის პრიორიტეტებად სამი მიმართულება დაასახელა:
- კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება;
- არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- ჰუმანიტარული დიალოგი;
ეს ფორმულირება წინა ფორმატის დღის წესრიგთან შედარებით უფრო ფართოა. აბაშიძე–კარასინის დიალოგის ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ და ეკონომიკურ საკითხებზე კეთდებოდა, ახალი წარმომადგენლის მანდატში კი პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც პირდაპირ შეიტანა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ცალკე არის ნახსენები რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. თუმცა განცხადება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს მხარეებმა ან რა შეთანხმებებს მიაღწიეს.
ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, შეიცვალა თუ არა მოლაპარაკებების ოფიციალური მანდატი ან დაიწყო თუ არა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ახალი ორმხრივი ფორმატით.
ჟენევის მოლაპარაკებები: პარალელური პროცესი?
ახალი დიალოგის მნიშვნელობის შესაფასებლად აუცილებელია მისი გამიჯვნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისგან.
ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მასში საქართველოსა და რუსეთის გარდა მონაწილეობენ აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება და ომის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული საკითხები.
19 ნოემბრის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 10-11 ნოემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, სამხედრო ძალების გაყვანისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები.
გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთთან ახალი დიალოგი ჟენევის ფორმატს არ ჩაანაცვლებს და ეს მექანიზმი უცვლელი დარჩება.
ამგვარად, ამ დროისთვის ორი განსხვავებული მოლაპარაკების არხი არსებობს: ერთი - ორმხრივი, პრაქტიკული ურთიერთობებისთვის; მეორე - საერთაშორისო შუამავლობით, ომის შედეგებისა და კონფლიქტის საკითხებზე.
თუმცა ამ ორი პროცესის პარალელურად განვითარება მნიშვნელოვანს ხდის კითხვას, როგორ განისაზღვრება მათი კომპეტენცია და ხომ არ შეეცდება რომელიმე მხარე მომავალში ორმხრივი დიალოგის გამოყენებას ჟენევის ფორმატზე გავლენის მოსახდენად?
ეკონომიკური ურთიერთობები და პოლიტიკური კონტექსტი
რუსეთთან დიალოგის განახლება იმ ფონზე ხდება, როდესაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვანი მასშტაბისაა.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ტურისტული ბაზარია. ამ ურთიერთობების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სახელდება.
ამავე დროს, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მოსკოვს დამატებით ბერკეტებს აძლევს თბილისთან ურთიერთობაში. ამის მაგალითი იყო 2026 წლის ოქტომბერში რუსეთის მხრიდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ნაწილის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რაც სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკურ მოწყვლადობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.
ამ კონტექსტში დიალოგის ახალი არხი მხოლოდ ეკონომიკური საკითხების ტექნიკური მართვის ინსტრუმენტი არ არის. ის იმ ურთიერთობის ნაწილია, რომელშიც ეკონომიკური ინტერესები, უსაფრთხოების საკითხები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ განიხილება. კობახიძის განცხადებით, ამის დაბრკოლებად კვლავ რჩება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
შესაბამისად, ახალი ფორმატის ამოცანა ოფიციალურად არ არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ იმ საკითხებზე კომუნიკაციის გაგრძელება, რომელთა მოგვარებაც ამ პოლიტიკური უთანხმოების პირობებში შესაძლებელია.
რა რჩება გაურკვეველი?
19 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება:
პირველი: რა კონკრეტული პრაქტიკული შეთანხმებები მიიღეს მხარეებმა? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეთანხმებების არსებობას ადასტურებს, თუმცა არ ასახელებს მათ შინაარსს.
მეორე: რამდენად ფართოა გიორგი ზურაბაშვილის მანდატი და გულისხმობს თუ არა ის კონფლიქტის საკითხებზე უშუალო მოლაპარაკებებს, თუ ეს მიმართულება კვლავ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში დარჩება?
მესამე: იქნება თუ არა მინსკი მომავალი შეხვედრების მუდმივი ადგილი და რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება დიალოგის პოლიტიკურ აღქმაზე?
და ბოლოს, როგორ შეინარჩუნებს თბილისი ერთმანეთისგან გამიჯნულ ორ პროცესს — რუსეთთან ორმხრივ პრაქტიკულ დიალოგსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეული საკითხების მოგვარებაა.