14:27 | 19 ნოემბერი, 2026 — აშშ
"თავს სულელად ვგრძნობ" - მასკი აშშ-ის არჩევნებში $446 მილიონის დახარჯვაზე
ილონ მასკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "თავს საკმაოდ სულელად გრძნობს" აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დახარჯული რეკორდული თანხის გამო, რასაც რესპუბლიკელების გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა.
ვითარების არსი: Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩევნების უმსხვილესი ინდივიდუალური დონორი იყო - მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პარტიის მხარდასაჭერად 446 მილიონი დოლარი დახარჯა, განსაკუთრებით ტეხასში, სადაც მასკის მრავალი კომპანიაა ბაზირებული.
- მასკმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებას, ასევე განაცხადა, რომ ის "არ არის MAGA" მოძრაობის ("გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული") წევრი.
- დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს - მათ მოიგეს როგორც მერყევი ოლქები, ისე ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს იმ ადგილებში, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ.
სტრიქონებს შორის: მასკი ონლაინ ფორმატში ჩაერთო New York Times-ის DealBook-ის სამიტზე - ნიუ-იორკში ჩატარებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერები ესწრებიან.
- "მე არ ვარ MAGA," - განაცხადა მასკმა მემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობაზე საუბრისას. "დარწმუნებული არ ვარ, რას ნიშნავს MAGA... თუ ეს გულისხმობს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკისადმი ერთგვარ ბრმა მორჩილებას, მაშინ მე ეს ნამდვილად არ მახასიათებს."
- ეს ტონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს მასკის მხრიდან, რომელიც წარსულში MAGA-ს კეპითაც გამოჩენილა.
- "მე მხოლოდ MAGA კი არა, ბნელი, გოთიკური MAGA ვარ," - იხუმრა მან 2024 წელს ტრამპის წინასაარჩევნო აქციაზე.
დიდი სურათი: თეთრ სახლში ტრამპის მეორე ვადის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში მასკი პრეზიდენტის უფროსი მრჩეველის პოზიციაზე მუშაობდა და ხელმძღვანელობდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE), რომლის მიზანიც სახელმწიფო ხარჯების შემცირება იყო.
- 2026 წლის ოქტომბერში პენტაგონმა მასკი დაასახელა მომავლის ომის წარმოების კვლევის, სახელწოდებით "პროექტ მერიდიანის" (Project Meridian) თანახელმძღვანელად, რა დროსაც ის განაგრძობდა ტრამპისთვის რჩევების მიცემას.
- მასკმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების კამპანიაზე დახარჯული ფულის სანაცვლოდ დიდი შედეგი ვერ დაინახა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ დაფინანსების გარეშე კანდიდატებს, სავარაუდოდ, უარესი შედეგი ექნებოდათ.
კონტექსტი: რესპუბლიკელების მასშტაბურმა მარცხმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მასკსა და მის ბიზნესებზე. სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მოსულმა დემოკრატებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ტექნოლოგიური კომპანიების კონტროლს, მათ შორის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის თვალსაზრისით.
- ჯორჯიის შტატში, სადაც SpaceX-ს მონაცემთა ცენტრები აქვს, ახლად არჩეულმა დემოკრატმა გუბერნატორმა პირობა დადო, რომ შეზღუდავს მათ მშენებლობას, ისევე როგორც იმ საგადასახადო შეღავათებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კომპანიები მათ ასაშენებლად ხშირად იღებენ.
- დემოკრატმა კანონმდებლებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება SpaceX-ის წინააღმდეგ, რომელმაც ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სამთავრობო კონტრაქტები მიიღო.