დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:42 | 19 ნოემბერი, 2026 — ჯაშუშობა

აშშ-ში დააკავეს რუსეთის ჯაშუში, რომელიც Palantir-ს უთვალთვალებდა

18 ნოემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სილიკონის მდელოს ტექნოლოგიურ კომპანიაზე თვალთვალის მცდელობისთვის რუსეთის მოქალაქე, იგორ დიუ დააკავეს.

Bloomberg-ისა და NBC-ის ინფორმაციით, თვალთვალის სამიზნე კომპანია Palantir-ი იყო.

ვითარების არსი: დიუს ბრალი ედება უცხო ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ შეთქმულებაში, შტატების საზღვრების კვეთით ადევნებასა და დოკუმენტების გაყალბებაში.

  • იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით, მისი ქმედებები დაკავშირებული იყო ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიის თანამშრომლებზე თვალთვალსა და ინფორმაციის შეგროვებასთან.
  • FBI-ისთვის ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენება დიუ ამბობს, რომ კურატორებმა აუხსნეს, თითქოს კომპანია უკრაინას იარაღს აწვდის.
  • ჩვენების მიხედვით, დიუ აშშ-ში არალეგალურად შევიდა მექსიკიდან, სადაც 7 ივნისს ჩაფრინდა.
  • FBI-ის მონაცემებით, მანამდე ის Telegram-ის მეშვეობით გადაიბირეს "აშშ-ში სამუშაოდ". დიუს თქმით, კითხვაზე, თუ ვისზე მუშაობდა, მას უპასუხეს: "სამშობლოზე".

ჩაშლილად: კურატორების დავალებით, დიუ პალო-ალტოში, კომპანიის ოფისთან მდებარე კაფეში თანამშრომლების ლეპტოპებს ფოტოებს უღებდა და თავის ჩართულ ლეპტოპს იქვე ტოვებდა, რათა კურატორებს მისი მეშვეობით თანამშრომლების მოწყობილობებიდან მონაცემები მოეპოვებინათ.

  • მოგვიანებით დიუმ Telegram-ში მიიღო ოთხი თანამშრომლის ფოტო მისამართებითურთ და დავალება - გადაცმულიყო კურიერად და გაერკვია, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი მითითებულ ადგილებზე.
  • 8 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკისას FBI-მ იპოვა ბლოკნოტი ათი მისამართით, რომელთაგან სულ მცირე ხუთი კომპანიის თანამშრომლებს ეკუთვნოდა, ასევე სამი მათგანის დოსიე.
  • ჩვენებაში ასევე აღწერილია, თუ როგორ მისდევდა 3 სექტემბერს დიუ მანქანით კომპანიის თანამშრომელ ქალს დაახლოებით 50 კმ-ის მანძილზე. ქალმა თვალთვალი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციელებთან გასაუბრების შემდეგ დიუმ მანქანა და ტელეფონი გამოიცვალა.
  • ჩხრეკისას დიუს ამოუღეს 18 ათასი დოლარი, ორი ლეპტოპი, ორი iPhone, ორი რუსული პასპორტი და ყალბი დოკუმენტები ჰიუგო ლენდრი ჯონსის სახელზე.

ფართო ხედით: გაჟონილი მონაცემების მიხედვით, რომლებიც რუსულმა მედია "აგენტსტვომ" შეისწავლა, 25 წლის დიუ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში დაიბადა.

  • ბავშვობაში ის გოლოდნიუკის გვარს ატარებდა, რომელიც ამჟამინდელი გვარით არაუგვიანეს 2011 წლის ნოემბრისა შეიცვალა.
  • მედიის ანალიზის თანახმად, დიუ რთულად აღსაზრდელი მოზარდების სპეცსკოლაში სწავლობდა, რამდენიმე წლის წინ გვარი შეიცვალა და გაკოტრებულად გამოცხადდა. გასულ წელს ის კამჩატკაზე დამხმარე მუშად, მოსკოვში კი მძღოლად ეძებდა სამსახურს.
  • გასული წლის ივლისში დიუმ HeadHunter-ზე განათავსა რეზიუმე, რომლითაც მოსკოვში ასისტენტის ან პირადი საოჯახო მძღოლის ვაკანსიას ეძებდა. უნარებს შორის მან მიუთითა „საქმიანი მიმოწერა, ორგანიზაციული უნარები და ინგლისური ენა“.

კონტექსტი: კომპანია Palantir-ის ტექნოლოგიებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

  • 2023 წელს Palantir-ის გენერალურმა დირექტორმა, ალექს კარპმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინის არმიის დამიზნების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე