უკრაინამ კონტრშეტევაში ჯერ 12-დან მხოლოდ 3 ბრიგადა ჩართო - Reuters

უკრაინის ჯარების კონტრშეტევა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ კიევმა, გაწვრთნილი ქვედანაყოფების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენა, რადგანაც მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ერთკვირიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, კიევის კონტრშეტევის რეალური გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის, რადგანაც უკრაინული ჯარები, გარკვეულ მანძილზე იმყოფებიან რუსეთის მთავარი თავდაცვის ხაზიდან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული შენაერთების დიდი ნაწილი, კვლავ მზადყოფნაშია." - წერს გამოცემა.

პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზიკა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს ომს, ამბობს, რომ უკრაინამ, კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი 12 ბრიგადადან, მხოლოდ 3 გაააქტიურა.

ანალიტიკოსის აზრით, უკრაინამ კონტრშეტევისთვის 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა შექმნა, რომელთაგან ცხრა დასავლეთმა გაწვრთნა და აღჭურვა. ბრიგადაში, ჩვეულებრივ, მინიმუმ 3500-4000 ჯარისკაცია.  

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის ძირითადი ძალები კონცენტრირებულია ქალაქ ორეხოვის მახლობლად, ზაპორიჟიეს ოლქში და ველიკა ნოვოსელკასთან, დონეცკის ოლქში.

"ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინელი გენერლების სამიზნ ზაპორიჟიეს რეგიონის ქალაქი ტოკმაკია, რომელიც ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით 25 კმ-ში მდებარეობს, ხოლო ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც კიდევ ერთ სამიზნეს წარმოადგენს 50 კილომეტრის დაშორებითაა. ორივე დასახლება, კარგად არის გამაგრებული," - წერს Reuters.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ველიკა ნოვოსელკას მახლობლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი სოფლის განთავისუფლება შეძლო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ჯარებს 6.5 კმ-იანი წინსვლა აქვთ და 90 კვადრატული კილომეტრი განთავისუფლდა. ოთხშაბათს, მან განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა მონაკვეთზე 300-350 მეტრიანი წინსვლაა.

მუზიკა თვლის, რომ თავიდან კონტრშეტევა საკმაოდ კარგად მიდიოდა, მაგრამ ძირითადი ფაზის დაწყებიდან 5 ან 6 დღის შემდეგ, პროგრესი თითქოს შეჩერდა, რის მიზეზსაც ვერ აკონკრეტებს.

Reuters წერს, რომ კონტრშეტევას საჰაერო ძალების ნაკლებობა ართულებს. კიევი თვეების განმავლობაში ლობირებდა დასავლული F-16-ის გამანადგურებლების მიწოდებას, მაგრამ ამ დრომდე არ მიუღიათ.

იმავდროულად, RUSI-ს სამხედრო ანალიტიკოსმა, ჯეკ უოტლინგმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეტევა წარმატებული იყო თუ წარუმატებელი.

უკრაინის კონტრშეტევა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. მაგრამ რუსეთი, ამ მომენტისთვის, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და გაამაგრა ათასობით თავდაცვითი პოზიცია - აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ანექსირებულ ყირიმამდე: ეს არის დანაღმული ველები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, "დრაკონის კბილების" ბეტონის ბარიკადები და თხრილები.

ეს პოზიციები, რომლებიც Reuters-მა სატელიტური ფოტოების საშუალებით აპრილში გააანალიზა, ძირითადად კონცენტრირებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთში, სადაც კიევი, სავარაუდოდ, ცდილობს გაწყვიტოს რუსული სახმელეთო კავშირი ყირიმის ნახევარკუნძულთან და ამით კრემლის ძალები გაყოს.

მსგავსი სიახლეები