უკრაინაში დარჩენილი ამერიკელი დიპლომატები ლვოვიდან გააგრძელებენ მუშაობას
უკრაინაში დარჩენილი ამერიკელი დიპლომატები სამუშაოდ ლვოვში გადადიან. ამის შესახებ ინფორმაცია 13 თებერვალს ამერიკის დიპლომატიური სამსახურის წყაროზე დაყრდნობით Европейская правда-მ გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ ლვოვში გადასვლის გადაწყვეტილება უსაფრთხოების ცვალებადობის გამო სასწრაფოდ მიიღეს.
"ეს დროებითი გამოსავალია, საელჩოს გუნდი კიევში დაბრუნდება, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება ამის საშუალებას მისცემს", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია როდის შეიძლება განახლდეს საელჩოს კიევში მუშაობა.
"ლვოვში იმუშავებს საელჩოს ძირითადი გუნდი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები." - ამბობს წყარო.
12 თებერვალს, უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის "დაუყოვნებლივ" დატოვებისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.
იმავე დღეს ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და მუშაობას აგრძელებს.