დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:38 | 17 ნოემბერი, 2026 — აშშ

ჰეგსეთის მოადგილემ რუსეთის სიღრმეში უკრაინის დარტყმები დაგმო

აშშ-ის ომის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 37-ე სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, გააძლიერა რუსული საზოგადოების სიმტკიცე და კრემლის მზადყოფნა ესკალაციისთვის.

ვითარების არსი: პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის დარტყმებმა იმ ობიექტებზე, რომლებიც კოლბიმ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიაკუთვნა, შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან ომის ესკალაციისთვის მზადყოფნის გაძლიერება.

  • "მაშინ როცა საჯარო განხილვები ფოკუსირებულია შორ მანძილზე დარტყმების სანახაობრიობაზე, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მოსახლეობისთვის ტკივილის მიყენებას, ჩვენი შეფასებაა, რომ ასეთი დარტყმები არ ყოფილა ეფექტური ომის შეწყვეტის თვალსაზრისით და ისინი ასევე არ უწყობს ხელს ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეკავებას," - განაცხადა კოლბიმ.
  • მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ასეთმა დარტყმებმა, განსაკუთრებით კი იმათმა, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად Wildberries-ზე, სინამდვილეში, სავარაუდოდ, გაამყარა რუსული საზოგადოების სიმტკიცე და თავად კრემლის მზადყოფნა ესკალაციისთვის."

სტრიქონებს შორის: მან ასევე ივარაუდა, რომ შორ მანძილზე დარტყმებში რუსეთს შესაძლოა უპირატესობა ჰქონდეს.

  • "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შორ მანძილზე დარტყმებში ძალთა ბალანსი სავსებით შესაძლებელია მოსკოვის სასარგებლოდ იყოს," - თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
  • ამავდროულად, კოლბიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი სიტყვები არ ნიშნავს უკრაინის საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვის აუცილებლობას.
  • "ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა იძულებული უნდა იყოს, ზურგს უკან ხელებშეკრულმა იბრძოლოს," - განაცხადა მან.
  • "ამის ნაცვლად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მხარდაჭერის მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს უკრაინის შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და გაძლიერებაზე, რათა მან შეძლოს ფრონტის ხაზის შენარჩუნება და, სადაც შესაძლებელია, წინსვლა." - თქვა კოლბიმ.

დიდი სურათი: ამასთან, მან აღიარა, რომ უკრაინის დარტყმები იმ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის მიერ ომის წარმოებას, ასევე "შეიძლება დაეხმაროს ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შენელებას."

  • ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში ამერიკული მედია წერდა, რომ პენტაგონი თვეების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
  • ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ელბრიჯ კოლბიმ შეიმუშავა კიევის იმ მოთხოვნების განხილვის მექანიზმი, რომლებიც ეხებოდა ამერიკული შორი მოქმედების იარაღისა და ევროპელი მოკავშირეების იმ შეიარაღების გამოყენებას, რომლის მოხმარებაც ამერიკულ დაზვერვაზე ან კომპონენტებზეა დამოკიდებული.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე