დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:06 | 17 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

ყირიმის ხიდზე უკრაინის თავდასხმების დროს შავი ზღვის თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა

16–17 ნოემბერს უკრაინამ ყირიმის ხიდზე განმეორებითი თავდასხმები განახორციელა. 17 ნოემბერს გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთ-ერთი თაღი და გზის მონაკვეთი წყალშია ჩანგრეული.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავდასხმების შემდეგ ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის დროებით შეჩერება დაადასტურა.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, დაზიანებულია ხიდის სარკინიგზო ნაწილიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქერჩის ხიდი რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კავშირია. ის გამოიყენება როგორც სამოქალაქო გადაადგილებისთვის, ისე სამხედრო ტვირთების გადასაზიდად.

  • გამოცემა "Агентство"-ს ცნობით, ყირიმის ხიდის საავტომობილო თაღი მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული კონსტრუქციული ელემენტი იყო.
  • თაღის სიგრძე 227 მეტრს, ხოლო წონა დაახლოებით 5,000 ტონას შეადგენდა.

  • ის თითქმის 200 მსხვილი კონსტრუქციული ელემენტისგან ააწყვეს, რომელთა შესაერთებლად დაახლოებით 175 ათასი მაღალი სიმტკიცის ჭანჭიკი გამოიყენეს.

  • თაღის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 80 მეტრს აღწევდა.

  • მის ქვეშ გემებისთვის განკუთვნილი გასასვლელის სიგანე 185 მეტრი, სიმაღლე კი 35 მეტრი იყო.

უკრაინის ოპერაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური შტაბის მიერ დაგეგმილი მრავალკვირიანი ოპერაციის მეშვიდე ეტაპი იყო.

  • მისი თქმით, წინა ეტაპებზე უკრაინული ძალები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს უტევდნენ.

  • დასკვნითი იერიშის დროს უკრაინა რეაქტიული დრონები და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.

მნიშვნელოვანი დეტალი: 16 ნოემბერს, ყირიმის ხიდზე თავდასხმების პერიოდში, შავი ზღვის თავზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების RC-135U Combat Sent-ის ფრენა დაფიქსირდა.

  • Aerospace Global News-ის ცნობით, თვითმფრინავი ბრიტანეთში მდებარე RAF Mildenhall-ის ავიაბაზიდან აფრინდა და შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.

  • RC-135U განკუთვნილია რადიოელექტრონული დაზვერვისთვის. მისი ფუნქციებია უცხოური სამხედრო რადარების სიგნალების აღმოჩენა, იდენტიფიცირება და ანალიზი.

  • რუსეთის სამხედრო Z-არხები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი ყირიმის ხიდის დამცველი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

  • თუმცა დამოუკიდებლად არ დასტურდება, კონკრეტულად რას აკვირდებოდა ამერიკული თვითმფრინავი ან უკავშირდებოდა თუ არა მისი მისია უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

რუსეთის რეაქცია: კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხიდს აღადგენენ.

  • მისი თქმით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა ხიდზე შექმნილი ვითარების შესახებ სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა და შედეგები ვლადიმირ პუტინს გააცნო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე