უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა კონგრესში შესაძლოა კიდევ გადაიდოს - Bloomberg

უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ქვედა პალატაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კონგრესი უკრაინის საკითხის განხილვას სააღდგომო არდადაგების დასრულების (9 აპრილი) შემდეგ მალევე დაუბრუნდებოდნენ. ამის შესახებ განაცხადა, კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმაც. 

თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკითხზე კენჭისყრა აპრილის შუა რიცხვებამდე გაიმართოს და შესაძლოა ეს ვადები კიდევ უფრო გაჭიანურდეს. 

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ მაიკ ჯონსონი ჯერ კიდევ ცდილობს უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებას. 

"ჯონსონის აპარატს რესპუბლიკელებისთვის არ წარმოუდგენიათ არანაირი კონტრეტული გეგმა და მოსალოდნელია, რომ ჯერ მათ არ გადაუწყვეტიათ თუ რა დათმობებს მოითხოვენ ბაიდენის ადმინისტრაციისგან სანაცვლოდ",- ნათქვამია მასალაში. 

ამ ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ უკრაინის საკითხზე კენჭისყრა მომდევნო კვირას არ გაიმართება. 

კონტექსტი 

უკვე რამდენიმე კვირაა მაიკ ჯონსონი სენატის მიერ უკვე დამტკიცებულ პაკეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს. წყაროების ცნობით, კონგრესი განიხილავს უკრაინის დახმარების უზრუნველყოფას სესხის ან გაყინული რუსული აქტივების უზრუნველყოფის სახით. 

ჯონსონის წარმომადგენლის თქმით, სპიკერი ამ დრომდე ცდილობს კონსენსუსური ვარიანტის გამონახვას. 

რესპუბლიკური პარტიის რადიკალი წევრები, მათ შორის მარჯორი ტეილორ გრინი უკრაინის დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გამოტანის შემთხვევაში ჯონსონს იმპიჩმენტით ემუქრება. 

ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების 95 მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი სენატმა თებერვალში მიიღო, თუმცა ამ დრომდე დაბლოკილია კონგრესში. 

ამერიკული დახმარების გაჭიანურებამ ადმინისტრაციის წარმომადგენლის მტკიცებით უკვე იქონია უარყოფით გავლენა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის და მისი შემდგომი გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინა ეგზისტენციალური რისკების წინაშე აღმოჩნდება. 

 

მსგავსი სიახლეები