უკრაინის სამხედრო დაზვერვა: შავი ზღვის თავზე რუსული Su-30SM ჩამოვაგდეთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში, შავი ზღვის თავზე, რუსული Su-30SM-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, სამხედრო დაზვერვის ოპერატორებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით გაანადგურეს.
განცხადების მიხედვით, ავიაგამანადგურებელი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქალაქი საკის აეროდრომზეა ბაზირებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბორტის დაკარგვას ადასტურებენ რუსი Z-ბლოგერები.