უკრაინულმა თვითმფრინავმა პირველად დაბომბა სამიზნე რუსეთის ტერიტორიაზე - Sky News
კვირას უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა პირველად დაარტყა სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზე - დაბომბა სარდლობის პუნქტი ბელგოროდის რაიონში, ხოლო შაბათს თავდაცვის ძალებმა რუსული სადესანტო ხომალდი დაბომბეს აზოვის ზღვაში.
ამის შესახებ Sky News უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ ზარალის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დადასტურებულია, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა. ეს არის პირველი საჰაერო დარტყმა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეზე." - განაცხადა წყარომ.
როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, უცნობია რა ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს თავდასხმის დროს და იყო თუ არა ეს დასავლური იარაღი.
უკრაინულმა სამხედრო წყარომ ასევე განაცხადა, რომ შაბათს საღამოს უკრაინულმა ძალებმა "კოორდინირებული დარტყმა" განახორციელეს რუსულ სადესანტო ხომალდზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადავიდა.
ეს იყო მეხუთე გემი "როპუხას" კლასის შვიდ ამფიბიურ გემს შორის, რომლებიც ჩაიძირა ან "გამოუსადეგარი გახდა" უკრაინის თავდასხმების შედეგად.
თანამოსაუბრის თქმით, რუსი სამხედროები ამგვარ გემებს ოკუპირებულ მარიუპოლში საბრძოლო მასალის ჩასატანად ფრონტის ხაზზე შემდგომი ტრანზიტისთვის იყენებენ.