ზალუჟნის მიწვევით, მისი გათავისუფლების დღეს, კიევში გერმანელი გენერლები ჩავიდნენ - Bild
8 თებერვალს, გერმანელი გენერალ-მაიორი კრისტიან ფროიდინგი და ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბრეიერი კიევში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მიწვევით იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ Bild წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გერმანელი სამხედროები უკრაინელი კოლეგებისთვის იდეების გასაზიარებლად ჩავიდნენ.
"ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი გენერალი ბროიერი ახლა უკრაინაში იმყოფება გენერალ-მაიორ ფროიდინგისა და სხვების თანხლებით." - წერს Bild.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გერმანელი სამხედროები კიევში ზალუჟნის მიწვევით ჩავიდნენ. 8 თებერვალს, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კიევში ბუნდესვერის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი იყო "აზრთა შემდგომი გაცვლა თავდაცვის მიმდინარე საჭიროებებთან და სამომავლო სამხედრო გამოწვევებთან დაკავშირებით."
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გერმანიასა და საფრანგეთში პარტნიორებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი წარუდგინა.
პენტაგონმა, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებების კომენტირებისას, დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა ითანამშრომლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალთან.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შემდეგაც.