ЗСУ-მ ნოვოროსიისკის პორტზე პირველივე შეტევისას დიდი სადესანტო გემი დააზიანა
უკრაინამ ნოვოროსიისკის სამხედრო პორტზე პირველივე წარმატებული შეტევისას, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემის დაზიანება შეძლო.
ნოვოროსიისკში ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული. გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის საზღვაო დრონებმა შეძლეს ნოვოროსიისკამდე ჩაღწევა, თუმცა ქალაქის სამხედრო ობიექტზე შეტევა პირველად განხორციელდა.
პირველი ცნობები მასშტაბური აფეთქების შესახებ ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ღამის დაახლოებით 3 საათზე გავრცელდა. აფეთქება სოფელ იუჟნოე ოზერეევკასთან მოხდა, რომელიც უშუალოდ ქალაქ ნოვოროსიისკიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. აქვე მდებარეობს ტრასკანსპიური მისლადენის კონსორციუმის ნავთობტერმინალი.
უკვე დილის 7 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო დრონების შეტევის წარმატებით მოგერიების შესახებ განაცხადეს. უწყებაში ოპერაციაში მონაწილე გემებიც დაასახალეს.
აქედან რამდენიმე საათში უკრაინულ სოციალურ ქსელებში შეტევაში მონაწილე ერთ-ერთი საზღვაო დრონის ბორტზე არსებული კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. გავრცელებულ კადრებში ასახულია დრონის გემთან შეჯახების მომენტი.
აქედან მალევე რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა დაზიანებული დიდი სადესანტო გემის, Оленегорский горняк-ის კადრები, რომელიც საბუქსირო გემების მეშვეობით სარემონტო დოკში გადაჰყავთ.
კონტექსტი
უკრაინის საზღვაო დრონების აქტიურობა შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.
ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე მეტყველებს - შემთხვევის ადგილიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად შავი ზღვის ზოლის უახლოეს მონაკვეთამდე მანძილი 500 კილომეტრს აღემატება.
30 ივლისს CNN-მა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარია უკრაინის ახალ საზღვაო დრონებზე - მათი ნაწილი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ბოლო შეტევაშიც მონაწილეობდა.
ახალი საზღვაო დრონების მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრია, მათი წონა 1 ტონას არ აღემატება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს უტოლდება.