ЗСУ წინ მიიწევს სოფელ რობოტინესთან, იერიშის ძირითად მიმართულებაზე
უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ზაპორიჟიის ოლქის სოფელ რობოტინესთან, რომელიც დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით კონტრიერიშის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ფრონტის ამ მონაკვეთზე წინსვლის შესახებ იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი. უკრაინის არმიის წინსვლასა და აქტიურობას ადასტურებენ რუსი Z-ბლოგერები.
გენშტაბი განცხადებაში დეტალურად განმარტავს დასახლებაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებაზე საუბრობს.
"თავდაცვის ძალები აგრძელებენ იერიშის მელიტიპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე. ჩვენ ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება ზაპორიჟიის ოლქში, რობოტინეში, თავდაცვის ძალები აძლიერებენ დაკავებულ ზღუდეებს, აწარმოებენ კონტრბატარეულ ბრძოლას",- ნათქვამია შეტყობინებაში.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის "ტაქტიკურად მნიშვნელოვანი წინსვლის" შესახებ იუწყებდა ომის კვლევის ინსტიტუტიც - ორგანიზაციის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვერიფიცირებული ვიდეოების მიხედვით, დასტურდება უკრაინელი მებრძოლების ყოფნა დასახლების ნაწილში, თუმცა უცნობია, რამდენად მუდმივი და ღრმაა ეს პოზიციები.
უკრაინის არმიის წინსვლა ამ მონაკვეთზე საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ ეს საოკუპაციო ძალების მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული რაიონია, რასაც საკმაოდ დიდი რესურსი დაეთმო.
კონტექსტი
დასავლელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ სოფელ რობოტინეზე გადის უკრაინის კონტრიერიშის ძირითადი დარტყმის მიმართულება.
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო დღეებში რობოტინეს შემოგარენში დასავლეთის მიერ შეიარაღებული გაწვრთნილი და შეიარაღებული ბრიგადები გამოჩდნენ, რომლებიც აქამდე რეზერვში რჩებოდნენ. კერძოდ საუბარია უკრაინის 46-ე და 82-ე ბრიგადები.
ამ მონაკვეთზე ფრონტის გარღვევის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაეხსნებათ უმოკლესი გზა აზოვის ზღვის სანაპირომდე, კერძოდ ოკუპირებულ მელიტიპოლამდე და ბერდიანსკამდე.
გარდა ამისა, სწორედ რობოტინეს რაიონში მდებარეობს რუსეთის არმიის პირველი გამაგრებული ხაზი, რომლის გადალახვაც მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში უკრაინის არმიისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
რობოტინეს გარდა უკრაინის არმიამ სავარაუდოდ შეძლო სოფელ ურაჟაინოეს გათავისუფლება, რომელიც ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე მდებარეობს.
ფრონტის ამ მონაკვეთზე განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.