ზუსტად ერთი წლის წინ ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა.
გასული წლის აგვისტოს ბოლოს ლუკაშენკოს პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა დაუპირისპირდა - გარკვეულ მომენტში დიქტატორის წასვლა გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სურათი კარდინალურად განსხვავებულია.
ბოლო 12 თვეში ბელარუსში ათასობით სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა, პატიმრობაში იმყოფება რამდენიმე ათასი აქტივისტი და დემონსტრანტი, ქვეყანა დატოვა ლუკაშენკოს ყველა პოლიტიკურმა ოპონენტმა, რომლებსაც ამის საშუალება ჰქონდა.
ამ ფონზე საყურადღებოა თუ რა ბედი ეწიათ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს.
ვიქტორ ბაბარიკა
პოლიტიკაში მოსვლამდე, ვიქტორ ბაბარიკა 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბელგაზპრომბანკს, რომელიც რუსული გაზპრომისა და გაზპრომბანკის შვილობილი კომპანიაა.
წინასაარჩევნო პერიოდში ბაბარიკამ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების რეკორდული რაოდენობა შეაგროვა - ჯამურად თითქმის 370 000. ბელარუსის ცესკო-მ ნამდვილად მიიჩნია165 000 ხელმოწერა, თუმცა ბაბარიკას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ამის მიზეზად კი მის საგადასახადო დეკლარაციებში გამოვლენილი შეუსაბამობები დაასახელეს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს ბაბარიკა ბიზნესისგან ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. მიმდინარე წლის 6 ივლისს ბელარუსის უმაღლესმა სასამართლომ პოლიტიკოსს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბაბარიკას ბრალი არ დრომდე არ უღიარებია.
ედუარდ ბაბარიკა
30 წლის ედუარდ ბაბარიკა ხელმოწერების შეგროვების საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის ვიქტორ ბაბარიკასთან ერთად გასული წლის 18 ივნისს მაშინ დააკავეს, როდესაც ცესკო-ში ხელმოწერების ჩასაბარებლად მიდიოდნენ.
21 ივნისს, ბაბარიკა უმცროსი გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს, ეს საქმე არ არის კავშირში მამის საქმესთან. უკვე ერთ წელზე მეტია ედუარდ ბაბარიკა ბელარუსული KГБ-ის [სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი] იზოლატორში იმყოფება, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მარია კოლესნიკოვა
2020 წლის ივლისში, ლუკაშენკოს უკვე განეიტრალებული ჰყავდა მთავარი პოლიტიკური ოპონენტები - სერგეი ტიხანოვსკი და ვიქტორ ბაბარიკა პატიმრობაში იყვნენ, ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა ვალერი ცეპკალო ამ დროისთვის უკვე წასული იყო ბელარუსიდან.
16 ივლისს დევნაში მყოფი კანდიდატების შტაბებმა გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს, ისინი ერთადერთი დარჩენილი ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტალანა ტიხანოვსკაიას ირგვლივ გაერთიანდნენ. ახალი კამპანიის მთავარი სახე სამი ქალი იყო - სვეტალანა ტინახოვკსაია [სერგეი ტიხანოვსკის ცოლი], ვერონიკა ცეპკალო [ვალერი ცეპკალოს ცოლი] და მარია კოლესნიკოვა [ბაბარიკას შტაბის კოორდინატორი].
პოლიტიკაში მოსვლამდე მარია კოლესნიკოვა საკმაოდ ცნობილი ფლეიტისტი იყო, ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში, თუმცა ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკას შემოთავაზებით დაბრუნდა - კოლესნიკოვა ბაბარიკას მიერ დაარსებულ სახელოვნებო სივრცეს ხელმძღვანელობდა.
ვერონიკა ცეპკალომ ქვეყანა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დატოვა, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბელარუსი 11 აგვისტოს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, თითქმის ორი თვის განმავლობაში კოლესნიკოვა საპროტესტო მოძრაობის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც ბელარუსში დარჩა.
მარია კოლესნიკოვაც გასული წლის სექტემბერში დააპატიმრეს. თავდაპირველად ბელარუსი სამართალმდამცველები შეეცდნენ პოლიტიკოსი უკრაინაში ძალის გამოყენებით გადაეყვანათ, თუმცა საზღვარზე კოლესნიკოვამ თავისი პასპორტი დახია. საბოლოოდ კოლესნიკოვა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.
კოლესნიკოვას ბელარუსის სახელმწიფოსთვის საშიში მოწოდებების გავრცელებაში ადანაშაულებენ. მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო დახურული სასამართლო პროცესი - ოპოზიციონერს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სვეტლანა ტიხანოვსკაია
სვეტლანა ტიხანოვსკაია საპრეზიდენტო კანდიდატი და შემდეგ ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი უმთავრესად ჩამოყალიბებული გარემოებების გამო გახდა - საპრეზიდენტო ამბიციები მის ქმარს, სერგეი ტიხანოვსკის ჰქონდა, თუმცა ის წინასაარჩევნოდ დააპატიმრეს.
ტიხანოვსკის შტაბის გეგმით მისი დაპატიმრების ან ვერ დარეგისტრირების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა სვეტლანას უნდა მიეღო - "მე ამას მხოლოდ შენს და იმ ხალხის გამო ვაკეთებ, რომლებიც შენ გენდნენ და გამოგყვნენ",- განაცხადა ტიხანოვსკაიამ კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ.
ტიხანოვსკაია არასდროს მალავდა, რომ ის ტექნიკური კანდიდატი იყო - მისი პროგრამა სულ 5 პუნქტის შედგებოდა, რაც უმთავრესად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა.
გასული წლის 11 აგვისტოს, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ტიხანოვსკაიას ბელარუსი ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს. ამ დრომდე იგი ბელარუსული ოპოზიციის ლიდერად და ბელარუსი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მიიჩნევა არაერთ დასავლურ ქვეყანაში.
გასული ერთი წლის განმავლობაში ტიხანოვსკაია 30 სახელმწიფოს ლიდერს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს.
სერგეი ტიხანოვსკი
სერგეი ტიხანოვსკის პოლიტიკური კარიერა 2019 წლის მაისში დაიწყო - მაშინ ტიხანოვსკიმ თავისი Youtube-არხი შექმნა, რომელზეც აკრიტიკებდა მოქმედ ხელისუფლებას, ჰყვებოდა სოციალური პრობლემების შესახებ და ესაუბრებოდა ხალხს.
2020 წლის მაისში ტიხანოვსკიმ საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ის ლუკაშენკოს ყველაზე სერიოზულ და მკაცრ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა. ტიხანოვსკის სახელს უკავშირდება კამპანია შეაჩერე ტარაკანი [ბელარუსში ლუკაშენკოს პოპულარული მეტსახელი].
ტიხანოვსკი გასული წლის 29 მაისს გროდნოში, ხელმოწერების შეგროვებისას დააპატიმრეს. მიმდინარე წლის 29 მაისს ტიხანოვსკის სასამართლო პროცესი დაიწყო, მას სისხლის სამართლის ოთხი მუხლის დარღვევას ედავებიან და შესაბამისად, ოპოზიციონერს 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პაველ ლატუშკა
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლატუშკა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის კულტურის მინისტრის პოსტს, სხვადასხვა წლებში ლატუშკა იყო ბელარუსის ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში. 2019 წლიდან ლატუშკა ბელარუსის ნაციონალური თეატრის დირექტორი იყოა.
გასული წლის აგვისტოში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ლატუშკამ საჯაროდ დაგმო სამართალდამცველების მოქმედება და შინაგან საქმეთა მინისტრს და ცესკო-ს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდა. 19 აგვისტოს ლუკაშენკო ბელარუსული ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
აქედან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ლატუშკამ ბელარუსი დატოვა და პოლონეთში ანტი-კრიზისული სახალხო მმართველობის ცენტრი შექმნა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობს.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო
მას შემდეგ, რაც ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა, ქვეყანაში დარჩენილმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა გამოაცხადეს.
საკოორდინაციო საბჭოს მიზანი იყო ალექსანდრ ლუკაშენკო დიალოგისკენ გადაეხარა. საბჭოს პრეზიდიუმში შვიდი ადამიანი შედიოდა - მარია კოლესნიკოვა, სვეტალანა ალექსიევიჩი, ოლგა კოვალკოვა, მაქსიმ ზნაკი, ლილია ვლასოვა, სერგეი დილევსკი და პაველ ლატუშკა.
ამ შვიდიდან 3 ადამიანი [მაქსიმ ზნაკი, კოლესნიკოვა და ვლასოვა] პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო დანარჩენები ქვეყნიდან წავიდნენ.
ალექსანდრა გერასიმენია
საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არაერთი ბელარუსი სპორტსმენი გამოვიდა, მათ შორის ეროვნული ნაკრების წევრები და ოლიმპიური პრიზიორები.
გასული წლის აგვისტოში საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ 700-მდე სპორტსმენმა საერთო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. ხელმომწერებს შორის იყო მოცურავე ალექსანდრა გერასიმენიაც.
გერასიმენია ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის პრიზიორი და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. გასული წლის ოქტომბერში გერასიმენიამ ბელარუსი დატოვა და სპორტის სოლიდარობის ფონდის სახე გახდა. მიმდინარე წლის აპრილში გერასიმენიას წინააღმდეგ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ვიასნა
მიმდინარე წლის 14 ივლისს დააპატიმრეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ალესი ბელიაცკი და მისი მოადგილე ვალენტინ სტეფანოვიჩი. ამავე დღეს, ბელარუსის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების ოფისებში რეიდი მოაწყო.
ჩხრეკა ჩატარდა ათასობით უფლედამცველის, ჟურნალისტის და აქტივისტის სახლში. ძალოვანები შევიდნენ ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტსა და ბელარუსის ჟურნალისტების ასოციაციის ოფისში.
ცენტრი ვიასნა ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1996 წელს დაარსდა. 2003 წელს ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ცენტრს გაუუქმეს სახელმწიფო რეგისტრაცია. ცენტრის დირექტორი ალესი ბელიაცკი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დააპატიმრეს, 2011 წელს მას 4.5 წლით პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე 2014 წლის გაზაფხულზე დატოვა.
ბელიაცკი იმ ბელარუს აქტივისტებს შორისაა, რომელთაც 2020 წელს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭათ. საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ბელიაცკის ცენტრი პოლიტპატიმრების რაოდენობას ითვლიდა, ბოლო მონაცემებით მათი რაოდენობა 600-ს აღემატება.
თავისუფალი მედია და ჟურნალისტები
2020 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბელარუსის მთავრობამ 70 მედია ორგანიზაცია დაბლოკა. მიმდინარე წლის 18 მაისს საქმე აღიძრა ყველაზე პოპულარული ბელარუსული ახალი ამბების სააგენტოს TUT.BY-ის დამფუძნებლების მიმართ.
საქმის ფარგელბში დააპატიმრეს 15 ჟურნალისტი, მათ შორის მთავარი რედაქტორი მარია ზოლოტოვა, ხოლო პლატფორმა დაბლოკეს. ამ დროისთვის ბელარუსის საპატიმროებში 10-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება, კიდევ უფრო მეტი შინა პატიმრობაშია.
საპატიმროში იხდიან სასჯელს ბელსატის ჟურნალისტი დარიცა შულცოვა და ეკატერინა ანდრეევა, რომელთაც საპროტესტო აქციიდან ლაივ სტრიმის გავრცელების გამო ასამართლებენ.
რომან პროტასევიჩი
არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ორგანიზიების და უახლესი ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად ტელეგრამ არხები გადაიქცა. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელეგრამ არხი NEXTA, რომლის აუდიტორიაც რამდენიმე დღის მონაკვეთში 300 000-დან 1 მილიონამდე გაიზარდა.
ტელეგრამ არხი 2015 წელს 17 წლის ბელარუსმა, სტეპან პუტილომ დააარსა. რომან პროტასევიჩი ტელეგრამ არხის მთავარი რედაქტორის პოზიციას იკავებდა, 2019 წლიდან პროტასევიჩმა პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
მიმდინარე წლის 23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულდება ბორტზე არსებული ბომბის შესახებ შევიდა შეტყობინება. შეტყობინების მიღების შემდეგ ბელარუსმა დისპეტჩერებმა პილოტებს თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულეს.
თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და ადგილზე დააპატიმრეს ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. აქედან რამდენიმე კვირაში ბელარუსის მთავრობის მიერ კონტროლირებად არხებზე რომან პროტასევიჩის ინტერვიუები გავიდა, სადაც ის თავის კოლეგებს და ყოფილ მეგობრებს აკრიტიკებდა.
ამის შემდეგ პროტასევიჩს თავისუფლების აღკვეთის ზომა შინა პატიმრობით შეუცვალეს.