უკრაინიდან ჩაყვანილ მოზარდებს ბელორუსი წვრთნებისთვის საკუთარ არმიაში აგზავნის

ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ხელისუფლებამ ოკუპირებული უკრაინიდან ახლახანს ჩასული მოზარდების ჯგუფი ბელორუსის არმიაში წვრთნებისთვის გაგზავნა.

უკრაინა და ბელორუსის ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მიზანი უკრაინიდან ჩაყვანილ ბავშვებში პრო-რუსული პოზიციის მხარდაჭერის გაღვივება და განმტკიცებაა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ ანტრაციტიდან ჩაყვანილი 35 მოზარდი საწვრთნელად ბელორუსის ქალაქ მოგილევში გაგზავნეს, რომლებიც ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის, Belarus1-ის ცნობით, სანატორიუმში არიან განთავსებული. მათ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები უვლიან და ასწავლიან, თუ როგორ მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგალითად, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკრაინელ ბავშვებს მკლავებზე რუსეთის ფედერაციის დროშა აქვთ გამოსახული, რომელთაც კვამლით სავსე ოთახში ასწავლიან თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია ხანძრისას.

იელის უნივერსიტეტის 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკრაინის ოთხი რეგიონიდან, რომელიც ნაწილობრივაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ბელორუსში 6-დან 17 წლამდე ასაკის 2400-ზე მეტი ბავშვია ჩაყვანილი.

ბელორუსის ოპოზიციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდა, პასუხისგებაში მისცეს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი მთავრობის წარმომადგენლები უკრაინელი ბავშვების ბელორუსში უკანონო გადაყვანაში მონაწილეობის გამო.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მცირეწლოვნების დეპორტაციას იძიებენ, როგორც შესაძლო გენოციდის ფაქტს. ამას გარდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან იძულებით დეპორტირებული 19 000-ზე მეტი მოზარდის დეპორტაციის საქმეზეც. 

პაველ ლატუშკა, ბელორუსის ყოფილი კულტურის მინისტრი, რომელიც ამჟმად ოპოზიციაში იმყოფება, აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვები „ექვემდებარებიან ხელახლა განათლებას და ინდოქტრინაციას, რათა ისინი პრო-რუსები გახდნენ“. ის ასევე ამტკიცებს, რომ ოკუპირებული უკრაინიდან ბელორუსში ჩაყვანილი მოზარდის რუსეთში შვილად აყვანის არაერთი ფაქტი არსებობს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენს, მარია ლვოვა-ბელოვას, უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა და მათი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ბელორუსის ოპოზიცია ანალოგიურ ქმედებას მოითხოვს ლუკაშენკოს წინააღმდეგაც.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და მინსკს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს. ბელარუსი მოსკოვის უახლოესი მოკავშირეა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კრემლს უკრაინაში შესაჭრელად საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაუთმო. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბელორუსში საკუთარი ტაქტიკური ბირთვული იარაღიც განათავსა.

მსგავსი სიახლეები