კრემლის პროპაგანდისტი პუტინის კრიტიკის გამო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს

კრემლის პროპაგანდისტი, ბლოგერი ილია რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩაშლილად: კლინიკაში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე, რეჟიმის ერთგულმა ბლოგერმა ვლადიმირ პუტინი და ომი გააკრიტიკა.

  • 17 მარტს რემესლომ გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, რომელშიც ჩამოთვალა 6 მიზეზი, რომლის გამო "პუტინის მხარდაჭერა შეწყვიტა".
  • რემესლოს თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ "პუტინის კომპლექსების" გამო მიმდინარეობს.
  • ბლოგერმა რუსეთის პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა ეკონომიკის ზარალში, ინტერნეტისა და მედიის ჩახშობაში.
  • "ვლადიმირ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინი უნდა გადადგეს და გასამართლდეს, როგორც ომის დამნაშავე და ქურდი". - დაწერა რემესლომ.
  • რემესლომ ასევე გამოცემა "აგენტსტვოსთან" გამოთქვა ვარაუდი, რომ პოსტებს პუტინს აჩვენებენ და ავტორს ახლო მომავალში გაასამართლებენ.

სტრიქონებს შორის: რემესლო სანქტ-პეტერბურგში მდებარე, სკვორცოვ-სტეპანოვის სახელობის მე-3 ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

  • მე-19 საუკუნეში გახსნილ საავადმყოფოს საბჭოთა კავშირის პერიოდში სადამსჯელო ფსიქიატრიისთვის იყენებდნენ.
  • საბჭოთა ისტორიკოსების თქმით, მე-3 საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფსიქიატრიული ციხე იყო.
  • ხსენებულ საავადმყოფოში იხდიდა სასჯელს საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი. 
  • დაწესებულებამ პროფილი არც ახალ რუსეთში შეიცვალა, 2023 წელს აქ მოათავსეს ვიქტორია პეტროვა, რომელმაც სოციალურ ქსელში ომის საწინააღმდეგო პოსტები გამოაქვეყნა.
  • პეტროვას ადვოკატის თქმით, მისი კლიენტს საავადმყოფოში აწამებდნენ.

წინარე ისტორია: განათლებით იურისტი ილია რემესლო პუტინის რეჯიმის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პროპაგანდისტი და ე.წ. დანოსჩიკია (ენის მიმტანი, ჩამშვები).

  • 2018 წელს რემესლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ფულის მიტაცება და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დააბრალა.
  • რემესლოს საჩივარზე დაყრდნობით ნავალნის წინააღმდეგ აღიძრა "ომის ვეტერანის შეურაცხყოფის" საქმე.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლებას, გახდა ერთ-ერთი Z-ბლოგერი.

მსგავსი სიახლეები