-

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - მომდევნო საათებში დაახლოებით 150 მილიონი ამერიკელი ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს აირჩევს.

კომენტატორებისა და თავად კანდიდატების შეფასებით მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო ათწლეულებში უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის ეგზისტენციალური მომენტი, არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლეთის პოლიტიკური ეკონომიისთვის. ეს არ არის არჩევნები მხოლოდ საზღვარზე ან სავაჭრო ტარიფებზე, ეს არ არის არჩევნები მხოლოდ უკრაინაზე ან ახლო აღმოსავლეთზე - ეს არჩევნები შეცვლის ყველაფერს, შეცვლის მილიონობით ადამიანის შეხედულებას დემოკრატიის შესახებ, როგორც მმართველობის ყველაზე სტაბილური ფორმის.

ეს უმნიშვნელოვანესი, უმნიშვნელოვანესი მომენტია.

უნიკალური საარჩევნო სისტემა

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის სპეფიციკით შესაძლოა გამარჯვებული არ იყოს კანდიდატი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ ხმას დააგროვებს. გამარჯვებული ამერიკის უნიკალური საარჩევნო კოლეგიის შედეგებით გამოვლინდება - აუცილებელია საარჩევნო კოლეგიაში მარტივი უმრავლესობის, 270 ხმის მოპოვება.

შტატების უმრავლესობაში გამარჯვებულის გამოცნობა მარტივია, რადგანაც უმეტესობის არჩევანი წლიდან წლამდე უცვლელია - არის მკვეთრად გამოხატული დემოკრატიული და რესპუბლიკური შტატები. 

50 შტატიდან მხოლოდ რამდენიმეა ისეთი შტატი, რომლის არჩევანიც ხშირად იცვლება - ასეთებს მერყევ შტატებად მოიხსენიებენ. ჯამურად ამ შტატებზე ელექტორალური კოლეგიის ჯამურად 538-დან 93 ხმა მოდის. ამ შტატებში ჯამურად ქვეყნის მოსახლეობის 13% ცხოვრობს და მიუხედავად მცირე ხვედრითი წილისა სწორედ ამ შტატებისკენაა მიმართული ორივე კანდიდატის რესურსებისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი.

ამ შტატებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ე.წ. დამოუკიდებელი ან გადაუწყვეტელი ამომრჩევლების წილი, რომლებიც Ipsos-ის კვლევის მიხედვით, ამ შტატების ჯამური მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. რომელიმე კანდიდატის მიერ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მიმხრობამ შესაძლოა გადაწყვიტოს კიდეც საპრეზიდენტო არჩევნების ბედი. 

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დემოგრაფიული ჯგუფი მრავალფეროვანია - აქ არიან პროფკავშირის წევრი მუშები, რომლებიც გასულ წლებში ბერნი სანდერსისკენ იხრებოდნენ, თუმცა მას შემდეგ ჯგუფში იზრდება ტრამპის პოპულარობა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა შორის არიან, სუბ-ურბანული დასახლებები, რომლებიც ტრამპის რიტორიკამ დემოკრატიული პარტიისკენ გადახარა.

აქვე არიან ლათინო-ამერიკული ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები, რომლებიც ხშირად დემოკრატიული პარტიის ელექტორატად მიიჩნეოდნენ, თუმცა ხშირად მათი არჩევანი რესპუბლიკურია. აქვე არიან ახალგაზრდა ამომრჩევლები, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ ჯო ბაიდენით, თუმცა უფრო მეტი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი კამალა ჰარისის მიმართ. მათ შორის, არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქალები - ამ დემოგრაფიულ ჯგუფში საკვანძო საკითხი აბორტია, რომელიც ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალური გზავნილი იყო.

გადაუწყვეტელების გარდა, ორივე პარტია ცდილობს საკუთარი მხარდაჭერა უფრო დიდი დემოგრაფიული ჯგუფის ხარჯზე გაზარდოს - ორივე კანდიდატი ცდილობს მიიმხროს პოლიტიკური პროვესისგან გათიშული მოქალაქეები, რომლებიც როგორც წესი არ მიდიან არჩევნებზე. 

მიმდინარე საუკუნეში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობის დონე საშუალოდ 54% იყო, თუმცა 2020 წლის არჩევნებზე მაჩვენებელი 67%-მდე გაიზარდა. ორივე კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მერყევ შტატებში ამ დემოგრაფიული ჯგუფის ხარჯზე მხარდაჭერის ზრდა იყო - უმეტეს შტატში ტრამპს უფრო მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი ჰყავს. 

ელექტორალური ხმების რაოდენობა შტატის მოსახლეობაზეა დამოკიდებული - რაც უფრო მეტია მოსახლეობა, მით უფრო მეტია შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმები. 50-დან ყველა შტატში ორის გარდა (მეინი და ნებრასკა) მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ელექტორალური ხმა ეკუთვნის კანდიდატს, რომელმაც უფრო მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო. 

თუ კი ორივე კანდიდატი მოიგებს შტატებს, რომლებსაც წინა არჩევნების გამოცდილება და წინასაარჩევნო კვლევები გვკარნახობს მივიღებთ შემდეგნაირ სურათს - კამალა ჰარისს ექნება 226 ხმა კოლეგიაში, ხოლო ტრამპს 219, პირველს გამარჯვებისთვის კოლეგიის კიდევ 44 ხმა დაჭირდება, ხოლო მეორეს 51.

საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმის მოსაპოვებლად და შესაბამისად ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ მერყევ შტატებს, რომლებიც პირობითად 2 ჯგუფად იყოფა: ჟანგიანი სარტყელი (პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი) და მზის სარტყელი (ნევადა, არიზონა, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია). 

პენსილვანია

საარჩევნო კოლეგიაში 19 ხმით, პენსილვანია მიმდინარე არჩევნების მთავარი პრიზია, რომელში გამარჯვებულიც ძალიან მაღალი ალბათობით გახდება კიდეც თეთრი სახლის ახალი ბინადარი. 

პენსილვანია ე.წ. ლურჯი კედლის უმსხვილესი შტატია - ამგვარად მოიხსენებიენ შტატებს, რომლებშიც ტრადიციულად ძლიერია დემოკრატიული პარტიის პოზიციები. პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში 1992 წლიდან 2012 წლის ჩათვლით დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები იმარჯვებდნენ. 

2016 წელს დონალდ ტრამპმა თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტენდენცია ამოაყირავა და სამივე შტატში მცირე სხვაობით გაიმარჯვა. 2020 წლის არჩევნებზე სამივე შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, გარდა ამისა, დემოკრატებმა გაიმარჯვეს სამივე შტატის გუბერნატორის არჩევნებში. 

პენსილვანიის საკვანძო მნიშვნელობაზე მიუთითებს კანდიდატების მიერ დახარჯული რესურსები: 187 მილიონი დოლარი - კამალა ჰარისი, 146 მილიონი დოლარი - დონალდ ტრამპი. სწორედ პენსილვანიის ქალაქ, ბატლერში განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა დონალდ ტრამპზე 14 ივლისს. 

კომენტატორების შეფასებით ჰარისის წარმატება დამოკიდებული იქნება პენსილვანიის მსხვილ ქალაქებში ამომრჩეველთა მაქსიმალურ მობილიზებასა და რურარულ დასახლებებში ტრამპთან სხვაობის შემცირებაზე. გასულ კვირებში შტატში ახალი ამომრჩევლების რეგისტრაციის კუთხით რესპუბლიკური პარტია ლიდერობდა. 

ჰარისიცა და ტრამპიც გასულ თვეებში ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმხრობას ცდილობდნენ. ორივე კანდიდატმა მხარი დაუჭირა მსხვილი მეტალურგიული საწარმოს პროფესიულ კავშირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კომპანიის გაყიდვას იაპონურ ორგანიზაციაზე. ჰარისმა შეარბილა პოზიცია გაზის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით - სექტორი პენსილვანიაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. 

არაერთი კომენტატორი მიმდინარე არჩევნებს პენსილვანიის არჩევნებსაც კი უწოდებს, რომელშიც სხვა შტატები უბრალოდ მონაწილეობენ. სხვადასხვა შეფასებებით, პენსილვანიის მოგებით კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-მდე იზრდება.

საქმე ის არის, რომ პენსილვანია ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის მიკროკოსმოსია. აქ არის დიდი ქალაქები, სადაც დემოკრატები ლიდერობენ და რურარული დასახლებები, სადაც ძლიერი პოზიციები აქვს რესპუბლიკურ პარტიას. პენსილვანიის დემოგრაფია მრავალფეროვანია და მნიშვნელოვანწილად იმეორებს ქვეყნისას. აქ არის ახალი ტექნოლოგიური კომპანიები და ძველი ინდუსტრიული სექტორი, აქ არის ნავთობ მოპოვების ბიზნესი და აგრარული სექტორი. 

კვლევების მიხედვით, კანდიდატების მხარდაჭერა პენსილვანიაში თითქმის ზუსტ 2 ნახევრადაა გაყოფილი და რომილიმე კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება შეუძლებელია. 

მიჩიგანი 

ამერიკული ავტოწარმოებისა შტატს საარჩევნო კოლეგიაში 15 ხმა აქვს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა მიჩიგანში 3%-იანი სხვაობით გაიმარჯვა. უფრო დამაჯერებელი იყო დემოკრატიული პარტიის შედეგები 2022 წლის შუალედურ არჩევნებში, რომელშიც მეორე ვადით დიდი სხვაობით გაიმარჯვა გრეტჩენ უიტმერმა. 

შტატში დემოკრატიული პარტიის მთავარი საზრუნავი აფრიკული და არაბული ქვეყნების მიგრანტები არიან, რომელთა ხვედრითი წილი მთელ ქვეყანაში ყველაზე მაღალი სწორედ მიჩიგანშია. ჯამურად საუბარია შტატში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%-ზე. დემოგრაფიული ჯგუფი ტრადიციულად დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს, თუმცა გასული 1 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისა და არნახულად მაღალი მშვიდობიანი მსხვერპლის ფონზე დემოკრატების პოპულარობა საგრძბობლად მცირდება. ამავე მიზეზით, კამალა ჰარისისთვის შესაძლოა პრობლემური იყოს მიჩიგანში მდებარე სხვადასხვა პროგრესული საუნივერსიტოტი კამპუსები. 

პენსილვანიის მსგავსად აქაც ორივე კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობდა ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებული მუშების მიმხრობას. ჰარისი მათ ელექტრონული ავტომობილების წარმოების ფედერალურ მხარდაჭერას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას დაჰპირდა. ტრამპი მწყობრად უტევდა დემოკრატიულ პარტიას და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გამო მიჩიგანში დაკარგულ სამუშაო ადგილებზე მიუთითებდა. 

კომენტატორების შეფასებით, მიჩიგანში გადამწყვეტი ექნება დეტროიტის ირგვლივ მდებარე სუბ-ურბანულ დასახლებებისა და გრანდ რეპიდსის შედეგები. 

ვისკონსინი

საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმით ვისკონსინი მერყევ შტატებში ყველაზე მაღალი პოლარიზაციისა და მწვავე პოლიტიკური დებატების ადგილია. 2020 წლის არჩევნებზე ვისკონსინში მერყევ შტატებს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა იყო. 

შტატის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ კონვენციის ჩასატარებლად ვისკონსინის უმსხვილესი ქალაქი, მილუოკი აირჩია. ჩიკაგოში მიმდინარე ყრილობიდან პირდაპირ მილუოკიში გაფრინდა კამალა ჰარისიც სადაც ამომრჩევლებთან დიდი შეხვედრა გამართა. 

სხვა მერყევ შტატებთან შედარებით ვისკონსინში ყველაზე მაღალია თეთრკანიანი მოსახლეობის ხვედრითი წილი. კამალა ჰარისს შესაძლოა ხელი შეუწყოს პროფკავშირებისა და თვითორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის ძლიერმა ტრადიციამ. 

შტატში გამარჯვების მოსაპოვებლად ჰარისისთვის აუცილებელი იქნება დედაქალაქ, მედისონში დამაჯერებელი უპირატესობა, ასევე მხარდაჭერის გაზრდა სახელმწიფო სექტორსა და ვისკონსინის უნივერსიტეტის კამპუსში. 

ორივე კანდიდატი ფოკუსირებული იყო ვისკონსინის ირგვლივ მდებარე, ვაუკეშას სუბ-ურბანულ დასახლებებზე, სადაც ტრადიციულად რესპუბლიკელებს უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 2020 წელს ჯო ბაიდენმა საგრძნობლად გააუმჯობესა ჰილარი კლინტონის შედეგები. მნიშვნელოვანი იქნება მინესოტას საზღვართან მდებარე პატარა ქალაქების შედეგები, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატებისკენ იხრებიან. 

დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება ვისკონსინის რურარული დასახლებების შედეგები, რომლებმაც მისი პრეზიდენტობის დროს დაწესებული ტარიფებით მნიშვნელოვნად იზარალეს. 

ჩრდილოეთ კაროლინა 

საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმის მქონე შტატში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არ გაუმარჯვია. 

ამ დროიდან მოყოლებული შტატები რესპუბლიკური პარტიის საყრდენად მიიჩნეოდა, თუმცა შტატში სუბ-ურბანული მოსახლეობის ზრდამ დემოკრატიულ პარტიას ახალი იმედები გაუჩინა. 

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ჩრდილოეთ კაროლინაში კამალა ჰარისს გამარჯვების დაახლოებით იმავე შანსი აქვს, რაც ჯორჯიაში. შტატში ჰარისის კამპანიის მთავარი ფოკუსი უმაღლესი განათლების მქონე, სუბ-ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ ქალებზე გასწორდა, რომლებიც განიზადა დონალდ ტრამპის რიტორიკამ აბორტის საკითხთან დაკავშირებით. 

ჩრდილოეთ კაროლინაში ჰარისის წარმატების ქვაკუთხეთი საუნივერსიტეტო-კვლევითი კამპუსების სამკუთხედი (რელეი, დურჰამი, ჩაპელ ჰილი) უნდა გახდეს. მნიშვნელოვანი იქნება შარლოტისა და გრინსბოროს შედეგები. 

რესპუბლიკელთა პოზიცია შტატში მნიშვნელოვნად შეარყია მარკ რობინსონთან დაკავშირებულმა სკანდალმა. რობინსონი, რომელიც შტატის გუბერნატორის არჩევნებზე დონალდ ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობდა პორნოგრაფიული სკანდალში გაეხვა. რობინსონი, რომელიც თავს "შავკანიან ნაცისტს" უწოდებს, ასევე ნათქვამი აქვს, რომ მხარს დაუჭერდა მონობის აღდგენას.

მთავარი ინტრიგა შტატში ცოტა ხნის წინ მომხდარ ქარიშხალ ჰელენას უკავშირდება, რომელმაც სერიოზულად დააზიანა დასავლეთ ოლქები - უცნობია თუ როგორ აისახება ეს ამომრჩეველთა განწყობაზე. 

ჯორჯია

კიდევ უფრო იშვიათი იყო დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება კოლეგიის 16 ხმით აღჭურვილ ჯორჯიაში - ჯო ბაიდენი გახდა პირველი დემოკრატი, ბილ კლინტონის (1992 წელი) შემდეგ, რომელმაც ჯორჯია მოიგო. საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებას მალევე მოჰყვა მისი პარტიის დაწინაურება შტატის საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ზედა პალატასაც დემოკრატები აკონტროლებენ. 

დემოკრატების მხარდაჭერის მთავარი მიზეზი ატლანტას ირგვლივ მდებარე ერთ დროს რესპუბლიკური სუბ-ურბანული დასახლებებია. გარდა ამისა, პარტიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამომრჩევლების მობილიზაციის მაჩვენებელი ქალაქის შიგნითაც. 

აქ დემოკრატების მთავარ სამოტივაციო ბაზა შტატის დემოკრატი სენატორისა რაფაელ უორნოკის ეკლესია გახდა, რომელშიც 1960-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის ლიდერი, მარტინ ლუთერ კინგი მსახურობდა. 

ჯორჯიაში კამალა ჰარისის მთავარი იმედი რეგისტრირებულ ამომრჩევლებში შავკანიანი მოსახლეობის მაღალი წილია, საუბარია მესამედზე. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შავკანიანი ამომრჩევლების 92% მოიპოვა. კამალა ბაიდენის შედეგის გამეორებას ეცდება, თუმცა კვლევების მიხედვით ის სირთულეებს აწყდება. 

მიუხედავად ამისა, მსხვილ ქალაქებს მიღმა ჯორჯია კვლავ დომინანტურად კონსერვატიულია, რაც დონალდ ტრამპს გარკვეულ შესაძლებლობებს უტოვებს, მათ შორის შავკანიანი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლადაც. დონალდ ტრამპს ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვს შტატის რესპუბლიკელ სენატორ, ბრაიან კემპთან, რომელმაც უარი უთხრა ტრამპს შტატის შედეგების გადახედვაზე 2020 წელს. 

დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად მიმდინარე არჩევნებზე ბრაიან კემპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს. 

არიზონა

გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენმა ოდესღაც საიმედოდ რესპუბლიკური არიზონას ამოტრიალება შეძლო და შტატის საარჩევნო კოლეგიის 11 ხმაც მოიპოვა. 

თუ კი რომილიმე კანდიდატი შეძლებს შეძლებს ე.წ. ლურჯი კედლისა 3 შტატისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის 2 შტატის (ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინაში) გამარჯვებას არჩევნების ბედი მალე გადაწყდება, მაგრამ თუ შედეგები მდინარე მისისიპის აღმოსავლეთით გაიყო, როგორც მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ არიზონასა და ნევადას ექნება. 

ორივე შტატის მოსახლეობა სწრაფად მზარდია, აქ განსაკუთრებით მაღალია ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან გადმოსული ესპანურენოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი. 

როგორც მექსიკასთან მოსაზღვრე ერთადერთ მერყევ შტატში, არიზონაში ძალიან აქტუალურია დონალდ ტრამპის მთავარი წინაასარჩევნო გზავნილი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. ივლისში ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ტრამპის კამპანიამ  სასაზღვრო კრიზისში მთავარ დამნაშავედ კამალა ჰარისი გამოაცხადა. ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ჰპირდება. 

არიზონის ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში ამომრჩევლებთან შეხვედრისას კამალა ჰარისმა სასაზღვრო კრიზისში ტრამპი დაადანაშაულა, რომელმაც მისი თქმით, დაბლოკა ორპარტიული ინიციატივა საზღვრის კვეთის წესების გამკაცრების შესახებ. 

გასულ წლებში არიზონაში დემოკრატების წარმატების საიდუმლო ტრამპით იმედგაცრუებული მეინსტრიმ რესპუბლიკელების მიმხრობა იყო. ბევრისთვის მოულოდნელად ბოლო წლებში იზრდება რესპუბლიკელთა პოპულარობა ესპანურენოვან მოსახლეობაში. ამასთანავე, შტატში რეგისტრირებულ რესპუბლიკელთა რიცხვი 300 ათასით აღემატება დემოკრატიული პარტიის მაჩვენებელს. 

სავარაუდოა, რომ შტატის შედეგებისთვის საკვანძო მნიშვნელობა ექნება მარიკოპას ოლქის შედეგებს, რომელშიც შედის ქალაქი ფენიქსი და ირგვლივ მდებარე სუბ-ურბანული დასახლებები. 

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ მათი ამომრჩევლების მობილიზებას შტატში ხელს შეუწყობს აბორტის საკითხი - საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად შტატის მოსახლეობამ პოზიცია უნდა გამოხატოს აბორტის დაშვებულ ვადებზეც. ამ დროისთვის შტატი აბორტს კრძალავს 15-კვირიანი ორსულობის ვადის შემდეგ. 

ნევადა

მერყევ შტატებში ყველაზე მცირეცხოვან ნევადას, საარჩევნო კოლეგაშია მხოლოდ 6 ხმა ეკუთვნის. შტატი არც თუ დიდი ხნის წინ დემოკრატების საყრდენად მიიჩნეოდა - 2004 წლის შემდეგ ნევადაში დემოკრატი კანდიდატი იმარჯვებდა. 

ვითარება დონალდ ტრამპის გამოჩენამ შეცვალა - ტრამპის პოპულარობა იზრდება შტატის ესპანურენოვან მოსახლეობაში, გარდა ამისა ტრამპისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საშუალო და დაბალი შემოსავლის ოჯახების წინაშე არსებული მწვავე ეკონომიკური პრობლემები. 

ამაზე მეტყველებს ინფლაციის 5.4%-იანი მაჩვენებელი, რომელიც 50 შტატს შორის ყველაზე მაღალია, ნევადაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კამალა ჰარისის შანსებს. 

დემოკრატების წარმატებები ნევადაში გასულ წლებში ძირითადად კულინარიის სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ კავშირებს მაღალ აქტივობას უკავშირდებოდა. თუ კი ტენდენცია წელსაც განმეორდება ამან შესაძლოა დააკომპენსიროს ჰარისის სხვა სისუსტეები შტატში, თუმცა სავარაუდოა, რომ ნევადა მიმდინარე არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ახლო ბრძოლა იქნება. 

გზა 270-მდე - სტრატეგიები და პატერნები 

ჟანგიანი სარტყელი

განსხვავებული გეოგრაფიის, ეკონომიკური სტრუქტურისა და ისტორიის გათვალისწინებით კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიები ე.წ. ჟანგიან სარტყელსა და მზიან სარტყელში ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. 

პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი აშშ-ს ყოფილი ინდუსტრიული ცენტრებია (რედ. აქედან მოდის დასახელბაც "ჟანგიანი სარტყელი) რაც ნიშნავს, რომ აქ ძლიერი პროფკავშირები და დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია არსებობს. ამაზე მეტყველებს გამოცდილებაც - გასული 8  საპრეზიდენტო რბოლიდან დემოკრატების კანდიდატმა ამ მერყევ შტატებში 7-ჯერ გაიმარჯვა.

გამონაკლისი 2016 წელი იყო, როდესაც სამივე შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

გამოცდილება გვკარნახობს, რომ სამივე შტატში როგორც წესი ერთი და იგივე საპრეზიდენტო კანდიდატი იმარჯვებს და იმ შემთხვევაში, თუ კი მიმდინარე არჩევნებზე ეს კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება, ის ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდება. 

ჟანგიანი სარტყელის სამივე შტატში გამარჯვება საკმარისი არ იქნება დონალდ ტრამპისთვის, საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად ტრამპს კიდევ ერთ მერყევი შტატის მოგება დაჭირდება. 

ნახსენებ შტატებში ჰარისის წარმატება დამოკიდებულია ქალაქებსა და სუბ-ურბანულ დასახლებებში აფრო-ამერიკელი, უმცირესობების და უმაღლესი განათლების მქონე ამომრჩევლების აქტივობაზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჰარისის შანსები დამოკიდებულია დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა ბირთვული ბაზის მაღალ აქტივობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თეთრკანიანი ქალების გადაწყვეტილება. 

საპირისპიროა დონალდ ტრამპის მდგომარეობა - 2016 წელს მისი წარმატება ამ შტატებში უპირველესად უზრუნველყოფილი იყო დიდი მხარდაჭერით რურარულ დასახლებებში. ტრამპის კამპანიამ რურარულ დასახლებებზე დადებული ფსონი წელსაც გაიმეორა და კამპანიის დიდი წილი რურარულ დასახლებებში მცხოვრები თეთრი ახალგაზრდა კაცების მობილიზებას დაუთმო, რომლებიც ტრადიციულად არ დადიოდნენ არჩევნებზე. თუ კი ამ დემოგრაფიული ჯგუფის აქტივობა გაიზარდა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსს არამხოლოდ პენსილვანიაში, არმედ მეზობელ მერყევ შტატებშიც. 

თუ კამალა ჰარისი პენსილვანიასა და რომელიმე მეზობელ შტატში გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად დარჩენილი ხუთივე მერყევი შტატის მოგება დასჭირდება. 

პენსილვანიის მოგებით ჰარისისთვის საკმარისი იქნება 7-დან მხოლოდ 3 მერყევი შტატში გამარჯვება. საუბარია პენსილვანიასა და ნებისმიერ 2 მერყევ შტატზე, ნევადის გარდა, რომელსაც კოლეგიაში მხოლოდ 6 ხმა აქვს. 

მზიანი სარტყელი 

ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატებს ხშირად მოიხსენიებენ მზიან სარტყელად, რთული არ არის იმის მიხვედრა თუ რატომ.

აქ სულ 4 მერყევი შტატია და "ჟანგიანი" შტატების მსგავსად არჩევნებში გასამარჯვებლად ჰარისისთვის ოთხივეში მოგება საკმარისი იქნება, თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია. დემოკრატების კანდიდატს აღნიშნულ ოთხივე შტატში ერთდროულად 1948 წლის (ჰარი ტრუმანი) შემდეგ არ გაუმარჯვია. 

ჰარისისგან განსხვავებით დონალდ ტრამპისთვის არ იქნება მზიანი სარტყლის 4 მერყევ შტატში გამარჯვება და კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად კიდევ ერთი მერყევი შტატის მოგება დასჭირდება. 

თუმცა, დემოკრატებისგან განსხვავებით რესპუბლიკელებს ამ შტატებში დამაჯერებელი და ერთდროული გამარჯვებების ხანგრძლივი ისტორია აქვთ - მას შემდეგ რაც 1960-იან წლებში სამოქალაქო უფლებების აქტმა ამოაყირავა ქვეყნის პოლიტიკური რუკა ოთხივე შტატში, 1 ან მეტ არჩევნებში გაიმარჯვა, რიჩარდ ნიქსონმა, რონალ რეიგანმა, უფროსმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშებმა. 

კომენტატორების აზრით, ამ შტატებში საკვანძო მნიშვნელობის იქნება აფრო-ამერიკელი და ესპანურენოვანი მოსახლეობის ხმები. ოთხივე შტატში უკვე მრავალი წელია სწრაფად იზრდება ესპანურენოვანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ნევადასა და არიზონაში. ოდესღაც კონვენციურ სიბრძნის საწინააღმდეგოდ, რომ ესპანურენოვანი მოსახლეობის ზრდა გაზრდიდა დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერას, ბოლო წლებში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. აღნიშნულ დემოგრაფიულ ჯგუფში დონალდ ტრამპის მხარდაჭერა სწრაფად იზრდება. 

მიუხედავად ამისა, რეპუბლიკურ პარტიაში შიშობენ, რომ ესპანურენოვანი მოსახლეობა განაწყენებულია ტრამპის მხარდამჭერთა შეხვედრაზე კომიკოსის მიერ პუერტო-რიკოს შესახებ წარმოთქმულ შეუარცხყმყოფელ ხუმრობაზე. 

ამ შტატებს შორის დონალდ ტრამპისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა ჩრდილოეთ კაროლინა, სადაც მან დამაჯერებლად გაიმარჯვა 2016 და 2020 წელს. ჩრ. კაროლინა საერთოდაც არ მიიჩნეოდა მერყევ შტატად, სანამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატად კამალა ჰარისი არ დასახელდა. 

ჩრდილოეთ კაროლინაში დამარცხების შემთხვევაში ტრამპის გზა თეთრ სახლამდე მკვეთრად გართულდება - ამ შემთხვევაში მას დაჭირდება დარჩენილ 4 მერყევ შტატში გამარჯვება და აქედან მინიმუმ 2 ჟანგიანი სარტყელიდან უნდა იყოს. 

1980 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ჩრდილოეთ კაროლინა რესპუბლიკელთა კანდიდატს ირჩევდა. გამონიკლისი 2008 წელი იყო, როდესაც აფრო-ამერიკელი ამომრჩევლების მაღალი აქტივობის წყალობით ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. 

ჰარისის სტრატეგიაც სწორედ ობამას გამოცდილების გამეორებას ცდილობდა და სწორადაც - წარმატების ერთადერთი შანსი დემოკრატი კანდიდატისთვის აფრო-ამერიკელთა და უმაღლესი განათლების მქონე ამომრჩევლების მაღალი აქტივობაა. 

ჰარისის შტაბში მიაჩნიათ, რომ 7 მერყევ შტატში ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია ამომრჩეველთა 10% - ამ მცირერიცხოვან ჯგუფში განწყობების ცვლილებას შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს არჩევნების ბედზე. 

ჩრდილოეთ კაროლინელ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ გამარჯვება რეალურია - აქ კამპანიის ფოკუსი ტრადიციულად რესპუბლიკურად განწყობილი სუბ-ურბანულ დასახლებებში მცხოვრები უმაღლესი განათლების მქონე ქალები არიან, რომლებსაც განიზიდავს დონალდ ტრამპის რიტორიკა აბორტებთან დაკავშირებით. 

ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობენ ტრამპის შტაბში. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის კამპანია მიანიშნებს მის სურვილზე გახდეს, პირველი რესპუბლიკელი 2004 წლის შემდეგ, რომელიც ნევადაშიც გაიმარჯვებს. 

პატერნები 

უნასკნელ 2 საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები 7 მერყევი შტატიდან ექვსში იმარჯვებდნენ.

2020 წელს ტრამპა ნევადა 27 ათასი ხმით წააგო, ხოლო იმავე არჩევნებზე ბაიდენის ჩამორჩენა ჩრდილოეთ კაროლინაში 75 ათასს შეადგენდა. აქ ბაიდენმა 100 ათასით უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 4 წლით ადრე მისმა თანაპარტიელმა, ჰილარი კლინტონმა.

აღნიშნულ შტატებში აქტივობის ცვლილება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩენილიყო ორივე კანდიდატისთვის, მსგავსი ვითარებაა წელსაც. თეორიულად ორივე კანდიდატს შეუძლია შვიდივე მერყევ შტატში გამარჯვება. 

თუ კი 2016 და 2020 წლის არჩევნების მსგავსად კვლევები ბოლომდე ზუსტად ვერ ასახავს დონალდ ტრამპის მხარდაჭერის დონეს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს შვიდივე შტატში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. 

საპირისპიროდ - თუ კი კვლვები ცდებიან აქტივობის პროგნოზირებაში და ენთუზიაზმი და აქტივობა საკვანძო შტატებში პროგნოზირებულზე მაღალი იქნება კამალა ჰარისმა შესაძლოა ჯო ბაიდენის 2020 წლის გამარჯვების რუკა გაიმეოროს. 

ამავე კვლევების მიხედვით, მიმდინარე არჩევნები შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაძაბული და ახლო საპრეზიდენტო რბოლა აღმოჩნდეს, მაგრამ ექსპერტები მიუთითებენ, რომ არ არის გამორიცხული საპირისპირო სურათი მივიღოთ, რომელშიც რომელიმე კანდიდატი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. 

მეტიც, სავარაუდოა, რომ კვლევები დიდი ნაწილი კვლავ მცდარი აღმოჩნდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევების მიზანია მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენა რომილმე კანდიდატის მიმართ და არაც 1%-ის სიზუსტით შედეგის წინასწარმეტყველება პატარა მერყევ შტატში. 

7 მერყევ შტატში საშუალო სხვაობა ტრამპსა და ჰარისს შორის 1%-ს არ აღემატება, ხოლო კვლევების საშუალო აცდენის მაჩვენებელი ამავე შტატებში უკანასკნელ არჩევნებში საშუალოდ 4%-ს აღემატებოდა. 

(ვერ) გამორიცხული ფრე

თეორიულად არსებობს კომბინაცია, რომელიც საარჩევნო კოლეგიას 2 ზუსტ ნახევრად გაყოფს და ორივე კანდიდატს 269-269 ხმა ექნებათ. 

ამგვარი სცენარის შანსი გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ კამალა ჰარისი ვერ შეძლებს ნებრასკაში ვერცერთი ოლქის საარჩევნო კოლეგიის ხმის მიღებას - ნებრასკა 2-დან ერთ-ერთ შტატია, რომელშიც საარჩევნო კოლეგიის ხმები ცალკეულ ოლქებში გამარჯვებულებს ანიჭებს. 

კოლეგიაში ნებრასკას 1 ხმის გარეშე ჟანგიანი სარტყელის სამივე შტატში გამარჯვების შემთხვევაშიც კი ჰარისი ვერ აგროვებს კოლეგიის უმრავლესობას. ამავე სცენარში ფრისთვის საჭირო იქნება დონალდ ტრამპის გამარჯვება დარჩენილ ყველა მერყევ შტატში (ნევადა, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, არიზონა). 

კოლეგიაში ფრეს შემთხვევაში პრეზიდენტს კონგრესი გამოავლენს - პროცედურის მიხედვით თითო შტატს თითო ხმა ექნება. ამ შემთხვევაში არჩევნები სავარაუდოდ დონალდ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რადგანაც როგორც წესი რესპუბლიკური პარტია უფრო მეტ შტატში იმარჯვებს. 

საპირისპიროა სურათი თუ კი მშრალ რიცხვებს შევხედავთ - გასული 8 საპრეზიდენტო არჩევნებიდან შვიდში დემოკრატიულ პარტიამ უფრო მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო. საიდუმლოს გასაღები კი ზემოთ ნახსენები უნიკალური საარჩევნო სისტემაა. 

ნებრასკას გარდა ფრესკენ მიმავალი სხვა სცენარებიც არსებობს - ჯამურად ელექტორალური კოლეგიის გაყოფის 4 სცენარი არსებობს - პროექტ 538-ის ანგარიშით აფრეს ალბათობა 1:300-ს უახლოვდება. 

კანდიდატების დაპირებები 

კამალა ჰარისი 

  • უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელება და რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი კიევის მონაწილეობის გარეშე; 

  • ისრაელის დახმარების გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების დასრულება; 

  • რესპუბლიკური პარტიის წევრის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ახალ ადმინისტრაციაში; 

  • ინფლაციის მოთვინიერება, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციაზე და რიტეილერებისთვის საფასო კონტროლის დაწესება;

  • მსხვილი კორპორაციებისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების გაუქმება და კაპიტალის ამონაგების გადასახადის 28%-მდე გაზრდა იმ პირებისთვის, რომელთა შემოსავალიც წლიურად $1 მილიონს აღემატება; 

  • პირველადი შენატანისთვის 25 ათასამდე დოლარის გამოყოფა იმ წყვილებისთვის, ვინც პირველ საცხოვრებელს ყიდულობენ; 

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათების გაზრდა; 

  • მინიმალური ხელფასის გაზრდა და ანაზღაურებადი შვეუბულების შემოღება ოჯახური ან ავადმყოფობის მიზეზის გამო; 

  • გადასახადების გაუქმება მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანიების მიერ მიღებულ ე.წ. "ჩაიზე";

  • ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკებების მეშვეობით მედიკამენტებზე ფასის დაწევა; 

  • პროფკავშირების მხარდამჭერი კანონის შემოღება; 

  • საგადასახადო შეღავათების გაზრდა ბავშვიანი ოჯახებისთვის 2 ათასიდან 6 ათას დოლარამდე; 

  • კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ დონეზე აბორტის უფლების გარანტირებას ითვალისწინებს;

დონალდ ტრამპი 

  • უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე; ტრამპის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის აზრით, ტრამპის გეგმა შემდგენაირი იქნება: საომარი მოქმედებების შეჩერება ფრონტის არსებულ ხაზებზე, დემილიტარიზებული ზონების შექმნა და უკრაინის უბლოკო სტატუსი; 

  • ისრაელის დახმარების გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების დასრულება; 

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი პირების მასობრივი დეპორტაცია (ვენსის ცნობით, საუბარია 1 მილიონ მიგრანტზე); 

  • საზღვრის დალუქვა და კვეთის შერბილებული ზომების მაქსიმალურად გამკაცრება; 

  • ისრაელში არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემის, "რკინის გუმბათის" ანალოგის შექმნა; 

  • მთელ იმპორტზე 10%-იანი ტარიფების, ხოლო ჩინური წარმოების იმპორტზე 60%-იანი ტარიფის დაწესება; 

  • ამერიკაში წარმოების მქონე კორპორაციებისთვის საგადასახადო ტვირთის 21-დან 15-%მდე შემცირება; 

  • მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მომხმარებლების მიერ დატოვებული "ჩაიზე" გადასახადებისა და უცხოეთში მცხოვრები ამერიკელებისთვის ორმაგი საგადასახადო რეჟიმის გაუქმება; 

  • ბარაკ ობამას წლებში შემოღებული სამედიცინო დაზღვევის სისტემის (Obamacare) ჩანაცვლება; 

  • ბავშვიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათის 5 ათას დოლარამდე გაზრდა; 

  • შტატებისთვის აბორტის საკითხის გადაწყვეტის გარანტირება; 

  • იმ სკოლების ფედერალური დაფინანსების შემცირება სადაც ბავშვების კრიტიკულ რასობრივ თეორიასა და ტრანსგერდირიზმის საკითხებს ასწავლიან; 

  • ტრანსგენდერებისთვის ქალთა სპოტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა; 

როდის გვეცოდინება შედეგები 

პირველად საარჩევნო უბნები ვერმონტის შტატში გაიხსნება. უბნების გახსნის დრო დამოკიდებულია სასაათო სარტყელზე, თუმცა აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი საქართველოს დროით 16 საათზე გაიხსნება, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ამომრჩევლები კენჭისყრას კი 3 საათით გვიან დაიწყებენ. 

ხმებს 3143 ადგილობრივი საარჩევნო კომისია ითვლის. ბიულეტენების, ურნების გახსნის შემდეგ იწყება ხმების ხელით გადათვლა. ფოსტით მოსული ბიულეტენების შემთხვევაში კომისიამ უნდა გადაამოწმეს ამომრჩევლის რეგისტრაცია, ხომ არ არის განმეორებითი მონაწილეობა და შეესაბამება თუ არა მისი ხელმოწერა მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშს.

შემდეგ იწყება ბიულეტენების ხელით ან სპეციალური სკანერების მეშვეობით გადათვლა. პროცესს აკვირდებიან ორივე პარტიის წარმომადგენლები.  

პენსილვანიის მთავრობაში ამბობენ, რომ ფოსტით მოსული ბიულეტენების დამუშავებას საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე შეძლებენ. მაშინ, როდესაც კიდევ ერთ მერყევ შტატში არიზონაში დათვლის პროცესი შესაძლოა 2 კვირა გაგრძელდეს. 

ხმების სრულად დამუშავებას რამდენიმე კვირა ჭირდება, თუმცა გამარჯვებული გაცილებით უფრო ადრე გვეცოდინება. ექსპერტების (race callers) მონაწილეობით სხვადასხვა მსხვილი არხები ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ასახელებენ ამა თუ იმ შტატში გამარჯვებულ კანდიდატს. პროცესი ეყრდნობა ადგილობრივი საარჩევნო უბნებიდან მოსულ რიცხვებს, ეგზითპოლებს, კენჭისყრის წესებს და ამა თუ იმ ოლქის დემოგრაფიულ სურათს და წარსული არჩევნების გამოცდილებას.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი შედეგების გასაგებად რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მაგალითად, 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კენჭისყრიდან 4 დღის შემდეგ გახდა ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები