აშშ-ს ელჩი ნატოში უკრაინის შეიარაღებაზე მნიშვნელოვან განცხადებას აანონსებს

შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შეიარაღების შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აანონსებს.
ვითარების არსი: ამის შესახებ მეთიუ უაიტაკერმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
- უიტაკერს არ დაუკონკრეტებია თუ რა შეიარაღებაზეა საუბარი, თუმცა მისი თქმით გადაწყვეტილება ხვალ, 15 ოქტომბერს გამოცხადდება.
- ამავე გამოსვლაში უაიტაკერმა განაცხადა, რომ სამხრეთ-ევროპული ქვეყნები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთნონ PURL-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას იღებს.
- "ეს პროგრამა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ"- განაცხადა უაიტაკერმა.
დიდი სურათი: ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა შეიარაღებაზეა საუბარი, თუმცა გასულ კვირებში მთავარი თემა Tomahawk-ის ტიპის შორეული რაკეტების გადაცემა იყო.
- 7 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "თითქმის" გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის შორეული რაკეტების მიწოდება - უნდა გავარკვიოთ როგორ გამოიყენებენ ამ რაკეტებს, სად გაგზავნიან. ვფიქრობ ეს კითხვა უნდა დავსვა."
- დასავლური მედია წერდა, რომ სექტმებერში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, თუმცა უარი თქვა Tomahawk-ების მიყიდვაზე.
- ცოტა ხნის წინ ვალდაის ფორუმზე დასმული კითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა, მიმდინარე ომის ესკალაციის ახალი ფაზა იქნება და რომ ეს "მოსპობს რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში გამოკვეთილ დადებით ტენდენციებს.
კონტექსტი: აღნიშნული რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2500 კილომეტრია, ამგვარად მათი მეშვეობით უკრაინა შეძლებს დარტყმების განხორციელებას არამხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგზე, არამედ რუსეთის კიდევ 60 მოშორებულ რეგიონზე.
- ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ მარაგების სიმცირისა და სხვა ტექნიკური სირთულეების გამო TOMAHAWK-ების გადაცემა ნაკლებად მოსალოდნელია.
- გამოცემის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ სხვა ტიპის შეიარაღებას მიიღებს, რომლის მოქმედების რადიუსიც TOMAHAWK-ზე ნაკლებია, თუმცა ჯერადად აღემატება უკრაინის არმიის ახლანდელ შესაძლებლობებს.
სიღრმისეულად: აშშ-ს უკრაინისთვის მხოლოდ 20-დან 50-მდე Tomahawk-ის რაკეტის გადაცემა შეუძლია – FT