2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულმა თავდასხმამ არამხოლოდ ისრაელი და პალესტინა, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეცვალა და დასავლური საზოგადოებების განწყობაზეც მოახდინა გავლენა.
სასტიკ ტერაქტს ისრაელის 1200 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 2000-ზე მეტია. ამას მოჰყვა ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება. ისრაელის სამხედრო კამპანიას 65 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, მათგან 25 ათასი ჰამასის მებრძოლია.
მსხვერპლთან ერთად, ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიას მასობრივი ნგრევა და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ომი მნიშვნელოვნად აისახა ყველა რიგითი ღაზელის ცხოვრებაზე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ომის ზოგიერთ ეტაპზე არასაკმარისი ჰუმანიტარული დახმარების შესვლის და ჰამასის მიერ ღაზაში შესული დახმარების ძარცვის და მისი გვირაბებში გატაცების გამო, ღაზაში ნაწილებში შიმშილის დადასტურებულ ფაქტებს ვაწყდებოდით. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა შიმშილით ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებიც კი დაადასტურეს.
ამ ომმა კიდევ უფრო შეამცირა ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტში დიდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელების შანსები. პალესტინურ და ისრაელის საზოგადოებებში მოწინააღმდეგის მიმართ ზიზღმა აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც ცხადია პოლიტიკურ ელიტაზეც ახდენს გავლენას.
გარდა ამისა, ღაზაში მიმდინარე ომმა დომინოს ეფექტით იმოქმედა მთელ ახლო აღმოსავლეთზე - ირანი და მის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძი" ფაქტობრივად განადგურების ზღვარზეა. 7 ოქტომბრის თავდსხმიდან ორი წლის თავზე ისრაელმა ეს ღერძი მნიშვნელოვნად დაასუსტა:
- ჰამასი - ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე, მისი მოადგილე სალეჰ ალ-არური, ღაზაში ჰამასის ლიდერი და ისრაელზე თავდასხმის ინიციატორი იაჰია სინვარი, სამხედრო ფრთის ლიდერი მუჰამედ დეიფი და სხვა მაღალჩინოსნები.
- ჰეზბოლა - ისრაელმა რამდენიმეთვიანი კამპანიის შედეგად გააანადგურა ტერორისტული ორგანიზაციის სარაკეტო გამშვები მოწყობილობების უდიდესი ნაწილი, სამხრეთ ლიბანში ისრაელზე თავდასხმისთვის შექმნილი უზარმზარი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გვირაბების ქსელი, ლიკვიდირებულია ორგანიზაციის ლიდერი და დამფუძნებელი ჰასან ნასრალა, სამხედრო ლიდერი ფუად შუქრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.
- ჰუსიტები - ისრაელი რეგულარულად ბომბავს იემენელი ჰუსიტების სამხედრო ობიექტებს, ერთ-ერთი ავიადარტყმისას ლიკვიდირებულია იემენელი ჰუსიტები მთავრობის მინისტრების უმრავლესობა.
- ირანი - 2025 წლის ზაფხულში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება იყო. ბირთვული ობიექტების დაბომბვასთან ერთად, ამ ომში ისრაელმა მოკლა 10-ზე მეტი ბირთვული მეცნიერი და ირანის სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები.
შეცვლილი რეგიონული კონტექსტი ჰამასისა და ისრაელის შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ "წინააღმდეგობის ღერძის" დასუსტებასთან ერთად, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა ჰამაზე კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის უზარმაზარმა ზეწოლამ, როგორიც აქამდე ჩვენ ჯერ არ გვინახავს. ამას კი თავის მხრივ აშშ-ს მხრიდან ამ სამ ქვეყანასთან აქტიური კომუნიკაცია განაპირობებს.
დოჰაში, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერზე, ხალილ ალ-ჰაიაზე ისრაელის წარუმატებელი დარტყმის შემდეგ, კატარი კარგად იაზრებს, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის და მხოლოდ აშშ-ს შეუძლია რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. კატარმა მიიღო ბოდიში ისრაელისგან წარუმატებელი საჰაერო იერიშისთვის და აშშ-ის ვალდებულება მისი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ახალი პაქტით.
თავის მხრივ, ის, როგორც ჰამასის ლიდერების მასპინძელი ქვეყანა, განსაკუთრებულ ბერკეტებს ფლობს ტერორისტულ დაჯგუფებაზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი აქტორია თურქეთი, რომელსაც აშშ-სგან F-35-ის პროგრამაში ჩართვა, სანქციების მოხსნა და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება სურს. თუმცა ამისთვის, დონალდ ტრამპმა მისგან ჰამასზე ზეწოლის გაზრდა და შეთანხმების მიღწევაში დახმარება მოითხოვა.
შეთახმების მიღწევაში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ეგვიპტეს, რომელიც შეშფოთებულია ღაზელების იძულებითი გადასახლების შესაძლებლობით სინაის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. ამაზე უკვე ისაუბრა დონალდ ტრამპმა და აქტიურად საუბრობენ ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე მინისტრები. საპასუხოდ, ეგვიპტის არმია სასაზღვრო რაიონებშია მობილიზებული და ისრაელთან მისი ურთიერთობა მკვეთრად დაძაბულია. მეტიც, 17 სექტემბერს, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ 1977 წლის შემდეგ პირველად, ისრაელს "მტერი" უწოდა.
ღაზაში მიმდინარე ხანგრძლივი ომი ქვეყნის ხელისუფლებას ურთულეს მდგომარეობაში აყენებდა: ხელისუფლების ინტერესშია ისრაელთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომელიც რეგიონის სამხედრო ჰეგემონია და ეგვიპტეს იმპორტირებული ბუნებრივი აირის 72%-ს აწვდის. ამავდროულად, საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად პალესტინელების მხარდამჭერია და ეს საგარეო პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას უქმნის.
სწორედ ამიტომ, ეგვიპტის ინტერესში იყო ღაზაში ომის უსწრაფესად დასრულება და ამ საკითხის მედია დღის წესრიგიდან მოხსნა.
საბოლოოდ, ჰამასი, რომელიც უკიდურესად დასუსტდა, 2023 წლის შემდეგ პირველად, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა და უარი თქვა იმ ულტიმატუმზე, რომელიც აქამდე ომის დასრულებას და საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს ხდიდა - ჰამასი დაეთანხმა ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის 72 საათში ისრაელისთვის გადაცემას.
ისტორიული შეთანხმების მთავარ გარანტად დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრებიან.
განმარტებითი ბარათის დღევანდელ ეპიზოდში მოგიყვებით ისრაელისა და ჰამასის ამ შეთანხმების შესახებ: როდის გათავისუფლდებიან მძევლები, როგორია ღაზას მომავალი და რა როლი ექნება ჰამასს მის მართვაში, საერთაშორისო აქტორების ჩართულობა და ა.შ.
____________________________________________________________
9 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, რომლის ფარგლებშიც ისრაელი ყველა მძევალს დაიბრუნებს და ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება.
შეთანხმება ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეფუძნება, რომლის ავტორებიც სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი არიან. გეგმაში საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეთა გაცვლასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ღაზის მართვა, თავდაპირველად, გადავა ტექნოკრატიული კომიტეტის ხელში, ასევე შეიქმნება "სამშვიდობო საბჭო," რომელშიც ჩართული იქნებიან დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ასევე საუბარია ღაზას აღდგენაზე, რომელსაც არაბული ქვეყნები დააფინანსებენ.
იძულებით გადაადგილებული ათასობით პალესტინელი ქალაქ ღაზაში ბრუნდება
მხარეები გამორიცხავენ, რომ ღაზას მართვას ჰამასი დაუბრუნდება, ამის შესახებ თავად ტერორისტული დაჯგუფებაც აცხადებს. თუმცა, ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე — ერთ-ერთ მთავარ პირობაზე, რომელსაც ისრაელი აყენებს. ეს დეტალები მძევლების გათავისუფლების შემდეგ, შეთანხმების მეორე ფაზაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უფრო ცხადი გახდება.
მძევლებისა და პატიმრების გაცვლა
ჰამასის მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა, რომ ისრაელი თითქმის 2000 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს დაახლოებით 20 ცოცხალი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ეს მოიცავს 250 ტერორისტს, რომლებიც სამუდამო პატიმრობას იხდიან და 1,700 სხვას, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ დააკავეს.
გაცვლა შეთანხმების ამოქმედებიდან 72 საათის განმავლობაში მოხდება, რაც ასევე შეთანხმებულია სხვა პალესტინურ ფრაქციებთან. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ყველა მძევალი ჰამასს არ ჰყავს დატყვევებული.
ისრაელის მთავრობის ცნობით, მძევლები ორშაბათს დილით გათავისუფლდებიან. დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელი 28 მოკლული მძევლის ცხედარსაც დაიბრუნებს. თუმცა ჰამასმა განაცხადა, რომ შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს ზოგიერთი ცხედრის მოსაძებნად და მიანიშნა, რომ ზოგიერთი შეიძლება ვერც მოიძებნოს.
Walla-ს ცნობით, ისრაელი არ გაათავისუფლებს ისეთ ცნობილი ტერორისტებს, როგორებიც არიან: მარვან ბარღუტი, აჰმად საადათი, ჰასან სალამე ან აბას ალ-საიედი, რომელთა გათავისუფლებასაც ჰამასი ითხოვდა. ანალოგიურად, არ გათავისუფლდებიან ჰამასის ტერორისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში ისრაელზე.
ისრაელი თითო მიღებული ცხედრის სანაცვლოდ 15 პალესტინელის ცხედარს დააბრუნებს.
ჯარების გაყვანა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი
საუდის არაბეთის ტელევიზიამ "ალ-ჰადათმა" ხუთშაბათს განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების 72 საათის ათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ისრაელის ჯარები ღაზაში შეთანხმებულ ხაზებზე დაიხევენ უკან. ისრაელის მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა შეთანხმებას და მხოლოდ მისი ულტრამემარჯვენე წევრები იყვნენ წინააღმდეგი. კაბინეტი ხუთშაბათს ნაშუადღევს შეიკრიბება გარიგების დასამტკიცებლად. ისრაელი ღაზის სექტორის 53%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.
რონ დერმერი, სტივ უიტკოფი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯარედ კუშნერი ისრაელის მთავრობის სხდომაზე, 9 ოქტომბერი, 2025 წელი
შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის ჯარების "დაგეგმილ გაყვანას," რასაც ისრაელში ვიზითი მყოფმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმაც გაუწიეს მონიტორინგი. ისრაელის ძალები გავლენ რაფას გადასასვლელიდან და მის მიმდებარე ტერიტორიიდან. შეთანხმება ასევე მოიცავს პალესტინელი პაციენტებისა და დაჭრილების ეგვიპტეში სამკურნალოდ გადაყვანას და რაფას გადასასვლელი ორივე მიმართულებით გაიხსნება, როგორც კი შეთანხმება ძალაში შევა.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ხუთი დღის განმავლობაში ღაზას სექტორში ყოველდღიურად მინიმუმ 400 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება შევა, რაც მომდევნო დღეებში გაიზრდება.
ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, იძულებით გადაადგილებული 500 ათასზე მეტი პალესტინელი უკვე დაბრუნდა ღაზაში. ამავდროულად, ჰამასის მებრძოლები მთელი სექტორის მასშტაბით გამოჩნდნენ ქალაქების ქუჩებში და ისრაელთან თანამშრომლობაში შემჩნეული ან ჰამასის წინააღმდეგ აქციებში ჩართული მოქალაქეების დახოცვა დაიწყეს. მათ ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტებიც დააყენეს.
ამავდროულად, ღაზში ჰამასის და ისრაელის მიერ შეიარაღებული კლანების ომი მიმდინარეობს. ერთ-ერთ შეტაკებაში ალ-მუჯაიდას კლანმა ხან იუნისში ჰამასის შეტევა მოიგერია და უკან დაახევინა. მერე ასეთი დაჯგუფებაა ე.წ. "სახალხო ძალები", რომელსაც იასერ აბუ შაბაბი ხელმძღვანელობს რაფაში და რომელსაც ისრაელი აიარაღებს. ამასთანავე, ჰოსამ ალ-ასტალის კლანი ასევე ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც ხშირად ჰამასს ეწინააღმდეგება.
კონტექსტი
ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებას 48 მძევალს ჰყავს, მათ შორის 47 ისეთია, ვინც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მეთაურობით ტერორისტებმა გაიტაცეს. ეს რაოდენობა მოიცავს სულ მცირე 26 ცხედარს, რომელთა დაღუპვაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა.
ითვლება, რომ მათგან 20 ცოცხალია და არსებობს სერიოზული შეშფოთება ორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საერთო რაოდენობაში მოიაზრება IDF-ის ჯარისკაცი, რომელიც 2014 წელს დაიღუპა ღაზაში.
2025 წლის იანვრიდან მარტამდე ცეცხლის შეწყვეტის დროს, ჰამასმა გაათავისუფლა 30 მძევალი — 20 ისრაელელი სამოქალაქო პირი, ხუთი ჯარისკაცი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე — და რვა მოკლული ისრაელელი ტყვის ცხედარი. ამასთანავე კიდევ ერთი მძევალი, ამერიკა-ისრაელის ორმაგი მოქალაქე, 2025 წლის მაისში, როგორც "კეთილი ნების ჟესტი" გაათავისუფლა ჰამასმა.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ 105 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში, და ოთხი მძევალი გაათავისუფლეს მანამდე, ომის ადრეულ კვირებში. სანაცვლოდ, ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 2000 პალესტინელი ტერორისტი, უსაფრთხოების პატიმარი და ომის დროს დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი.
რვა მძევალი ტყვეობიდან ისრაელელმა სამხედროებმა ცოცხლად გადაარჩინეს და 51-ის ცხედარი იპოვეს, მათ შორის სამი შეცდომით მოკლეს ისრაელელმა სამხედროებმა, როდესაც ისინი თავიანთი გამტაცებლებისგან გაქცევას ცდილობდნენ.