16 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტია რიგით მეოცე ყრილობას გამართავს.
ტიანანმენის მოედანზე მდებარე ხალხის დიად დარბაზში ათასობით დელეგატი ყოველ ხუთ წელში ერთხელ იკრიბება და პარტიის - შესაბამისად, ქვეყნის - ახალ ლიდერს ამტკიცებს.
თუმცა, წლევანდელ პარტიულ კონგრესს ჩინეთის მოქმედი ლიდერისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
სწორედ ოქტომბრის ყრილობაზე გაირკვევა, შეძლებს თუ არა სი ძინფინგი კომპარტიის - მსოფლიოს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაციის - და პლანეტის ზომით მეორე ეკონომიკის მთავარ მესაჭედ დარჩენას.
„ჩვენი ბედისწერა ჩვენს ხელშია. თუ მცდარ გზას ავირჩევთ, ჩვენი მიზნების მიღწევას ვერ შევძლებთ და, შესაძლოა, ჩინური ცივილიზაციის დიად აღორძინებასაც ვერ ვეღირსოთ“, - ამ გზავნილით მიმართა ყრილობამდე ერთი თვით ადრე „წითელ პრინცად“ წოდებულმა სიმ კომუნისტური პარტიის წევრებს.
ტოტალიტარული რეჟიმის ჩინეთში, სხვა ავტორიტარული ქვეყნების მსგავსად, ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკური გავლენა წინასწარ დაგეგმილი ქორეოგრაფიით მიმდინარეობს.
თუმცა, მეოცე ისტორიულ სამიტს სი ძინფინგი უსიამოვნო გამოწვევებით ხვდება, რაც, ზოგის აზრით, მოსალოდნელი მოულოდნელობის საწინდარი შეიძლება გახდეს.
პანდემიის მართვის „ნულოვანი ტოლერანტობით“ გამორჩეულმა პოლიტიკამ, ვალებით დამძიმებულმა ბაზარმა და მეწარმეობაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებამ ჩინეთს უჩვეულოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემები დაატეხა თავს.
ტაივანის სრუტეში შექმნილი მდგომარეობა პოტენციურ სამხედრო ესკალაციის ალბათობას ზრდის.
ურჩი „უმცროსი ძმის“ - რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა კი პეკინს ახალი გეოპოლიტიკური თავისტკივილი გაუჩინა.
რამდენიმე დღეში, ჩვეულებრივ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესი ცოტა ხნით მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცევა.
RealPolitika მეოცე ყრილობას სტატიების ციკლით ეხმაურება, რომელიც დაინტერესებულ მკითხველს ჩინეთის პოლიტიკის უფრო ახლოს და ღრმად გაცნობაში დაეხმარება.
პირველ ნაწილში ყურადღებას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ ნერვზე - პოლიტბიუროზე - შევაჩერებთ და მის მოქმედ და პოტენციურ კანდიდატებს გავიცნობთ.
ეროვნული ყრილობა - ვინ მართავს პარტიას?
კომპარტიის ეროვნული ყრილობა ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და ჩინეთის მთავარ მოვლენად ითვლება. ყრილობის სესიებზე, რომელიც საშუალოდ ერთ კვირას გასტანს, შემდეგი ხუთი წლის პოლიტიკური კალენდარი იგეგმება.
ხალხთა დიად დარბაზში შეკრებილი 2300 დელეგატის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას. საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვის მიუხედავად, ჩინეთში ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა ხუთწლედის მოდელით ხდება.
პარტიის დელეგატები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას (თუ შეფერხებას) აფასებენ და მომდევნო წლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპებს იმუშავებენ - მაკროეკონომიკური პარამეტრების სამიზნე მაჩვენებლებიდან სურსათზე ფასების კონტროლამდე.
ყრილობას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დატვირთვა აქვს. ხუთ წელიწადში ერთხელ, ყრილობა პარტიის წესდებაში - რომელსაც კონსტიტუციის ძალა აქვს - შესაძლო ცვლილებებს უყრის კენჭს. ეს პარტიის ლიდერს საშუალებას აძლევს, თამაშის წესები თავის სასარგებლოდ გადასინჯოს. ამის ნათელი მაგალითი პარტიის მე-19 ყრილობა იყო, როცა სიმ ძალაუფლება, ფაქტობრივად, უვადოდ გაიხანგრძლივა.
ბოლოს, სწორედ ყრილობის დროს წყდება, თუ ვინ - და რა მოცულობის - ძალაუფლებას აიღებს ხელში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ფორმალურად, ყრილობაზე მოწვეულ 2300 დელეგატს კომპარტიის 92 მილიონამდე წევრი ასახელებს. მათ ჩინეთის 34 პროვინციიდან და რეგიონიდან ირჩევენ და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფოს ყველა ფენას წარმოადგენენ. პეკინში წარგზავნილებს შორის შეხვდებით გავლენიან გუბერნატორებს, პარტიულ ბოსებს, გენერალიტეტს, ისევე როგორც ოლიმპიურ ჩემპიონებს, ასტრონავტებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს.
დელეგატების რიგებიდან პარტიის ცენტრალური კომიტეტის 205 ნამდვილ და 171 სარეზერვო წევრს ირჩევენ. ცენტრალური კომიტეტის წევრები კი, შესაბამისად, ხმას აძლევენ, თუ ვინ დააკომპლექტებს პარტიის პოლიტბიუროს, რომელიც ამჟამად 25 წევრისგან შედგება.
თუმცა, დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით - და საბჭოთა მოდელის მსგავსად - ჩინეთის კომპარტიაში არჩევნების განსხვავებული გაგება არსებობს. რეალურად, ცენტრალური კომიტეტის კანდიდატებს პოლიტბიუროს წევრები ასახელებენ, ხოლო დელეგატების მიერ ხმის მიცემას „დემოკრატიული რეკომენდაციის“ სახე აქვს. თავად პოლიტბიუროს შემადგენლობაზე კი წამყვანი სიტყვა პარტიის ლიდერს ეკუთვნის.
პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი
პოლიტბიუროს მუდმივი (მუდმივმოქმედი) კომიტეტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის და შესაბამისად - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის - ყველაზე გავლენიანი ორგანოა.
მუდმივი კომიტეტი ყოველთვის უსაზღვრო ავტორიტეტით არ სარგებლობდა. დაფუძნებიდან პირველი 27 წლის განმავლობაში, სახალხო რესპუბლიკის მმართველ ორგანოს უზენაესი ლიდერი, მაო ძედუნი, ერთპიროვნულად აკომპლექტებდა. 1978 წელს ძალაუფლება ხელში რეფორმისტული ხედვებით გამორჩეულმა დენგ სიაპინგმა აიღო. დენგი, რომელიც უზენაესი ლიდერის ტიტულს ატარებდა, პოლიტბიუროს წევრებს ძირითადად თავად წარადგენდა, თუმცა პარტიის გავლენიანი რვა უხუცესი წევრისთვის (რომლებსაც რვა უკვდავის სახელით იცნობდნენ) ანგარიშის გაწევა უწევდა. მუდმივმა კომიტეტმა განსაკუთრებული სტატუსი 1992 წელს შეიძინა, როცა დენგ სიაოპინგმა უხუცესებით დაკომპლექტებული ცენტრალური სათათბირო უწყება დაშალა.
ისტორიულად, კომიტეტის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა ლიდერის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას განსაზღვრავდა. წევრების შემცირება ერთპიროვნული ლიდერის გავლენის განმტკიცებას მოასწავებდა, შემადგენლობის გაფართოება კი წევრებს შორის ძალაუფლების და კომპეტენციების გადანაწილებას იწვევდა.
დენგ სიაოპინგის მმართველობის დროს, როცა კომიტეტს სულ ხუთი წევრი ჰყავდა, რეალური ძალაუფლება ხელში პარტიის უხუცესებს ეპყრათ. 1992 წელს დენგის მემკვიდრე ძიანგ წემინმა კომიტეტი შვიდ წევრამდე გააფართოვა. ხუ ძინთაო, რომელიც ჩინეთს 2002-2012 წლებში მართავდა, კომიტეტში რვა სხვა წევრთან ერთად თათბირობდა.
კომიტეტის ზომის ზრდას პოლიტბიუროს მაღალჩინოსნებს შორის ძალაუფლების გადანაწილება მოჰყვა. ხუს კომიტეტს ხშირად ჩინური გამოთქმით ახასიათებდნენ -„ცხრა დრაკონი, რომლებიც წვიმას მოსვლას განკარგავენ“. ბევრი დრაკონი ვერ ახერხებს შეთანხმდეს, როდის წამოვიდეს წვიმა, მაშინ როცა მხოლოდ ერთ დრაკონს ნალექების მოყვანა არ ძალუძს. როცა ძალაუფლება ხელში „წითელმა პრინცმა“ აიღო, მან კომიტეტის წევრთა რაოდენობა შვიდამდე შეამცირა, რამაც ხუ ძინთაოს პერიოდში მოქმედი ძალთა ბალანსი კვლავ ლიდერის სასარგებლოდ გადაწონა.
ამჟამად მუდმივ კომიტეტში სი ძინფინგთან ერთად შედიან: პრემიერი ლი კეციანგი, პარლამენტის თავმჯდომარე ლი ჭანშუ, პარტიული სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელი ვანგ იანგი, პარტიის მთავარი იდეოლოგი ვანგ ხუნინგი, ანტიკორუფციული უწყების უფროსი ჭაო ლეძი და ვიცე პრემიერი ხან ჭენგი. კომიტეტის წევრთა ასაკი 65 წელს აღემატება - ყველაზე უფროსი, სი ძინფინგი, 69 წლისაა.
გაზრდის თუ შეამცირებს მესამე ვადით არჩეული სი კომიტეტის შემადგენლობას? ჩინეთის მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის ლიდერი კომიტეტის მნიშვნელოვნად გადახალისებას არ შეეცდება.
აქამდე პარტიის თავმჯდომარე მეტი კონტროლის მოსაპოვებლად პოლიტბიუროს შეკვეცას მიმართავდა. თუმცა, სიმ - საკადრო „წმენდის“ შედეგად - ძალაუფლება უკვე განიმტკიცა და მას წევრების რაოდენობის შემცირება არ სჭირდება. ამავდროულად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, „წითელი პრინცის“ მთავარ პრიორიტეტს ძალაუფლების ცენტრალიზაციას წარმოადგენდა. კომიტეტში ახალი ადგილების დამატება კი ძალაუფლების კონცენტრაციას შეასუსტებს.
თუ მოლოდინების მიუხედავად, კომიტეტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად - მაგალითად, ცხრამდე - გაიზარდა, ეს ფარული შიდა დაპირისპირების ნიშანი იქნება და სის პოზიციების შერყევაზე მიუთითებს, - მიიჩნევს შანხაის უნივერსიტეტის პროფესორი ჩენ დაოინი.
ვინ ვინ არის ჩინეთის პოლიტბიუროში?
ლი კეციანგი
ჩინეთის მთავარ ტექნოკრატად ცნობილი ლი კეციანგი უკვე ცხრა წელია, კომუნისტური პარტიის იერარქიაში „ნომერი ორის“ ადგილს იკავებს. სახელმწიფო საბჭოს პრემიერი (პრემიერ-მინისტრის ანალოგი) ჩინელი მაღალჩინოსნების იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც დასავლელ პარტნიორებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია შეუძლიათ.
ლი „კულტურული რევოლუციის“ დასრულების შემდეგ პეკინის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე პირველი მიღების სტუდენტი იყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა გონგ სიანგრუიმ, რომელსაც განათლება 1930-ანი წლების ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. ლიმ განათლება ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც დოქტორის ხარისხს დაეუფლა. ერთ-ერთი დასავლელი ბიზნესმენის ცნობით, სამეცნიერო წარსულის მქონე პრემიერი ხშირად ეცნობა ინგლისურ ენაზე ჩინეთის შესახებ შექმნილ აკადემიურ ნაშრომებს.
ლიმ კარიერული აღმასვლა ჩინეთის კომპარტიის ახალგაზრდული ლიგის გავლით მოახერხა. კომპარტიის ენერგიული მუშაკი მალე ჩინეთის ცენტრალურ, ჰენანის პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც მან პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობას მიაღწია. ლიმ განსაკუთრებულ პრიორიტეტად ეკონომიკის მართვის მოდელის ოპტიმიზაცია დასახა. ჩინეთში სტატისტიკური ინფორმაცია პარტიის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და ხშირად რეალობას მნიშვნელოვნადაა აცდენილი. ამის მაგიერ ლიმ „კეციანის ინდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკური აქტივობის გასაზომად სამ პარამეტრს - ტვირთის გადაზიდვებს, ელექტროენერგიის მოხმარებას, და დაკრედიტების მაჩვენებელს ითვალისწინებს.
2013 წელს, როცა ლიმ პრემიერის პოსტზე ვენ ძიაბაო ჩაანაცვლა, ტექნოკრატ მმართველს ბევრი სი ძინფინგის დამაბალანსებელ ძალად მიიჩნევდა. მკაცრი, ხშირად უხეში ეკონომიკური შეზღუდვების მომხრე სისგან განსხვავებით, ლი ბაზრის თანდათანობით ლიბერალიზაციას უჭერს მხარს. ის უარს ამბობდა ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მასშტაბურ ფისკალურ ინტერვენციაზე და ვალის დონის შემცირებას ლობირებდა. მას მიეწერება ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების ინიციატივებიც. მის ეკონომიკურ დოქტრინას მოგვიანებით „ლიკონომიკა“ უწოდეს.
ლიმ, რომელსაც ბევრი ხუ ძინთაოს მემკვიდრედ მოიაზრებდა, თანამდებობის შენარჩუნება სის მეორე ვადის დროსაც შეძლო. თუმცა, ჩინეთის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის განახლებულ პოლიტბიუროში პრემიერმა განსხვავებული ფუნქცია შეიძინა და პოლიტიკის დამგეგმავიდან პოლიტიკის განმახორციელებლად იქცა. ქვეყნის ორი უმაღლესი თანამდებობის პირის ხედვებს შორის განსხვავებამ პანდემიის დროს განსაკუთრებულად იჩინა თავი. სი ძინფინგის „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის საპირწონედ, პრემიერ-მინისტრი რეგულაციების უარყოფით ეკონომიკურ ეფექტის აღიარებას არ ერიდება.
პარტიის ლიდერისგან განსხვავებით, მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ორი ვადაზე მეტით დარჩენას ვერ შეძლებს. მაგრამ შეძლებს თუ არა 67 წლის ტექნოკრატი მუდმივ კომიტეტში დარჩენას? ანალიტიკოსების ვარაუდით, ლი პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს და სი ძინფინგის ავტოკრატიული ხაზის დაბალანსებას კვლავ შეეცდება.
ლი ჭანშუ
ეროვნული სახალხო კონგრესის (ჩინეთის პარლამენტი) თავჯმდომარე ლი ჭანშუ სის ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირის რეპუტაციითაა ცნობილი. სი და ლი პარტიული კარიერის ადრეულ წლებში დამეგობრდნენ, როცა ისინი 1980-ან წლებში ჩრდილოეთ ჩინეთის ხებეის პროვინციაში მეზობელი რეგიონების პარტიულ უფროსებად დაინიშნნენ. მას შემდეგ ლიმ სისთან და მისი ოჯახის წევრებთან მჭიდრო ურთიერთობის გაბმა შეძლო. სწორედ ლი ეხმარებოდა სის ოჯახის წევრებს სის მამის, ჩინეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის, ლი ჭონგსუნის კანონიკური ბიოგრაფიის შედგენაში. კომპარტიის შიდა წრეებთან დაახლოებული წყაროების თანახმად, „წითელი პრინცი“ ლის იდეოლოგიურად მასთან ყველაზე ახლოს მდგომ ფიგურად მიიჩნევს. პარტიის დაუწერელი წესის თანახმად, 72 წლის პარლამენტის სპიკერს წელს პენსიაზე გასვლა უწევს. თუმცა, სის მიმართ თავდადებულმა ერთგულებამ ლის შესაძლოა კიდევ ერთხელ გაუწიოს სამსახური.
ვანგ იანგი
ვანგ იანგს ხშირად სი ძინფინგის „ლიბერალურ სახედ“ მოიხსენიებენ. კომპარტიის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს - პოლიტიკური სათათბირო საბჭოს - ლიდერია. მის კარიერულ ზრდას ხელი შეუწყო 2007-12 წლებში ჩინეთის ეკონომიკურ რეფორმებში შეტანილმა წვლილმა. ვანგს „გუანგდონგის მოდელის“ შექმნა მიეწერება, რომელიც რეგიონში დაბალტექნოლოგიური და იაფი მუშახელის წარმოების მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. ვანგმა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ საწარმოებს მეტი ავტონომიურობა მიანიჭა. „მიუხედავად იმისა, რომ ვანგმა პროვინცია უკვე რამდენიმე წელია, რაც დატოვა, ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესმენები დღესაც აღტაცებული არიან მისი ლიბერალური მიდგომებით“, - წერს ერთ-ერთი სინოლოგი. სათათბიროს საბჭოს ხელმძღვანელი განსაკუთრებულ როლს თამაშობს პარტიისთვის „სენსიტიური“ - ტაივანის, ტიბეტის და ეთნიკური უმცირესობების - საკითხთა მართვაში.
ვანგ ხუნინგი
„წარმოიდგინეთ ბიუროკრატი, რომელიც ერთდროულად იყო ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპის მრჩეველი“, - ასე ახასიათებს ჩინეთის ერთი მკვლევარი 67 წლის ვანგ ხუნინგს. ვანგი კომპარტიაში მარქსიზმის წამყვან თეორეტიკოსად მიიჩნევა. ის ჩინეთის სამი ლიდერის - ძიანგ წემინის, ხუ ძინთაოს და სი ძინფინგის მთავარ იდეოლოგად მსახურობდა. მას ცენტრალური კომიტეტის კვლევით ინსტიტუტში ორ ათწლეულზე მეტი აქვს გატარებული, მათ შორის ბოლო 15 - ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
„წარმატების მისაღწევად თეორიით უკეთ უნდა შევიარაღდეთ, განვავითაროთ ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები - ჩინური ელფერით“, - განაცხადა სი ძინფინგმა პარტიის დელეგატების მიმართ ერთ-ერთ სიტყვაში. ვანგ ხუნინგი „წითელი პრინცის“ იდეოლოგიური საყრდენის პოსტს სავარაუდოდ კიდევ ხუთი წლით დაიკავებს.
ჭაო ლეძი
სი ძინფინგის მმართველობაში მოსვლის შემდეგ ჭაო ლეძი კომპარტიის ორგანიზაციული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, რომელიც ჩინეთის მრავალმილიონიან ბიუროკრატიაში საკადრო პოლიტიკას განაგებს. დეპარტამენტის უფროსად ყოფნის დროს ჭაოს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სის ბავშვობის მეგობართან და „მარჯვენა ხელთან“ - ვანგ ციშანთან - რომელიც სი ძინფინგის „ანტიკორუფციულ წმენდას“ ხელმძღვანელობდა. „ანტიკორუფციულმა ტალღა“, რომელიც სის მმართველობის პირველ ვადაში მძვინვარებდა, მილიონ ოთხასი ათასამდე ჩინოვნიკს შეეხო. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჭაოს აღმასვლას ხელი შეუწყო სის მიმართ პერსონალურმა ერთგულებამ და ადმინისტრაციულმა გამოცდილებამ.
ხან ჭენგი
68 წლის ხან ჭენგი ჩინეთის ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს. ხანმა ეფექტური მენეჯერის რეპუტაცია შანხაის კომპარტიის ლიდერობის დროს მოიპოვა. მისი კარიერული სტარტი მარტივი არ ყოფილა - ხანის წინამორბედს საპენსიო ფონდის გაფლანგვის გამო თვრამეტი წელი მიუსაჯეს. ხანის მთავარ მიღწევას, ექსპერტების აზრით, შანხაის - ჩინეთის საფინანსო დედაქალაქის - ურბანული განვითარებაა. ხანის მმართველობის დროს შანხაის პორტი მსოფლიოში (ტვირთების მოცულობით) ყველაზე მსხვილი გახდა, შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა და ქალაქში დასავლურმა ინვესტიციებმა დაიწყო შემოდინება. „ხანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მაგნატებმა პეკინში პარტიის ლიდერები არ გააღიზიანონ, ის ყველაფერს მოიმოქმედებს ზემდგომების სიმპათიის მოსაპოვებლად“, - ასე ახასიათებს შანხაის პარტიულ ბოსს ერთ-ერთი ჩინოვნიკი. ჩინეთის მთავარ მეგაპოლისში წარმატებული მოსწრების გამო ხანი სი ძინფინგმა კიდევ ერთი ეკონომიკური გიგანტის - ჰონგ-კონგის - კურატორად შეარჩია. ხანი კურირებს კიდევ ერთი თვითმმართველი ტერიტორიის - მაკაოს - კონტინენტურ ჩინეთში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
ვის ვიხილავთ ახალი პოლიტბიუროში?
კომიტეტის დაუწერელი კანონის თანახმად, თუ პარტიის ყრილობის მომენტში პოლიტბიუროს წევრის ასაკი 67 წელს აჭარბებს, მან პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ წესის მიხედვით, პარტიის მესაჭეობაზე უარის თქმა სამ მოქმედ წევრს - ლი ჭანშუს (72), ხან ჭენგს (68) და თავად სის (69) უწევთ. თუმცა, მეოცე ყრილობაზე სი ძინფინგის პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას არავინ არ ელოდება.
ჩინეთის პრეზიდენტმა უკვე მრავალგზის დაამტკიცა, რომ ძალაუფლების კიბეზე აღმასვლის გზაზე დამკვიდრებული კონვენციების რღვევას არ მოერიდება. სიმ ხელისუფლების გადაცემის არსებულ მოდელს გადაუსვა ხაზი, როცა პირველი ვადის დასრულების შემდეგ პოტენციური მემკვიდრე არ წარადგინა. მაშინ, როცა თავად სი უმაღლესი თანამდებობისთვის სწორედ მისი წინამორბედის მეორე ვადის დროს გამოარჩიეს. 2018 წელს სის ინიციატივით ჩინეთის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რამაც მოსალოდნელ მემკვიდრეზე მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა. პარტიის ლიდერმა თავჯმდომარეობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა და ამით საკუთარ თავს თანამდებობის მესამე ვადით შენარჩუნებისკენ გზა გაუხსნა.
თუმცა, მოსალოდნელია რომ ასაკობრივ შეზღუდვას პოლიტბიუროს რამდენიმე მხცოვანი თავს ვერ დააღწევს (ლი ჭანშუ, ხან ჭენგი, შესაძლოა ლი კეციანგიც), რაც კომპარტიის ქვედა ეშელონების რამდენიმე წარმომადგენელს აღმასვლის შანსს აძლევს.
ვის ვიხილავთ მუდმივი კომიტეტის ახალ შემადგენლობაში? ყრილობის მოსამზადებელი პროცესი უკიდურესად დახურულია და პოტენციური კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენზურა მკაცრად აკონტროლებს. თუმცა, პოლიტიკური ბიოგრაფიის და სისთან პირადი კავშირების გათვალისწინებით, ჩინეთის მკვლევრები რამდენიმე კანდიდატზე ამახვილებენ ყურადღებას.
ჩენ მინერი
62 წლის ჩენ მინერი პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში არჩევის ერთ-ერთ პრეტენდენტად მოიაზრება. ჩენი, რომელიც პრეზიდენტის პერსონალურ პროტეჟედ მიიჩნევა, სი ძინფინგს მის მშობლიურ ჭეძიანგის პროვინციაში მუშაობის დროს დაუახლოვდა. ჩენმა მუშაობა ქალაქ შაოსინგში, სკოლების პროპაგანდის განყოფილებაში გააგრძელა და პარტიის ადგილობრივ უჯრედში პოზიცია გაიძლიერა. 2001 წელს, როცა სი ჭეძიანგის პროვინციაში პარტიის თავმჯდომარე გახდა, ჩენი პროპაგანდის მიმართულების შეფად გადაიყვანეს. 2012 წლის შემდეგ უზენაეს ლიდერთან ძველი კავშირები ჩენისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. 2015 წელს ის გუიჭოუს პროვინციაში პარტიის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 2017 წელს უკვე ნდობით აღჭურვილი ჩენი ქალაქ Chonqing-ში გადაჰყავთ. Chonqing-ში გადასვლას ჩენისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც 2014 წლამდე ქალაქს სის ყოფილი კონკურენტი, ბო სილაი განაგებდა. სულ მალე ჩენმა ქალაქის „ბო სილაის მავნე მემკვიდრეობისგან“ გაწმენდილად გამოაცხადა.
ხუ ჩუნხუა
ვიცე-პრემიერი ხუ ჩუნხუა პოლიტბიუროს მოქმედ შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა წევრია (59 წლის). მზარდი პოლიტიკური ამბიციების პოლიტიკოსს ხშირად „პატარა ხუს“ სახელით მოიხსენიებენ - ხუ ძინთაოს მსგავსად, კომუნისტურ პარტიის კარიერულ კიბეებზე აღმასვლა მანაც ახალგაზრდული ლიგიდან დაიწყო და ტიბეტში თითქმის ორი ათეული წელი დაჰყო.
ხუ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ, ხუბეის პროვინციაში დაიბადა. 1983 წელს პეკინის უნივერსიტეტის - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის - დასრულების შემდეგ მან პარტიის ცენტრალურ ორგანოებში მუშაობაზე უარი თქვა და ტიბეტში გაემგზავრა. „საკუთარი უნარების სრულად რეალიზება იქ შეგვიძლია, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ“, - მიიჩნევდა ახალგაზრდა კომუნისტი.
1987 წელს ხუ ტიბეტის კომპარტიის ახალგაზრდული ლიგის ვიცე-მდივნად აირჩიეს. კომპარტიისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო რეგიონში წარგზავნილმა ხუმ ტიბეტური ენა შეისწავლა და სეპარატისტული მოძრაობების შევიწროებას მიჰყო ხელი.
2006 წელს უფროსმა ხუმ ის ეროვნულ ახალგაზრდულ ლიგაში გადაიყვანა. კომპარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელშიც 73 მილიონამდე ჩინელია გაერთიანებული, ხუ ძინთაოს მთავარ დასაყრდენად და მომავალი კადრების სამჭედლოდ მიიჩნეოდა.
მალე, 45 წლის ასაკში, ხუ ხებეის პროვინციის მმართველად დაინიშნა და ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი გახდა. მის რეპუტაციას ჩრდილი 2008 წელს, ე. წ. რძის სკანდალის დროს მიადგა, ბავშვებისთვის განკუთვნილი რძის ფორმულაში მავნე ნივთიერება აღმოაჩინეს. რძის მწარმოებელი კომპანია ხებეის პროვინციის დედაქალაქში მდებარეობდა. სკანდალი პოლიტიკურად სენსიტიურ დროს გასკდა, როცა ჩინეთი ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობდა. თუმცა, ხუმ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება მოახერხა და შიდა მონღოლეთის პროვინციაში პარტიის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა.
2012 წელს ხუმ სამხრეთ ჩინეთის ეკონომიკური ცენტრის, გუანგდონგის პროვინციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ამავე წელს, პარტიის მე-18 კონგრესზე, ხუ პოლიტბიუროს შემადგენლობაში აირჩიეს. 2018 წელს, უკვე გამოცდილი ბიუროკრატი სიმ ოთხიდან ერთ-ერთ ვიცე-პრემიერად დანიშნა, რომელსაც სიღარიბესთან ბრძოლა და სოფლის მეურნეობის სექტორის აღორძინება დაევალა. პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ხუს შეყვანა ეფექტიანი და პოლიტიკურად მოქნილი ბიუროკრატის დაწინაურებას ნიშნავს, რომელიც თანამდებობაზე დარჩენას კიდევ ორი ვადით შეძლებს.
ლი სი
66 წლის ლი სი ჩინეთის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რეგიონში, გუანგდონგში პარტიის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ლის სი ძინფინგთან მჭიდრო ურთიერთობა არ აკავშირებს, პრეზიდენტის ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევა და მუდმივი კომიტეტის წევრობის ერთ-ერთ ყველაზე წონიან პრეტენდენტად მოიაზრება.
„ლი ყველა საკითხში ღრმადაა ჩახედული“, - ასე შეაფასა სი ძინფინგმა პროვინციის ლიდერის საქმიანობა წელს გუანგდონგის ყრილობის დროს მიმართვაში. ორი სის გზა 2007 წელს გადაიკვეთა, როცა ლი სი შაანსის პროვინციაში, ქალაქ იანანის პარტიულ შეფად მუშაობდა. ჩინეთის მომავალმა ლიდერმა შვიდი წელი შრომის ბანაკში სწორედ შაანსის პროვინციაში გაატარა. სი ხშირად ახსენებს, რომ შაანსის ერთ-ერთ სოფელში გატარებულმა წლებმა მის პიროვნულ ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
2011 წელს, ცინღუას უნივერსიტეტის (სის ალმა მატრეი) დასრულების შემდეგ ლი სი შანხაიში მუნიციპალური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ, წარმატებული ბიუროკრატი პარტიის ვიცე-მდივნად გადაიყვანეს. 2018 წელს ლი სიმ გუანგდონგის შეფობა ჩაიბარა, როცა ხუ ჭუნხუამ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ამჟამად ლი სამხრეთ ჩინეთის ეკონომიკური ზონის ერთ-ერთ კურატორად ითვლება და რეგიონში ორი ავტონომიური ერთეულის - ჰონგ-კონგის და მაკაოს - ინტეგრაციას ხელმძღვანელობს.
დინგ სუესიანგი
ყველგან, სადაც არის სი, არის დინგ სუესიანგიც. სი ძინფინგის აპარატის ხელმძღვანელის სახელი საზოგადოების მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა, სწორედ დინგი ადგენს ჩინეთის ლიდერის დღის წესრიგს. 60 წლის დინგს საინჟინრო-ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. 1999 წელს, შანხაის მასალათა კვლევის ინსტიტუტში გატარებული თოთხმეტი წლის შემდეგ, დინგმა სამოქალაქო ბიუროკრატიაში გადაინაცვლა და შანხაის მუნიციპალიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კომისიას ჩაუდგა სათავეში. 2007 წელს, როცა სი ძინფინგი ჭეძიანგიდან ცოტა ხნით შანხაიში გადაიყვანეს, დინგი მომავალ ლიდერთან ერთად ქალაქის ფინანსური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდა. 2012 წელს, როცა სი ძინფინგი უმაღლეს თანამდებობას დაეუფლა, დინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც ის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნობასაც უთავსებს. ცენტრალური კომიტეტის გენერალური სამდივნო პარტიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად მიიჩნევა, რაც დინგს შიდაპარტიულ საქმეებში მნიშვნელოვან წონას აძლევს. თუმცა, დინგს საჯარო ასპარეზზე მოქმედების მცირე გამოცდილება აქვს და იშვიათი გამონაკლისების გარდა ოფიციალურ შეხვედრებსაც არ მართავს - 2018 წელს მან ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსს, ანტონ ვაინოს უმასპინძლა.
ცაი ცი
66 წლის ცაი იმ რამდენიმე მოქმედ მაღალჩინოსანს შორისაა, ვისაც სი ძინფინგთან ერთად ფუძიანის და ჭეძიანგის პროვინციებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 1997 წელს, როცა სი ფუძიანში პარტიის შეფის მოადგილის პოსტს ითავსებდა, ცაი პატარა ქალაქ სიამინგის მერად დაინიშნა. 1999-ში ცაი ჭეძიანგის პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც - სის ზედამხედველობის ქვეშ - გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას მიაღწია. თუმცა, ცაის რეალური კარიერული აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სიმ პარტიის სადავეები მოიპოვა. 2014 წელს ცაი ეროვნული უშიშროების კომისიის სამდივნოში მოადგილედ გადაჰყავთ. ეს ორგანო, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები, სის პერსონალურ კონტროლზე ჰყავს.
მოგვიანებით, სის პროტეჟე მინისტრის რანგში აამაღლეს, 2016 წელს კი ცაი პეკინის მერად დაინიშნა, რასაც პოლიტბიუროში ადგილის დაბევებაც მოჰყვა. ცაი მმართველობის ხისტი მიდგომითაა ცნობილი. მის სახელს უკავშირდება რეგულაცია, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად პეკინის მოსახლეობის 23 მილიონიან ნიშნულამდე შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამისთვის ცაიმ პეკინში პროვინციებიდან ჩამოსული მიგრანტების დევნა დაიწყო და „არალეგალური საცხოვრებლებიდან“ მილიონობით ჩამოსულის გაძევება ბრძანა.
მკაცრი მეთოდების მიუხედავად, ცაი პოლიტიკურ რეპუტაციას დიდ ყურადღებას აქცევს. ცაიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტენცენტზე (ტვიტერის ჩინური ანალოგი), სადაც მის ანგარიშს ათ მილიონამდე გამომწერი ჰყავდა, საკუთარ „პოსტებს“ თავად წერდა. ცაი ხშირად საჯაროდ ეხმაურებოდა ისეთ საკითხებს, რომლებსაც სხვა მაღალჩინოსნები ტაბუდადებულად მიიჩნევენ. 2011 წელს ჩინეთში მარკ ზაკერბერგის ვიზიტის დროს ცაიმ განაცხადა, რომ ჩინეთში ფეისბუქზე და სოციალური მედიის სხვა საშუალებებზე წვდომის შეზღუდვა „სამარცხვინოდ“ მიაჩნდა.
მე-20 ყრილობის პოლიტბიურო - უკან წარსულში
რა გავლენას მოახდენს პოლიტბიუროს შემადგენლობის ცვლილება ჭონანხაის (პარტიის მთავარი ოფისი) სხვადასხვა დაჯგუფებასა და ჩინეთის პოლიტიკურ მომავალზე? დენგის რეფორმის შემდეგ, რომელმაც კომპარტიის უმაღლეს ეშელონებში ასაკობრივი როტაცია დაამკვიდრა, ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების ცვლილების არადემოკრატიული და ირიბი, მაგრამ თანმიმდევრული მექანიზმი გაჩნდა. პოლიტბიურომ, როგორც გაფართოებული, ისე მცირე შემადგენლობით, ლიდერის დამაბალანსებელი ფუნქცია შეიძინა, სადაც თავს განსხვავებული ინტერესების და იდეოლოგიური სულისკვეთების ჩინოსნები იყრიდნენ თავს.
2007 წელს, პარტიის მე-17 ყრილობამდე რამდენიმე თვით ადრე, სი ძინფინგი პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრად აირჩიეს. მაშინ, არსებობის ისტორიაში პირველად, პოლიტბიუროს კანდიდატების დასახელების უფლება ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრს მისცეს. ხუთი წლის შემდეგ, როცა დელეგატები კომპარტიის უმაღლესი მესვეურების დასამტკიცებლად კვლავ შეიკრიბნენ, ცენტრალური კომიტეტის წევრებს უკვე მუდმივი კომიტეტის კანდიდატების წამოყენების ნება დართეს.
სწორედ ამ, მე-18 ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის თავმჯდომარედ სი ძინფინგი. თუმცა, პოლიტბიუროს დაკომპლექტების „ინკლუზიური“ მეთოდი ახალი ლიდერის ავტოკრატიულ მისწრაფებებთან ცუდად თავსდებოდა. „წითელი პრინცი“ მიიჩნევდა, რომ ამ გზით პარტიის უმაღლეს ეშელონებში „არაეფექტიანი“ და „არალოიალური“ ჩინოვნიკები შეიძლება აღმოჩენილიყვნენ. 2017 წელს, როცა პოლიტბიუროს ხელახალი გადახალისების დრო დადგა, სიმ თამაშის წესები კვლავ შეცვალა.
სხვადასხვა ცნობით, პარტიის ლიდერმა მე-19 ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწინაურების პოტენციურ კანდიდატებთან პირისპირ შეხვედრების გამართვა დაიწყო. პარტიული „ქასთინგის“ პროცესში სი ჯამში 57 გადამდგარ და მოქმედ ჩინოვნიკს შეხვდა. სის ნდობით აღჭურვილი სხვა ლიდერებმა მინისტრობის და გენერლობის კიდევ 258 „კანდიდატს“ მოუსმინეს. შედეგად, პოლიტბიუროს ახალი შემადგენლობა, არაფორმალურად, ყრილობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შერჩეული და დამტკიცებული იყო. პარტიის ამბიციურ წევრებს, რომლებიც კარიერულ აღმასვლას სისგან დამოუკიდებლად აპირებდნენ, ცუდი დღე დაუდგათ. სამ მაღალჩინოსანს - მუდმივი კომიტეტის და პოლიტბიუროს ყოფილ წევრებს და ხუ ძინთაოს აპარატის ყოფილ უფროსს - ცენტრალური კომიტეტის წევრების მოსყიდვაში დასდეს ბრალი და რამდენიმე ათეული წელი მიუსაჯეს.
მაო ძედუნიდან დაწყებული ციკლი სრულდება - ჩინეთში ძალაუფლების წყარო კვლავ ერთ ადამიანამდე დაიყვანება, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტოზე პირდაპირი და უსაზღვრო კონტროლი აქვს.