-

 

მსოფლიოში ინტერნეტის გავრცელების პარალელურად, ყოველდღე არნახული რაოდენობის ინფორმაცია იქმნება და ინახება. საშუალო გამოთვლით, ყოველდღიურად, დაახლოებით 2.5 კვინტილიონი ბაიტი ინფორმაცია იწარმოება. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, კაცობრიობამ შექმნა და შეინახა იმდენივე ინფორმაცია, რაც მანამდე, მთელი ისტორიის განმავლობაში. 

ინფორმაციის შექმნის და გავრცელების ასეთი სისწრაფის ფონზე, სახეზე გვაქვს ერთგვარი დაბნეულობა და "სუსტი წერტილების" გამოააშკარავება, რაც ამ პროცესს ახლავს თავს. ადამიანების დიდი ნაწილი მოწყვლადია ყალბი ინფორმაციისა და გამოგონილი ტყუილების წინაშე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ადამიანების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, მოტყუება გამოცდილი პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური ლიდერები თუ მმართველები. ამ თვალსაზრისით, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა.

თუმცა, შეცდომაა იქნება იმ მოსაზრების დაშვება, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ თანამედროვე სამყაროს გამოწვევად მივიჩნიოთ, ვინაიდან, მას ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია და კაცობრიობის არსებობის ყველა ეტაპზე, სხვადასხვა მმართველობის პირობებში, აქტიურად გამოიყენებოდა, კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

ამიტომ, კარგი იქნება, თუკი ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებთ, რომელიც დეზინფორმაციის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის განვითარებას ეხება. 

ფარაონის დეზინფორმაციული კამპანია

ძვ. წ. 1274 წელს, ქალაქ კადეშის [დღევანდელი სირია] ხელახალი დაბრუნების მიზნით, ეგვიპტის ფარაონ რამზესსა და ხეთებს შორის ბრძოლა გაიმართა. საწყის ეტაპზე, ფარაონმა ქალაქი დაიბრუნა, თუმცა, ჯაშუშების ყალბი ცნობების გავრცელებით ფარაონმა დაიჯერა, რომ ხეთები მათი ბანაკებისგანს შორს იყვნენ, რის შემდეგაც, ჩასაფრებული ხეთები მოულოდნელად თავს ესხმიან ფარაონს. რომ არა ეგვიპტური დამხმარე რაზმების დროული გამოჩენა, რამზესი ბრძოლას წააგებდა.

კადეშის ბრძოლის შემდეგ, რამზესის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი მისი რეპუტაცია გახდა. ფარაონს ბრძოლის შესახებ ნამდვილი ცნობების გავრცელების ეშინოდა. მისი ბრძანებით, მთელი ეგვიპტის მასშტაბით, ყველა ტაძარში დახატეს სურათები, სადაც, ის ხეთების არმიას მარტო ამარცხებდა. სინამდვილეში კი, რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შემდეგ ომი დაზავებითა და ხეთების მეფის უფროსი ქალიშვილის ცოლად შერთვით დამთავრდა.

ფარაონ რამზესის ეს ისტორია ერთ-ერთ ყველაზე ძველ დეზინფორმაციულ კამპანიად მიიჩნევა. დეზინფორმაცია პოლიტიკური ან კომერციული უპირატესობის მოსაპოვებლად ყალბი ამბებისა და ცნობების გავრცელებას გულისხმობს. ამ მეთოდს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მმართველები, ადამიანთა ჯგუფები თუ რელიგიური ორგანიზაციები მიმართავდნენ.

დეზინფორმაცია - პოლიტიკური ბრძოლის იარაღი რომში

„მუდამ მთვრალი, მოარშიყე, მექალთანე რომაელი ჯარისკაცი, რომელიც გზას ასცდა და არ შესწევს მართვის უნარი. მისი სასიყვარულო ურთიერთობები კლეოპატრასთან სახიფათოა რომისთვის“ - იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ოქტავიანე ავგუსტუსმა დეზინფორმაციული კამპანია მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ წამოიწყო.

ოქტავიანე თავისი მეტოქის გაშავებით საზოგადოების და რომაელი სენატორების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობა. იგი თავს ყველაფერი რომაულის დამცველად წარმოაჩენდა, ხოლო ანტონიუსს - ყველაფერი უცხოს, ბარბაროსულისა და უკულტუროს. ოქტავიანემ იცოდა, რომ ანტონიუსი სენატორებსა და არმიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და საჭირო იყო მისი რეპუტაციის შებღალვა. ძვ.წ. 31 წელს, აქციუმის საზღვაო ბრძოლაში, ოქტავიანემ ანტონიუსი დამაჯერებლად დაამარცხა და გზა გაუხსნა პირველ იმპერატორს, რომელმაც 40 წელი იბატონა.

"სისხლისმსმელი ებრაელები"

შუა საუკუნეებში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაბატონებული რელიგიური ორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს სხვადასხვა კონფესიებისა და ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. 1475 წლის აღდგომაზე, იტალიის ქალაქ ტრენტში წლინახევრის სიმონინო დაიკარგა. ადგილობრივმა ფრანცისკანელმა მქადაგებელმა მიზანმიმართულად ყალბი ცნობების გავრცელება დაიწყო.

მღვდელი ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ადგილობრივმა ებრაულმა თემმა გაიტაცა და მოკლა, ხოლო მისი სისხლი დღესასწაულის რიტუალისთვის გამოიყენეს. ჭორი ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა, რასაც ტრენტის მმრთველი-ეპისკოპოსის, ჯონას ჰინდერბახისგან მთლიანი ებრაული თემის დაპატიმრება მოჰყვა. მოგვიანებით ებრაელები დამნაშავედ ცნეს და თხუთმეტივე მათგანი ცოცხლად დაწვეს. ეს ანტი-სემიტური მიზანმიმართული დეზინფორმაციის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა.

კარლ გუტენბერგის მიერ საბეჭდი მანქანის გამოგონებით დეზინფორმაციულმა კამპანიებმა, ყალბი ცნობების და ამბების გავრცელებამ სრულიად არნახული მასშტაბები შეიძინა. ყალბი ამბების დაბეჭდვისა და გავრცელების სისწრაფეს პრაქტიკულად ვეღარაფერი აჩერებდა.

რელიგიური ორგანიზაციები მათი სწავლებების გავრცელებასა და პოზიციების განმტკიცებისთვის ხშირად მიმართავდნენ დეზინფორმაციულ კამპანიებს. 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო. ეკლესიის მსახურების მხრიდან არ წყდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ცოდვილების ღვთიურ სასჯელს წარმოადგენდა.

ამ მოვლენებმა განმანათლებლობის ეპოქის უდიდეს წარმომადგენელს, ვოლტერს, უბიძგა დაეწყო ბრძოლა ბუნებრივი კატაკლიზმებისა რელიგიური ახსნების წინააღმდეგ.

დეზინფორმაცია და კომერციული სარგებელი

დეზინფორმაციულ კამპანიებს ყოველთვის პოლიტიკური მოტივები არ ჰქონიათ, დროდადრო მათ კომერციული მიზნებიც შეიძინეს. გაზეთ „New York Sun”-ის მიერ 1835 წელს გამოქვეყნებულ ნომერში თქვენ ნახავდით გიგანტური ზომის ადამიან-ღამურებს, რომლებიც ხილით იკვებებოდნენ, თხების მაგვარ ლურჯკანიან არსებებს და საფირის ქვებით მოწყობილი გამოქვაბულების ილუსტრაციებს. გაზეთი ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაფერი ბრიტანელ ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა, მთვარეზე ტელესკოპით დაკვირვების შემდეგ დაინახა. ეს ნომერი იმ დონეზე გახდა პოპულარული, რომ დაახლოებით 19,000 ეგზემპლარამდე გაიყიდა, რითაც კონკურენტ გაზეთ “Times” აჯობა და ყველაზე გაყიდვადი გაზეთი გახდა.

აშშ-სა და ესპანეთის ომის პროპაგანდა

ამის მიუხედავად, ყველაზე ხშირად, დეზინფორმაციულ კამპანიებს ისტორიის განმავლობაში უმთავრესად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მიმართავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც დეზინფორმაციული კამპანიების მიზანი ქვეყნების ომებში ჩათრევა, დომინაციის განმტკიცება თუ მტრის ხატების შექმნა იყო. 1898 წელს, აშშ-ს სამხედრო ხომალდი სახელწოდებით “USS Maine” კუბასთან ჩაიძირა. ზოგიერთმა გაზეთმა ინციდენტში ესპანეთი დაადანაშაულა და სანდოობის გასაზრდელად, დრამატულ ილუსტრაციებსაც მიმართა. ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორებმა დიდი გავლენა მოახდინა რიგით ამერიკელ მკითხველზე და რამდენიმე წლის თავზე, ესპანეთი-ამერიკის ომიც დაიწყო.

რუსული დეზინფორმაციის საწყისები საქართველოში

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მე-19 საუკუნიდან იწყებს ათვლას. ერთ-ერთი ცნობილი, მიზანმიმართული კამპანია რუსეთის სამეფომ დარეჯან დედოფლის წინააღმდეგ აწარმოვა. ჭორებმა, რომ თითქოს დედოფალს ოსეფა ყორღანაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საინტერესოა ის, რომ ეს ჭორები სათავეს გიორგი XII გამეფების შემდგომ პერიოდს ემთხვევა და სავარაუდოდ, ტახტის მემკვიდრის თემას უკავშირდება.

დეზინფორმაციულ კამპანიას მეორე მიმართულებაც ჰქონდა, სადაც, რუსეთის სამეფოს სჭირდებოდა არგუმენტირებული ნარატივი იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს სამეფოს გაუქმებას ლოგიკური მიზეზები ჰქონდა - ალექსანდრე პირველის მიერ მანიფესტში იმაზე ხაზგასმა, რომ საქართველოს სამეფო იმდენად სუსტი და უსუსური იყო, რომ რუსეთის სამეფოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ამ მოსაზრების კიდევ უფრო გასამყარებლად, იმპერატორმა თბილისში კავკასიის ხაზის გენერალი კნორინგი გამოგზავნა, რომელსაც ადგილზე უნდა შეეფასებინა ვითარება. 1801 წელს კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა და მიზეზად, დედოფალ დარეჯანსა და გიორგი XII-ეს შვილის, დავითს შორის ტახტისთვის პაექრობა დასახელდა.

აქტიური ზომები

 

თანამედროვე მსოფლიოში დეზინფორმაციის სათავეების ძიებას რუსეთთან მივყავართ. ერთი ვერსიით, თავად ტერმინი „დეზინფორმაციაც“ რუსული дезинформация-ს სიტყვასიტყვით თარგმანია. ამ სახელს 1950-ან წლებში „კაგებეს“ ერთ-ერთი უწყება ატარებდა, რომელიც პროპაგანდის გავრცელებით იყო დაკავებული.

საბჭოთა სპეცსამსახურები დეზინფორმაციას ე. წ. „აქტიური ზომების“ სახელით ცნობილი ტაქტიკის ნაწილად მიიჩნევდნენ. აქტიური ზომების მიზანი საბჭოთა კავშირის მეტოქე „კაპიტალისტური ბანაკის“ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაცია იყო, რისთვისაც დეზინფორმაციისა და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიის გავრცელებას მიმართავდნენ. თანამედროვე რუსეთში საბჭოთა „კაგებეს“ მიერ დამკვიდრებულმა პრაქტიკამ ახალ სიმაღლეს მიაღწია.

კრემლის წარმოებული და მხარდაჭერილი დეზინფორმაციის კამპანიების გეოგრაფია დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეს მოიცავს და ერთი კონკრეტული საკითხის ან მოვლენის შესახებ საინფორმაციო მანიპულაციით არ შემოისაზღვრება. რუსული დეზინფორმაციას კვალს ვპოულობთ 2016 წელს ამერიკის საარჩევნო კამპანიაში, როცა კრემლმა მიზნად მისთვის არასასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაციას შეუწყო ხელი.

სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის აქტიურმა ტალღამ, რომლის უკან კრემლის მიერ მართული ორი მსხვილი მედია კონგლომერატი - RT და „სპუტნიკი“ - იდგნენ, გავლენა მოახდინა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმზე.

დეზინფორმაციის გავრცელება ხშირად სამიზნე ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური ვითარების გამწვავებას ემთხვევა - ასეთი აღმოჩნდა მიგრანტების კრიზისი გერმანიაში, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ესპანეთში, ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევება იტალიაში. ყალბი ამბებით მანიპულირებას, როგორც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის იარაღს, ბევრი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორი მიმართავს.

თუმცა, რუსული დეზინფორმაციის განსაკუთრებული ეფექტიანობის მიზეზი მის საკომუნიკაციო სტრატეგიაშია. დეზინფორმაციის გასავრცელებლად კრემლი არ იყენებს ერთ კონკრეტულ მედია პლატფორმას. არც დეზინფორმაციის გზავნილებია მსგავსი.

ამას რუსული დეზინფორმაციის წარმატებით გასავრცელებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა პლატფორმებისა და ნარატივების გამოყენებით კრემლს საშუალება აქვს, ერთსა და იმავე მოვლენაზე განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელოს.

გავრცელებული ამბები ხშირად სიყალბეს სხვადასხვა დოზით შეიცავს, რაც მათ შემქმნელებს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიქციონ. ისეც ხდება, რომ კრემლის მიერ მართულმა ერთმა მედია-საშუალებამ სხვა პრო-რუსული [თუმცა არა პირდაპირ მართული] პლატფორმები გამოიყენოს იმავე დეზინფორმაციის გადასავრცელებლად, რითაც მოცემული მცდარი ნარატივი მედია-ველში ფეხს იკიდებს და სხვა, არა-კრემლისტური მედიების ინტერესის ობიექტი ხდება. ამას, მედიის მულტიპლიკატორულ ეფექტს უწოდებენ.

მაგალითისთვის, ავიღოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი. მაშინ როცა კრემლის ოფიციალური წყაროები რუსული წარმოების ვაქცინით სწრაფი და საყოველთაო აცრის მეხოტბეები არიან, კრემლთან დაახლოებული მრავალი მედია-საშუალება ანტი-ვაქსერული ხედვების გაშუქებითაა დაკავებული, და ეთერს დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ვაქცინის სკეპტიკოსების ნარატივს უთმობს.

ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ფორმისა და ოდენობის დეზინფორმაციის გავრცელებით კრემლი საინფორმაციო ველში „წყლის ამღვრევითაა“ დაკავებული, რაც ყალბი ამბის მართლისგან გარჩევას ხშირად შეუძლებელს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბურობასა და სიხშირეს უკავშირდება.

“ტროლების ქარხნის“ სახელით ცნობილი რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც სოციალურ ქსელებში შექმნილი ასეულ ათასობით ყალბი ანგარიშის უკან იდგა, დეზინფორმაციის შემცველ ნარატივებს 24-საათიანი ინტენსივობით ავრცელებდა. მრავალჯერადი გამეორების გამო სოციალური ქსელის ჩვეულებრივი მომხმარებელი მის საინფორმაციო ველში უფრო და უფრო ხშირად აწყდება მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციას - და სულ უფრო ნაკლებად შეაქვს მასში ეჭვი.

რუსული დეზინფორმაციის ბუნებრივ მოკავშირედ გვევლინება ე. წ. „პოსტსიმართლის“ ეპოქა. „პოსტსიმართლის“ ხანაში ობიექტურ რეალობას ფაქტები არ განსაზღვრავენ, ყველაფერი დამკვირვებლის ინტერპრეტაციასა და მის წინასწარგანწყობაზეა დამოკიდებული. „ობიექტური აღქმა არ არსებობს“, - ამტკიცებს რუსული სამთავრობო მედია RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ჭეშმარიტებას მხოლოდ ვუახლოვდებით, რაც ამბის ან მოვლენის მხოლოდ ბევრი განსხვავებული ინტერპრეტაციის გაშუქებითაა შესაძლებელიო.

დეზინფორმაცია კომფორტულად ეწერება ჟურნალისტიკის ამგვარ პარადიგმაში - ყალბი ამბავი ჭეშმარიტის ლეგიტიმური კონკურენტია, შესაბამისად მას საზოგადოებრივ დისკურსში არსებობის უფლება აქვს.

თანამედროვე რუსეთში დეზინფორმაციის გამავრცელებლად მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სუბიექტები გვევლინებიან. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ავტორები შემდეგ კლასიფიკაციას გვთავაზობენ:

1) Ხალხი VS ელიტები - ეს ნარატივი ძირითადად ეფუძნება იდეას, რომ “ბოროტი ელიტები” დასცილდნენ “ჩვეულებრივ ხალხს” და მათ საჭიროებებს. Ამგვარი გზავნილებს ხშირად ავრცელებენ პოპულისტებიც და ის განსაკუთრებით ეფექტურია წინასაარჩევნო პერიოდში;

2) საფრთხეში მყოფი ეროვნული ფასეულობები - ამ ქოლგის ქვეშ არსებული დეზინფორმაცია სხვადასხვა საკითხებს ერგება და ხშირად გამოიყენება დასავლეთის პროგრესული ღირებულებების საპირისპიროდ. Ამ მოსაზრების თანახმად სუსტი, დეგრადირების ფაზაში მყოფი დასავლეთი ყოველდღიურად ლპება და იხრწნება ფემინიზმისა და პოლიტკორექტულობისგან, ხოლო რუსეთი ტრადიციული ღირებულებების განსახიერება და უკანასკნელი მცველია;

3) სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე - რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ხშირად იყენებს ამ გზავნილს, რომლის მიხედვითაც, ბევრი დასავლური სახელმწიფო აღარ არის ჭეშმარიტად სუვერენული და ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მარიონეტები არიან. Ამ ნარატივის თანახმად,ნატო და ევროკავშირი აშშ-ს დაქვემდებარებაშია, რომლის არსსაც მილიტარისტული და ბიუროკრატიული მიზნების მიღწევა წარმოადგენს, რა დროსაც, მოქალაქეების აზრის გათვალისწინება არ ხდება;

4) გარდაუვალი კოლაფსი - ევროპის გარდაუვალი განადგურების შესახებ დეზინფორმაციას რუსეთი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მუდმივად ავრცელებდა. Ამ ნარატივის მიხედვით, კრიზისში მყოფი ევროპის კონტინენტი, დიდი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ჯერ არ განადგურებულა, ამგვარი გზავნილები დღემდე აქტიურ რეზონანსს იწვევს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილში;

5) HAHAGANDA - ეს ნარატივი ძირითადად დასავლური ღირებულებების ან დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული აქტუალური საკითხის გაშარჟებას და დაცინვას გულისხმობს. Სსხვადასხვა საკითხს გაშუქებისას, მას შემდეგ რაც არგუმენტები ამოწურულია, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს ტრაგედია დიდ ხუმრობად გადააქციოს;

ეს არის ის ხუთი ძირითადი ჩარჩო, რომლის საფუძველზეც რუსული პროპაგანდა ფუნქციონირებს, თუმცა ცხადია, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მექანიზმები ამით არ ამოიწურება და დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო სახეცვლილი გვევლინება. 

 

მსგავსი სიახლეები